ვარგუნინის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარგუნინის სახლი
Особняк Варгунина
კოორდინატები 59°56′43″N 30°21′53″E / 59.945247° ჩ. გ. 30.364826° ა. გ. / 59.945247; 30.364826
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი ა. ი. ფონ გოგენი
სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1896-1899
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810682000

ვარგუნინის სახლი (რუს. Особняк Варгунина) — XIX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი. აგებულია ეკლექტიკის არქიტეტურულ სტილში. მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ცენტრალურ რაიონში. მისამართი ფურშტატის ქუჩა, სახლი № 52. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის ფედერალური ობიექტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლის შენობა ააგეს კ. ა. ვარგუნინისათვის, რომელიც ვარგუნინების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ფლობდნენ ნევის საწერი ქაღალდის ფაბრიკას სანქტ-პეტერბურგის მახლობლად. სახლი ააშენეს მართკუთხა მიწის ნაკვეთში, მარჯვენა მხარე ესაზღვრებოდა მეზობელ შენობას. პროექტის ავტორი იყო რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ფონ გოგენი, მაგრამ თავად კ. ა. ვარგუნინმა მიიღო აქტიური მონაწილეობა შენობის დაპროექტებაში.

სახლი ააგეს ეკლექტიკის სტილში, თუმცა გამოყენებულია სხვა სტილის მოტივებიც. კერძოდ, კლასიციზმი (რუსტიკები), ბაროკო (თასები ნიშებში), რენესანსი (მეორე სართულის ფანჯრები), მოდერნი (არასიმეტრიული ფასადი).

სასახლის ფასადის ცენტრი მდებარეობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ორ რიზალიტს შორის. მისი ნათელი არქიტექტურის გამო, ვარგუნინის სახლი ფურშტატის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების საერთო ხაზიდან გამოირჩევა.

თავად კ. ა. ვარგუნინს ამ სახლში არ უცხოვრია. აქ მისი ცოლი და შვილები ცხოვრობდნენ. 1912-1916 წლებში სახლი იჯარით გასცეს. 1916 წელს შენობაში განათავსეს ესპანეთის საელჩო. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახლი გარკვეული წლები მიტოვებული აღმოჩნდა. 1930-1950 წლებში ყოფილ საკუთრებაში ლენინგრადის სტომატოლოგიური ინსტიტუტი, ხოლო ლენინგრადის ბლოკადის დროს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ადგილობრივი ორგანიზაცია იყო განთავსებული. 1963 წლიდან მოყოლებული დღემდე შენობაში ქორწინების № 2 სასახლე ფუნქციონირებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]