დრუჟინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რურიკოვიჩების დინასტიის დიდი მთავარი, ვლადიმირ მონომახი, ნადირობის შემდეგ თავის დრუჟინასთან ერთად ისვენებს, ვიქტორ ვასნეცოვის ნახატი.

კიევის რუსეთისა და ადრეული პოლონეთის შუა საუკუნეების ისტორიაში დრუჟინა (სლოვაკ. და ჩეხ. družina; პოლ. drużyna; რუს. дружина; უკრ. дружи́на; სიტყვა-სიტყვით „ამხანაგობა“) იყო მთავრის ამალა, მცირე რაზმი. სახელწოდება მომდინარეობს საერთო სლავური სიტყვიდან drug / друг („მეგობარი“).[1][2]

სლავურ ხალხებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დრუჟინა არსებობდა სლავური ხალხების უმრავლესობაში, რომლებმაც განიცადეს ტომობრივი წყობილებიდან სახელმწიფო წყობილებაზე გადასვლა. თვით ტერმინი, როგორც ჩანს, წინარესლავური წარმოშობისაა. წყაროთა სიმცირის გამო დრუჟინის კონკრეტულ ფორმებზე საუბარი რთულია. არსებული მონაცემების მიხედვით, დრუჟინებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს დიდი მორავიის, ჩეხეთის და პოლონეთის სახელმწიფოების ჩამოყალიბებაში (IX–XI სს.).[3]

ძველ რუსეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერილობითი წყაროებით ძველი რუსეთის დრუჟინების შესახებ შედარებით მეტია ცნობილი, მაგრამ არსებობს ტერმინოლოგიური პრობლემები. X–XV საუკუნეებში „დრუჟინა“ შეიძლება ყოფილიყო როგორც უბრალოდ რაიმე ურთიერთშეთანხმებაზე დაფუძნებული გაერთიანება (საზოგადოება, ამხანაგობა), ისე მთავრის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო-ადმინისტრაციული პერსონალი. ამ მეორე, უფრო ვიწრო გაგებით, „დრუჟინას“ სხვადასხვა დროსა და კონტექსტში შეიძლება აღენიშნა განსხვავებული რიცხოვნობისა და შემადგენლობის ადამიანთა ჯგუფი (მთავრის დაახლოებული წრიდან დაწყებული მთელი სამთავროს ჯარით დამთავრებული).[3]

ზოგჯერ დრუჟინას უწოდებენ მხოლოდ ადგილობრივ ფეოდალებთან დაპირისპირებული მთავრის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო კონტინგენტს. ძველრუსული წყაროების უმრავლესობა დრუჟინას განიხილავს როგორც მსახურეული დიდებულთა მთელი მასის ორგანიზაციის თავისებურ ფორმას; ეს შეიძლება შეეხოს X–XII საუკუნეების და უფრო გვიანი პერიოდის სამთავროებს. ამ შემთხვევაში დრუჟინას შემდეგი მთავარი თავისებურებები ჰქონდა: მინიმუმ ორ თანრიგად დაყოფა (უფროსი, ანუ დიდი დრუჟინა — ბოიარები და უმცროსი დრუჟინა), სახელისუფლებო ფუნქციების შესრულებისთვის შემოსავლის მიღება (უძველეს დროში — ხარკის სახით, შემდგომში — სპეციალური გამოსაღებით, რომელსაც „კორმლენიე“ ეწოდებოდა), პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ბოიართა მონაწილეობის უფლება (საბჭოში, სათათბიროში), ერთი მთავრის დრუჟინიდან მეორე მთავრის დრუჟინაში თავისუფალი პირის გადასვლის შედარებითი თავისუფლება, სამხედრო ეთიკა (ღირსების, დიდების ცნებები და სხვ). XII საუკუნიდან ამგვარ ორგანიზაციას სხვადასხვა წყაროებში უკვე კარი (двор) ეწოდებოდა. სამემკვიდრეო (სავოტჩინო) და საადგილმამულო მიწათმფლობელობის განვითარებასთან და მმართველობის თვითმპყრობელური ფორმების განმტკიცებასთან ერთად დრუჟინა ჩაანაცვლა ხელმწიფის კარმა.[3] სხვადასხვა ფორმით დრუჟინა მე-16 საუკუნემდე შემორჩა.[4]

გვიან პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიან პერიოდში დრუჟინა ასევე ეწოდებოდა:[3]

  • რუსეთის იმპერიაში:
    • ლაშქრის ორგანიზაციულ-ტაქტიკური ერთეული, რომელიც რიცხოვნობით ქვეით პოლკს უტოლდებოდა (XIX ს.);
    • ქალაქის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის შეიარაღებული რაზმები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ 1905–1907 წლების რევოლუციის დროს ქუჩის საბარიკადე ბრძოლებისა და ოპერაციების გასამართად.
  • საბჭოთა კავშირში — მოხალისეობრივი სახალხო რაზმები, რომლებიც დახმარებას უჩენდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის საქმეში (წარმოიქმნენ 1917 წელს, ოფიციალურად გაფორმდნენ 1959 წელს).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Online Etymology Dictionary. ციტირების თარიღი: 13 May 2017
  2. Drushine. ციტირების თარიღი: 13 May 2017
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Стефанович П. С. Дружина // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 369–370.
  4. Druzhina. ციტირების თარიღი: 13 May 2017