ვარდკანაფა
ვადკანაფა (Eupatorium) — ბალახოვან მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვს 3-5-ად დაყოფილი ფოთლები და 3-7 ვარდისფერყვავილიანი კალათები, რომლებიც რთულ ფარისებრ-საგველა ყვავილედებად არის შეკრებილი.
შეიცავს 600 (სხვა მონაცემებით 1200) სახეობას. გავრცელებულია ძირითადად ამერიკაში, მხოლოდ რამდენიმე სახეობაა ევრაზიასა და ტროპიკულ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მარტო ერთი სახეობა კანაფურა — E. cannabinum. 50–120 სმ სიმაღლის ბალახია. აქვს მარტივი ან ზედა ნაწილში დატოტვილი ღერო და მოპირისპირედ, იშვიათად ჩხროებად (ღეროს შუა ნაწილში) განლაგებული ფოთლები. მისი ორსქესიანი მოვარდისფრო ყვავილები შეკრებილია პატარა კალათებში, რომლებიც თავმოყრილია კენწრულ ფარისებრ-საგველა ყვავილედში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ტენიან ადგილებში, უმეტესად მდინარის ნაპირებზე, მთის შუა, ზოგჯერ ზედა სარტყლამდეც. იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში, ხალხურ მედიცინაში (წყალმანკის სამკურნალოდ), სამღებრო საქმეში (ღეროსა და ფოთლებისგან ლურჯი და შავი საღებავი მიიღება).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე მ., ვარდკანაფა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.