ედუარდ ნეგრებეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ედუარდ ნეგრებეცკი (დ. 24 ნოემბერი, 1908, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 30 იანვარი, 1985, ლენინგრადი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა ჩოგბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930–1950 წლებში ედუარდ ნეგრებეცკი იყო სსრ კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი ჩოგბურთელი. 1954–1960 წლებში სსრ კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1960 წლიდან ლენინგრადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. დაამთავრა ლესგაფთის სახელობის ფიზკულტურისა და სპორტის ინსტიტუტი და მუსიკალური ტექნიკუმი. სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ვოკალის ფაკულტეტზე.

ჩოგბურთის თამაში დაიწყო 12 წლის ასაკში ცნობილ მწვრთნელთან — იან ჰომერთან. 1922–26 წლებში თბილისის ჩემპიონი მე-2 თანრიგოსნებში. 1927 ამიერკავკასიის რესპუბლიკების ჩემპიონი გახდა. 1928 წლის სსრ კავშირის სპარტაკიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობაში მე-2 ადგილი დაიკავა, პირად პირველობაზე კი მეოთხედფინალს მიაღწია. 1932 წლიდან ლენინგრადში ცხოვრობდა.

1932 წელს ერთეულთა თანრიგში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ეს მიღწევა ედუარდ ნეგრებეცკიმ 1947, 1949 და 1950 წლებში გაიმეორა. არჩილ მდივანთან ერთად 1934–1936 წლებში სსრ კავშირის ჩემპიონია წყვილებში. სხავადასხვა პარტნიორებთან ნეგრებეცკი სსრ კავშირის ჩემპიონია წყვილთა თანრიგში (1934–1940, 1950–1952) და შერეულ წყვილებში (1938–39, 1947, 1950–1952)[1]. 1931–1953 წლებში ნეგრებეცკი საბჭოთა კავშირის უძლიერეს ათეულში შედიოდა. საერთაშორისო მატჩების მონაწილეა თურქეთთან (1935), ჩეხოსლოვაკიასთან (1937–1938, 1949), იუგოსლავიასთან (1946), უნგრეთთან (1949) და პოლონეთთან. 1937–1938 წლებში ანრი კოშეს ცნობილ სკოლაში სწავლობდა.

ათლეტური აღნაგობის, ფიზიკურად კარგად მომზადებული ედუარდ ნეგრებეცკი კომბინაციურ ჩოგბურთს თამაშობდა. მძლავრი ჩაწოდება, ბრწყინვალე დარტყმა მარჯვნიდან, კარგი თამაში ჰაერიდან და უნიკალური სმეში იყო ნეგრებეცკის თამაშის ძირითადი კოზირები. ედუარდ ნეგრებეცკი გარდაიცვალა 1985 წლის 30 იანვარს ლენინგრადში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წყვილთა თანრიგში 1937–1940 წლებში ნეგრებეცკის პარტნიორი იყო სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ევგენი კუდრიავცევი, 1950–1952 წლებში კი ნიკოლაი ოზეროვი. შერეულ წყვილთა თანრიგში 1938–1939 წლებში ედუარდ ნეგრებეცკის პარტნიორი იყო ზინაიდა კლოჩკოვა, 1950–1952 წლებში კი სპორტის დამსახურებული ოსტატი ტატიანა ნალიმოვა.