ველბარკის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ველბარკის კულტურა (აღმოსავლეთპომორიე-მაზოვიეცის, „გუთ-გეპიდური“ კულტურა და სხვ.) — I–IV საუკუნეების არქეოლოგიური კულტურა აღმოსავლეთ ევროპაში. კულტურის თანამედროვე გაგება ჩამოაყალიბა პოლონელმა არქეოლოგმა რ. ვოლონგევიჩმა 1970-იან წლებში; სახელი ეწოდება ველბარკის სამარხის მიხედვით. გამოიყოფა ორი ფაზა: ლუბოვიძური (I–II საუკუნეები) — ველბარკის კულტურამ დაიკავა ტერიტორია ვისლის ქვემო დინების გასწვრივ, პოლონეთის პომორიეს ნაწილი და დიდი პოლონეთის ჩრდილოეთი მხარე; ცეცელური (II საუკუნის მეორე ნაწილი – IV საუკუნე) — ვისლის დასავლეთით მდებარე რეგიონები დაიცალა, თუმცა კულტურა გავრცელდა დასავლეთის ბუგისკენ (ჩაანაცვლა ფშევორსკის კულტურის ჯგუფები), პოლესიემდე, დასავლეთ ვოლინამდე, სამხრეთის ბუგამდე. უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე ველბარკის კულტურა ერთ-ერთი კომპონენტია ჩერნიახოვის კულტურის შეკრების პროცესში. ველბარკის კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ოქსივეს კულტურის ჯგუფები, სავარაუდოდ სკანდინავიიდან გადმოსახლებულები და სხვ. სადგომები მიწისზედა და ნახევრად მიწური ნაგებობებითაა წარმოდგენილი. გარდაცვლილებს მარხავდნენ მცირე ზომის ორმოებში, იშვიათად — ურნებში, ადამიანს აწვენდნენ თავით ჩრდილოეთით; დამახასიათებელია იარაღის არჩატანება, კულტურის გავრცელების არეალის ჩრდილოეთ ნაწილში ცნობილია ყორღნები, ქვის კონსტრუქციები. კერამიკისათვის ტიპურია გაპრიალებული და ხორკლიანი ზონებით მორთული დაბალი ჭურჭელი, კვერცხისებრი ქოთნები, ჯამები Х-ისებური სახელურებით. ცნობილია მორთულობების ლოკალური ვარიანტები. კულტურის ტერიტორიის ცვლილებას უკავშირებენ გუთებისა და გეპიდების მიგრაციებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гавритухин И. О. Вельбарская культура // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 67.