ევროპე
ევროპე (ძვ. ბერძნ. Εὐρώπη) – უძველესი წინაბერძნული ღვთაება, მიწათმოქმედთა მფარველი ქალღმერთი. გვიანი ხანის ზოგიერთი თქმულების მიხედვით, ევროპე ფენიქსის ასულია. შედარებით გავრცელებული მითოსის თანახმად კი – ფინიკიის მეფის, აგენორისა, რომელსაც ტელეფასასგან შეეძინა კადმოსი და ევროპე, მათ სხვა შვილებიც ჰყავდათ.
ევროპე მეტად ლამაზი იყო. იგი ხშირად სეირნობდა ხოლმე ტიროსის სანაპიროზე თავის მეგობრებთან ერთად. ერთხელ, ევროპე იხილა ზევსმა და შეიყვარა. მან უბრძანა ჰერმესს აგენორის ჯოგი ზღვასთან რაც შეიძლება ახლოს მიედენა. თავად კი უზარმაზარი ღაბაბითა და სულ ერთი ბეწო მარგალიტის რქებით მოსილი თეთრთოვლა ხარის სახე მიიღო და ჯოგს შეერია. ხარის სილამაზით მოხიბლულმა ევროპემ შიში დაძლია და მშვენიერ ცხოველს გაეთამაშა: ხან ყვავილებით ამოუვსო პირი, ხან გვირგვინები დაადგა მარგალიტის რქებზე. ბოლოს ზურგზეც მოაჯდა და არც კი შემკრთალა, როდესაც ხარმა მოულოდნელად ზღვის სიღრმეში შეცურა.
ზევსმა კრეტაზე ამოიყვანა ახლა უკვე შეშინებული ევროპე, რომელსაც მარჯვენა ხელი მარგალიტის რქაში ჩაევლო მისთვის, მარცხენათი კი ჯერ კიდევ ეკავა ყვავილებით სავსე კალათა. აქ ღმერთი არწივად გარდაისახა და კამკამა წყაროს ტირიფთა ჩრდილში თანაეყო მშვენიერ ქალწულს. ევროპემ მისგან სამი შვილი შვა: მინოსი, რადამანთისი და სარპედონი. დიდხანს ეძებეს აგენორის ვაჟებმა ევროპე, მაგრამ მის კვალსაც ვერ მიაგნეს. ბოლოს კადმოსი დელფოს ეწვია, სადაც პითიამ ურჩია, შეეწყვიტა ევროპეს ძებნა. მოგვიანებით ევროპე ცოლად მოიყვანა კრეტის მეფე ასტერიონმა, რომლის შემდეგაც სამეფო ტახტზე ავიდა სახელოვანი მინოსი. ევროპეს კულტი გავრცელებული იყო თებესა და კრეტაზე. კრეტაზე მას თაყვანს სცემდნენ ელოტისის სახელით.
ანტიკურ ხელოვნებაში ევროპეს მოტაცება მხატვართა რჩეულ სიუჟეტად იქცა. მას ხშირად ვხვდებით ლარნაკთა და ფრესკულ ფერწერაში. ევროპეს მოტაცებაა აღბეჭდილი ლორენის, ტინტორეტოს, ვერონეზეს, ტიციანის, რემბრანტის, ტიეპოლოსა და სხვა სახელოვან მხატვართა ტილოებზეც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 29.