ეგვიპტის აჯანყებები 1919, 1921

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგვიპტის აჯანყებები 1919, 1921 — ეგვიპტელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყებები ინგლისელი კოლონიზატორების წინააღმდეგ. 1919 წლის აჯანყებას წინ უძღოდა „ვაფდის“ პარტიის ხელმძღვანელის ს. ზაღლულის დაპატიმრების გამო 9 მარტს კაიროში გამართული მასობრივი დემონსტრაცია. 10 მარტს გაიფიცნენ კაიროს მუშები. გაფიცულთა და დემონსტრანტთა დახვრეტამ (1919 წლის 11 მარტი) გამოიწვია აჯანყება, რომელმაც 12 მარტს თითქმის მთელი ეგვიპტე მოიცვა. 18 მარტისათვის ზემო ეგვიპტეში მყოფი ინგლისური გარნიზონის ნაწილი გააძევეს, ნაწილს კი ალყა შემოარტყეს. ქვემო ეგვიპტეში აჯანყებულებმა გაათავისუფლეს რაიონების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალ ქალაქსა და სოფელში შეიქმნა რევოლუციური ხელისუფლების ორგანოები. ინგლისელებმა ეგვიპტეში თავი მოუყარეს დიდ არმიას და აჯანყება ჩაახშეს. ცალკეული ბრძოლები აპრილის ბოლომდე გრძელდებოდა, ხოლო 1919 წლის სექტემბერ-ნოემბერში დიდი რევოლუციური ბრძოლები გაიმართა კაიროსა და ალექსანდრიაში. 1921 წლის 23 დეკემბერს იფეთქა ახალმა ანტიინგლისურმა აჯანყებამ, რომელიც 1922 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა. მიუხედავად დამარცხებისა, ამ აჯანყებებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ინგლისელთა ბატონობას ეგვიპტეში. 1922 წლის თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა ეგვიპტის პროტექტორატზე და ფორმალურად ცნო მისი დამოუკიდებლობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]