ვალერი ლომთაძე
ვალერი ლომთაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 3 სექტემბერი, 1912 ან 1912[1] |
დაბ. ადგილი | ირკუტსკი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 9 ივნისი, 1993 ან 1993[1] |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ რუსეთი |
საქმიანობა | გეოლოგი |
ალმა-მატერი | ირკუტსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | შრომითი მამაცობის მედალი |
ვალერი დავითის ძე ლომთაძე (რუს. Валерий Давидович Ломтадзе; დ. 3 სექტემბერი 1912, ირკუტსკი — გ. 9 ივნისი 1993, სანქტ-პეტერბურგი) — ქართველი მეცნიერი საინჟინრო გეოლოგიის დარგში, გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), ლენინგრადის (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგის) სამთო ინსტიტუტის პროფესორი (1961), რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1973). საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1947 წლიდან.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალერი დავითის ძე ლომთაძე დაიბადა ქალაქ ირკუტსკში 1912 წლის 3 სექტემბერს. 1928 დაამთავრა საშუალო სკოლა. 1931 წელს ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის ირკუტსკის განყოფილებაში გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1936 წელს წარმატებით დაამთავრა. ვალერი ლომთაძემ 1932 წლიდან მუშაობა დაიწყო აღმოსავლეთ ციმბირის გეოლოგიურ სამმართველოში, ამავდროულად იგი სწავლობდა უნივერსიტეტშიც. მან გაიარა შრომითი გზა კოლექტორობიდან წამყვან სპეციალისტობამდე. 1939 წლამდე ეწეოდა საინჟინრო-გეოლოგიურ მოკვლევებს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობისთვის. აგრეთვე ჰიდროგეოლოგიურ მოკვლევებს ბაიკალისპირეთის რეგიონში.
1939 წლიდან 1944 წლამდე ეწეოდა საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს სარკინიგზო მშენებლობისთვის. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები ბაიკალის ტბის გარშემო სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციის პროექტის დასამტკიცებლად, აგრეთვე ბაიკალის ტბის გვერდის ავლით ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის. ამ წლებში განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი ნამუშევრები გვირაბებისა და სხვა სტრუქტურების რთულ გეოლოგიურ პირობებში მშენებლობის თაობაზე.
1944 წელს კონკურსის გავლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში, სადაც ჯერ ასისტენტად, 1947 წლიდან დოცენტად, 1960 წლიდან პროფესორად, 1973 წლიდან კი საინჟინრო გეოლოგიის კათედრის გამგედ მოღვაწეობს. 1944 წელს ვალერი ლომთაძემ დაიცვა დისერტაცია თემაზე „სამხრეთ-დასავლეთ ბაიკალისპირეთის ზვავური მოვლენები“. 1959 წელს გამოკვლევისთვის „თიხის ქანების ფიზიკო-მექანიკური თვისებები ლიტიფიკაციის პერიოდში“ მიენიჭა გეოლოგია-მინეროლოგიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება (ხარისხი).
საინჟინრო-გეოლოგიურ სკოლაში, რომელიც ვალერი ლომთაძემ დააარსა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში, ორმოცდაათი წლის მანძილზე ასობით მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მომზადდა, დღესაც წარმატებით წყვეტს მრავალ თეორიულ თუ გამოყენებით-პრაქტიკულ პრობლემას. იგი საფუძვლიანად ითვლება მეცნიერების ამ დარგის ერთ-ერთ წამყვან სკოლად არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ საზღვარგარეთაც. იქ მუდმივად გადიან სტაჟირებას რუსეთისა და სხვა სახელმწიფოების სპეციალისტები.
ვალერი ლომთაძეს ჰქონდა სამეცნიერო კადრების აღზრდისა და ხელმძღვანელობის ნიჭი, რის შედეგადაც მან მოახერხა თავის გარშემო შეეკრიბა და მეგობრულ და განუყოფელ კოლექტივად ჩამოეყალიბებინა მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტების გუნდი. სწორედ მისი ხელმძღვანელობითაა ჩატარებული სერიოზული კვლევები საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თიხის საბადოების ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა ხარისხის ლიტიფიკაციისა. ამ ქანების დეტალური კვლევები მიმდინარეობდა ლენინგრადის, ვოლგა-დონის არხის, კუიბიშევის ჰესის წყალსაცავის, შეკსინსკის ჰიდროკვანძის, ურალსკის, მსტინსკის, კომსკის, ბოტკინსკის, ნევსკის ჰიდროელექტრო სადგურებზე, მდინარე კემის ხეობაში, მდინარე მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით და სხვა. დეტალურად შეისწავლა გამყინვარების, გამყინვარების შემდგომი დანანლექები (საბადოები).
ვალერი ლომთაძის ფართო სამეცნიერო მემკვიდრეობა პირობითად 4 დიდ მიმართულებად შეიძლება დაიყოს, რომელიც 5 ფუნდამენტალურ საინჟინრო-გეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო სახელმძღვანელოთა ციკლშია თავმოყრილი: 1) მთის ქანების ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესწავლა „საინჟინრო ტეტროლოგია“ (1970, 1984), 2) „მთის ქანების თვისებათა ფიზიკო-მექანიკური თვისებათა ლაბორატორიული კვლევის მეთოდები“. თანამედროვე გეოლოგიური პროცესების დინამიკა — „საინჟინრო დინამიკა“ (1977), „სპეციალური საინჟინრო გეოლოგია“ (1978), „სასარგებლო მინერალური წიღისეულის საინჟინრო გეოლოგია“ (1986).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალერი ლომთაძე — ცნობები დაარქივებული 2016-12-16 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ვალერი ლომთაძე დაარქივებული 2018-09-22 საიტზე Wayback Machine. საიტზე Naukarus.com (რუსული)
- ვალერი ლომთაძე — ცნობები (რუსული)
- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #106781518X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.