ვანთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ვანთის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მდინარე ვანთისხევის მარცხენა ნაპირას.

ეკლესია დარბაზულია. შედგება ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი, სამშენებლო ფენისგან, მათ შორის თავდაპირველი, რომელიც კედლების სიმათლის თითქმის ნახევარს მოიცავს, სავარაუდოდ, განვით შუა საუკუნეებით თარიღდება, დანარჩენი ნაწილი კი გვიანდ, შუა საუკუნეებით. კედლების ძველი ნაწილი ლოდებითაა ნაშენი. ქვები ზომისა და ფორმის მიხედვით, არ არის შერჩეული, რის გამოც მათ შორის მოზრდილი არეები იქმნება, რომლებიც წვრილი, რიყის ქვით და დუღაბის სქელი ფენითაა შევსებული. რიყის მომცრო ქვითაა ნაშენი კედლების ზედა ნაწილები. წყობა ქაოსურია. კუთხეების წყობაში, შიგადაშიგ, შირიმის ქვებიცაა გამოყენებული. შიგნით კედლები შელესილია.

ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარს პარალელური წირთხლები აქვს, გადახურულია თარაზულად. ეკლესიის დარბაზი კვადრატულია. აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა, ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ცენტრში მაღალი, შიგნიდან სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს, მცირე ზომის, თითო, სწორკუთხა ნიშაა. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც, რომელიც აფსიდის თაღს და დასავლეთ კედლის მიმდებარე, საბჯენ თაღს ეყრდნობა. ეს უკანასკნელი კი კუთხის პილასტრებს. ორივე თაღის ქუსლებთან მარტივი პროფილის ომპოსტებია გამოყენებული.

აღმოსავლეთ სარკმლის გარდა, ინტერიერს დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს. იგი ქვის, თხელი ფილებით თარაზულადაა გადახურული და იმდენად ზემოთაა ატანილი, რომ თავით თითქმის დასავლეთ კედლის მიმდებარე, საბჯენ თაღს წვდება. ეკლესია მოხატული ყოფილა. კედლებზე აქა-იქ შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში, მოშავო ფერის, შირიმის ქვებით ნაწყობი სარკმელია, რომელიც ჩასმულია ზედაპირის ჩაკვეთით გამოყვანილ, სწორკუთხა ჩარჩოში, დასავლეთ ფასადზე. სარკმლის წყობაში, რიყის ქვასთან ერთად, კვადრატული აგურიცაა გამოყენებული. გარდა ამისა, თითო-ოროლა აგური, აქა-იქ, ფრონტონის წყობაშიცაა ჩართული სარკმლის მარჯვნივ, კედლის წყობაში ჩასმულ, შირიმის მცირე ქვაზე. რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა, სამხრეთ ფასადზე, მიწიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე. წყობიდან გამოშვერილია სამი, მოგრძო ქვა, რომლებიც სავარაუდოდ, ამ მხრიდან მოწყობილი ფარდულის საყრდენად გამოიყენებოდა. ერთი ასეთი ქვა, იგივე სიმაღლეზე, დასავლეთ ფასადის სამხრეთ ნახევარშიცაა ჩასმული. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა მოსაბლეობის მიერ მოტანილი, სხვადასხვა ზომის ქვევრები, რომელთა ნაწილზე, დამღით, აღნიშნულია ხოლოსნის სახელი და გვარი.

2009 წელს საქართველოს ისტორიის ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეკლესიის სამხრეთ და დასავლეთ ფასადების წინ მოიჭრა ნაყარი მიწა, აღდგა კედლების საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები, მოეწყო აგურის ლავგარდანი, შენობა გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]