ეროვნული უშიშროება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეროვნული უშიშროებაპოლიტიკური მეცნიერების კატეგორია. იგი იძლევა იმ სოციალური ინსტიტუტების დახასიათებას, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებისა და პიროვნების არსებობა-განვითარების, ოპტიმალური პირობების დაცვისათვის ეფექტურ საქმიანობას.

მთავარი ობიექტები, რისთვისაც ეროვნული უშიშროების სისტემის ფორმირება ხდება, არის: 1. პიროვნება, მისი უფლებები და თავისუფლებები; 2. საზოგადოება (ერი), მისი მატერიალური და სულიერი ფასეულობები; 3. სახელმწიფო, მისი კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

ეროვნული უშიშროების ერთიან სისტემაში მოიაზრება მრავალი კომპონენტი: პოლიტიკური უშიშროება (შიდასახელმწიფოებრივ-პოლიტიკური უშიშროება, საგარეო-პოლიტიკური უშიშროება), ეკონომიკური უშიშროება (საფინანსო-საბიუჯეტო უშიშროება, სასურსათო უშიშროება და სხვ.), ენერგეტიკული უშიშროება, სამხედრო უშიშროება, საინფორმაციო უშიშროება, საზოგადოებრივი უშიშროება, ეკოლოგიური უშიშროება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ტექნიკური უშიშროება, სოციალური უშიშროება, ტექნოლოგიური უშიშროება, ადამიანის უფლებათა დაცვითი და მოქალაქეთა პირადი უშიშროება, ჯანდაცვითი უშიშროება, გენეტიკური უშიშროება, დემოგრაფიული უშიშროება და სხვ.

ტერმინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ ენაში, ტერმინების უშიშროების (security) და უსაფრთხოების (safety) გამოყენების პრობლემის შესახებ:

საქართველოში ამ ბოლო დროს, მკვიდრდება სამწუხარო ტენდენცია, ზოგიერთ ქართულ სიტყვას სამუდამოდ გაქრობა ემუქრება. ქართულ ენაშიარსებობს ორი ტერმინი უშიშროება და უსაფრთხოება, გამოყენების თვალსაზრისით, თითოეულს შინაარსის შესაბამისი საკუთარი ბუნებრივი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ტრადიციულად, საქართველოში ტერმინი უშიშროება იხმარებოდა შემდეგ კონტექსტში: "ქვეყნის უშიშროება", "უშიშროების საბჭო", "სახელმწიფო უშიშროების დაცვა" და სხვა.

ტერმინ "უშიშროებას", იგივე კონტექსტში იყენებდნენ ჩვენი წინაპრებიც. მაგალითად, „ქართლის ცხოვრებაში“ [1] ტერმინი „უსაფრთხოება“ არ გვხვდება, ხოლო „უშიშროება“ (უშიშოებაჲ) მრავალჯერაა გამოყენებული: 1) „და დაჯდა მირვან მცხეთას, მეფობდა ნებიერად და უშიშად.“ (ლეონტი მროველი. ცხოვრება ქართველთა მეფეთა. მროველთან ტერმინი გამოყენებულია სამჯერ); 2) „იძებნეს უშიშოებაჲ და გამოიყვანეს მეფე მეფედ.“ (მატიანე ქართლისაჲ. ტერმინი გამოყენებულია ორჯერ); 3) „სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს.“ (ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე. ცხოვრება გიორგი მეფისა. ტერმინი გამოყენებულია ორჯერ); ასევე, 4) (ჯუანშერი. ცხოვრებაჲ ვახტანგ გორგასლისა, ტერმინი გამოყენებულია ოთხჯერ); 5) (ცხოვრებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი, გამოყენებულია სამჯერ); 6) (ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, გამოყენებულია ერთხელ); 7) ჟამთააღმწერელი იყენებს ცხრაჯერ და სხვ. იმავე ტერმინს, იყენებს ვახუშტი ბატონიშვილიც (აღწერა სამეფოსა საქართველოსა).

ამ ტერმინს იყენებდნენ ეროვნული, პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწეები: სოლომონ დოდაშვილი: „რომელ მტკიცე მარჯვენა მეფისა ჰზრუნავს უშიშროებისათვის ჩვენისა და ყოველივე დაბორკილებანი აღხოცეს" [2] ალექსანდრე ჭავჭავაძე, 1837 წელს ნიკოლოზ პირველისადმი წარდგენილ ტექსტში „საქართველოს მოკლე ისტორიულ ნარკვევი და მდგომარეობა 1801-1831 წლამდე", იყენებს ტერმინს უშიშროება: „უშიშროება არ იყო არც ქალაქად, არც სოფლად" [3] ილია ჭავჭავაძე, 1889 წელს "ივერიაში" (#90) გამოქვეყნებულ წერილში: "...რომ ჩვენი მიჯნა სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვენებისა და უშიშროებისათვის..."; [4] იგივე ტერმინს იყენებს "ქვათა ღაღადში": "მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასალმა უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი". [5] ტერმინი უსაფრთხოება კი განსხვავებულ კონტექსტში იხმარება, მაგალითად: "ტექნიკური უსაფრთხოების დაცვა" და სხვა.

ზოგიერთი ჟურნალისტი, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ტერმინ "უშიშროების" ნაცვლად, XX საუკუნის ბოლო ათწლეულიდან განსხვავებული შინაარსის მატარებელ ტერმინ უსაფრთხოებას იყენებს, ამით ორი განსხვავებული შინაარსის მქონე მოვლენის აღსანიშნავად ამკვიდრებს ერთ ტერმინს - უსაფრთხოებას, ისევე როგორც, მაგალითად რუსები ორი განსხვავებული მოვლენის შინაარსის გამოსახატავად იყენებენ მხოლოდ ერთ ტერმინს - უშიშროება - Безопасность და უსაფრთხოება - Безопасность. ტერმინ უშიშროების მოწინააღმდეგეთა მიერ მოტანილი არგუმენტი, არის ის, რომ ტერმინი "უშიშროება" საბჭოთა კავშირის КГБ-სთან ასოცირდება.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქართული ენციკლოპედიის მიერ გამოცემული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (მთ. რედაქტორი არნოლდ ჩიქობავა) მიხედვით, “უშიშროება - არის მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება, საფრთხე არ ემუქრება ვისმე, რასმე. მაგალითად, სახელმწიფო უშიშროების დაცვა. "გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო", ხოლო “უსაფრთხოება” - იგივეა, რაც უსაშიშროება, ანუ საშიშროებისაგან დაცვის უზრუნველყოფა. მაგალითად, ტექნიკური უსაფრთხოება".

ინგლისურ ენაში, ტერმინი "Security" "ეროვნული უშიშროების" (National security), "უშიშროების საბჭოს" (Security Council), "საინფორმაციო უშიშროების" (Security information) კონტექსტში გამოიყენება, ხოლო ტერმინი "Safety" იხმარება, "წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების" (Industrial safety), "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" (Road safety), "უსაფრთხოების ღვედების" (Safety belts), "ტექნიკური უსაფრთხოების წესების" (Safety code regulations) გამოსახატავად. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დოკუმენტებშიც იგივე მდგომარეობაა: ტერმინი „Security“ „უშიშროების“ კონტექსტში (ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების სახელწოდებაც მოწმობს: (Political Affairs and Security Policy Division, Emerging Security Challenges Division, Science for Peace and Security, Cooperation and Regional Security Division და სხვ.), ხოლო ტერმინი „Safety“, იმავე ნატოს დოკუმენტებში ყუბარების აფეთქებასთან, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების კონტექსტში არის გამოყენებული. (ნატოში არის სტრუქტურული ერთეულებიც: The CNAD Ammunition Safety Group (AC/326 და Munitions Safety Information Analysis Center (MSIAC).

ტერმინში “Safety”, რომელიც ქართულ ენაშიც "წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების" (Industrial safety), "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" (Road safety), “უსაფრთხოების ღვედების” (Safety belt), “ტექნიკური უსაფრთხოების წესების” (Safety code regulations) გამოსახატავად იხმარება, აქ მოიაზრებენ საფრთხის წყაროს. იგივე მდგომარეობაა მრავალ სხვა ენაშიც, განსხვავებით რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენებისა, სადაც ორივე მოვლენის გამოსახატავად მხოლოდ ერთი და იმავე სიტყვას იყენებენ.

ამ ორი ტერმინის შინაარსობრივი სხვაობის თვალსაჩინოების ორი მაგალითი: ა) "სასურსათო უსაფრთხოებაში" - მოიაზრება სურსათი (მაგალითად, საფრთხის წყარო - გაფუჭებული კონსერვი და სხვ.), რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო "სასურსათო უშიშროებაში" - ძალიან მარტივად, იგულისხმება სახელმწიფოში სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც პერსპექტივაში შეიძლება შიმშილი და სხვა თანმდევი პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით გულისხმობს, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, ისეთი წინმსწრები ღონისძიებების გატარებას, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს თავიდან ააცილებს მოსალოდნელ საშიშროებას. ბ) ისევე როგორც, საქართველოს ინფორმაციულ უშიშროებაში მოიაზრება ინფორმაციულ სფეროში მისი ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობა, რასაც განსაზღვრავს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობა. ხოლო ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კი მოიაზრება, ავტომატიზებული სისტემების რესურსების, ინფორმაციული სისტემების, ავტომატიზებული სისტემების, მონაცემთა ბაზების და სხვ. დაცვა.

ქართულმა ენათმეცნიერებამ და საქართველოს პარლამენტმა უპირატესობა მიანიჭა ტერმინ "უშიშროებას": საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლში, მითითებულია ტერმინი "ეროვნული უშიშროების საბჭო", ხოლო 1996 წლის 24 იანვარს მიღებულია "კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ". ტერმინი უსაფრთხოება გამოიყენება მხოლოდ საწარმოო, ტექნოგენური,ბუნებრივ-ეკოლოგიური წარმოშობის მოვლენებთან და პროცესებთან მიმართებაში (ტექნიკური უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედები და სხვ.).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, გამომც. „სახელგამი“, თბ., 1955, ტ. II, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1959.
  2. იხ., დოდაშვილი ს." წერილი ტფილისიდან პეტერბურგს ძმისადმი. ჟურნ. "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832, #2, გვ.47.
  3. "ჭავჭავაძე ალ." თხზულებანი, 1940, გვ.243.
  4. იხ., ჯორჯაძე ა.. წერილები. თბ., "მერანი", 1989. გვ.63-64.
  5. ჭავჭავაძე ი.. თხზ., ტ.1, 1984, გვ. 805.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ეროვნული უშიშროება. მონოგრაფია, მთ. რედ. ი. გაბისონია. თბილისი, გამომც. „უნივერსალი“, 2022, 702 გვ. ISBN 978-9941-33-339-2.
  • ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. ISBN 978-9941-22-407-2.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება: პრობლემური სიტუაცია და კრიტერიუმები. პოლიტოლოგია. სახელმძღვანელო. თსუ, – თბილისი, 2004, გვ. 328-351
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების ცნების შინაარსი, პრობლემური სიტუაციის დახასიათება. ჟურნ. “საისტორიო ვერტიკალები”. #6, 2004. გვ. 51-60
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება თუ ეროვნული უსაფრთხოება? გაზ. “რეზონანსი”. # 132. 2004 წლის 19 მაისი.
  • კუპრაშვილი ჰ. იყო ორი, გახდა ერთი! გაზ. ”სამხედრო – 24 საათი”. # 20, 2004 წლის 11-17 ოქტომბერი.
  • კუპრაშვილი ჰ. ენის გენოციდი?! გაზ. “ხვალინდელი დღე”. # 200. 2004 წლის 19 ოქტომბერი.
  • კუპრაშვილი ჰ. რა დააშავა ტერმინმა ?. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”. # 250, 2004 წლის 28 ოქტომბერი.
  • ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროება (security) თუ ეროვნული უსაფრთხოება (safety)? დაარქივებული 2011-08-28 საიტზე Wayback Machine.
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება? (ქართულ ენაში ტერმინ ეროვნული უშიშროების გამოყენების შესახებ). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია: ორი წლის გამოცდილება. თბილისი, 2007 წლის 11 –12 ივლისი
  • კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123
  • კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები“. თბილისი. 2011 წლის 20-22 მაისი
  • კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) თუ უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. ჟურნ. „პარალელი“,#2, 2011, გვ. 154-157
  • კუპრაშვილი ჰ. ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების ზოგიერთი ასპექტი. ინტერნეტჟურნ. „მკვლევარი“.10.04.2012
  • კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
  • პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს