ვასილ ჩიტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიტაძე.
ვასილ ჩიტაძე

ვასილ ჩიტაძე (დ. 14 ოქტომბერი, 1901, კიევი — გ. 9 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი მეტალურგი, საქართველოში მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი ფუძემდებელი. გიორგი ნიკოლაძის მოწაფე. გამოჩენილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შიო ჩიტაძის შვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შიო ჩიტაძისა და უსტინა შჩერბანი-ჩიტაძის ოჯახშიმ, კიევში, 1901 წლის 14 ოქტომბერს. მისი მამა, მე-2 სათავადაზნაურო გიმნაზიის ინსპექტორი, 1906 წელს გიმნაზიის შენობაშივე მოკლეს, რის შემდეგაც დედამ თავი მოიკლა და ობლები — ვასილი და მისი ძმა მამიდამ აღზარდა.

გორის სასულიერო სკოლის დამთავრების შემდეგ (1919), ექვთიმე თაყაიშვილის რეკომენდაციით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ვასილ ჩიტაძე სასწავლებლად გააგზავნა ქ. გრენობლში (საფრანგეთი). 1928 წელს დაამთავრა გრენობლის უნივერსიტეტის ელექტრო-ქიმიური და ელექტრო-მეტალურგიული ფაკულტეტები. დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო იქვე, რეიპერის მეტალურგიულ ქარხანაში. საქართველოში დაბრუნდა 1931 წელს, სწორედ იმ დროს, როცა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასაგებად შეიქმნა „საპროექტო ბიურო“ და ქარხნის დასაპროექტებლად მოწვეული იქნა გერმანული ფირმა „სიმენს-ჰალსკე“. ზესტაფონის ქარხნის მშენებლობა დამთავრდა 1933 წელს და სამშობლოში დაბრუნებული დაინიშნა ქარხნის №1 სადნობი საამქროს უფროსად. ვ. ჩიტაძე არის ჭიათურის მაღალხარისხოვანი მანგანუმის გამოყენებით შექმნილი ფეროშენადნობის უნიკალური რეცეპტის ავტორი, მან შესწორება შეიტანა ფირმა „სიმენსის“ მიერ დაპროექტებულ ელექტროღუმელების მუშაობაში, მოაწყო სპეციალური მაცივარი, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფეროშენადნობთა მიღების ტექნოლოგია.

დააპატიმრეს ზესტაფონში, 1937 წლის 29 ივნისს. 1937 წლის 9 ნოემბერს შედგა შინსახკომის „სამეულის სხდომა“, რომელმაც განუსაზღვრა მუხლები 58-1ბ (სამშობლოს ღალატი), 58-7 (ძირგამომთხრელი საქმიანობა), 58-8 (ტერორიზმი), 58-9 (კომუნიკაციების კონტრრევოლუციური მიზნით განადგურება ან დაზიანება), 58-11 (ორგანიზებული მოქმედება ხელისუფლების დასამხობად). ბრალად დასდეს რომ გადაბირებული იყო საფრანგეთში ქართული ნაციონალ-სოციალისტური ემიგრაციის ხელმძღვანელის სპირიდონ კედიას მიერ. სსრკ-ში შემოგზავნილი იყო დივერსიულ-ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად. გახდა კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული, ტერორისტულ-ჯაშუშური და დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის წევრი ფეროშენადნობთა ქარხნაში, სადაც ეწეოდა დივერსიულ საქმიანობას. ინფორმირებული იყო და მიიღო დირექტივა კონტრრევოლუციური ორგანიზაციისგან ტერორის განხორციელების შესახებ. ეწეოდა ჯაშუშურ საქმიანობას გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. ვასილ ჩიტაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია, რაც აღასრულეს 1937 წლის 10 ნოემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]