ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეროვნულ ურთიერთობათა კვლევის ცენტრი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, პრობლემური სამეცნიერო დაწესებულება, რომელსაც ჰქონდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი. ჩამოყალიბდა 1989 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის რეორგანიზაციის შედეგად. ცენტრში იყო 4 განყოფილება, სადაც მიმდინარეობდა ფუნდამენტური ხასიათის თეორიული კვლევა, აგრეთვე გამოყენებითი მიმართულების კომპლექსი. სამეცნიერო სამუშაოები ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სფეროში: ეროვნულ ურთიერთობათა ფილოსოფია, პოლიტიკური-სამართალი, სოციალური-კულტურა და ისტორიული ასპექტები, საქართველოში მიმდინარე ეთნოგრაფიული პროცესები. ცენტრი ამუშავებდა და აქვეყნებდა კოლექტიურ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს, მონოგრაფიებს. 1989-99 წლებში გამოქვეყნდა 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 60-მდე წიგნი, მათ შორის "ძიებანი აფხაზეთის (საქართველო) ისტორიიდან" (53 საავტორო თაბახი, რუსულ ენაზე, ინგლისური რეზიუმეთი), "აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები", "ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები" (ორივე წიგნი გამოვიდა ორ-ორ ჯერ რუსულ და ინგლისურ ენებზე), "ეროვნული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში", "ეროვნულ (ეთნიკურ) უმცირესობათა უფლებების დაცვა" (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე), "ილია ჭავჭავაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა და სსრკ ხალხთა ლიტერატურა" (რუსულ ენაზე), "მოსკოვის ახალშენის ისტორიიდან", ერთეროვნული და შერეული ქორწინებანი" და ა.შ. შემუშავდა და გამოქვეყნდა საქართველოს კანონის პროექტი ეროვნულ უმცირესობათა უფლებების შესახებ (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). ჩატარდა 20-მდე რესპუბლიკური და საერთაშორისო სიმპოზიუმი და კონფერენცია (14-ის თეზისები და მასალები გამოქვეყნდა რუსულ და ინგლისურ ენებზე). ცენტრის დაარსებიდან მისი დირექტორი იყო გ. ჟორჟოლიანი. 2000 წლის 27 იანვარს შეუერთდა პოლიტოლოგიის ინსტიტუტს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]