დეკამერონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეკამერონი, 1492

დეკამერონი (იტალ. Decamerone; დაახ. 1350-დან დაახ. 1353-მდე) — მწერალ ჯოვანი ბოკაჩოს მოთხრობათა კრებული, რომელიც შედგება 101 ნოველასგან. სახელი წარმოქმნილია ორი ბერძნული სიტყვის შეერთებით: δέκα (déka) – ათი და ἡμέρα (hēméra) – დღე. „დეკამერონი“ დაიწერა 1350-1353 წლებში. ბოკაჩომ ის გადაამუშავა და გადაწერა 1370–1371 წლებში. „დეკამერონი“ გამოქვეყნდა 1471 წელს. კრებული გამოირჩევა ეროტიკული სცენებით. ნაწარმოები სრული სახით 1471 წელს გამოქვეყნდა. კრებულს თანამედროვეებმა „ადამიანური კომედია“ უწოდეს.

ნოველების უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა ფრანგული ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საუკუნეების ლათინურ კრებულებს. მან გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი მიანიჭა. შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, მღვდლების, ხელოსნების ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი სიყვარულია, თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეფციას. „დეკამერონის“ მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც. დეკამერონის ზოგიერთი ნოველა გადაამუშავეს ჩოსერმა, შექსპირმა, მარგარიტ ნავარელმა, ლაფონტენმა, ლესინგმა, მისემ და სხვა.

„დეკამერონის“ პერსონაჟები ბოკაჩოს ადრინდელ ნაწარმოებებში ჩნდებიან. ასევე ადრე „ფილოკოლოში“ ჩნდება ფაბულა. „ამეტოში“ ფაბულა მეორდება: ნიმფები რიგრიგობით ჰყვებიან მოთხრობებს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ხდება ფლორენციაში, მაშინ როდესაც ქალაქში შავი ჭირი მძვინვარებდა. ათი ახალგაზრდა (შვიდი ქალი და სამი ვაჟი) გადაწყვეტს, გაექცეს ფლორენციაში გამეფებულ ჭირს და დრო ქალაქგარეთ, ვილაში გაატაროს. ათი ახალგაზრდა ათი დღის განმავლობაში ათ მოთხრობას ყვება. თითოეული დღის ათ მოთხრობას (რამდენიმეს გამოკლებით) აქვს თავისი გამიზნული შინაარსი.

დევნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკლერიკალური და ანტიასკეტური ტენდენციების გამო „დეკამერონს“ დევნა დაუწყეს.

1362 წელს თავად ბოკაჩომ კინაღამ გაანადგურა თავისი შედევრი კარტეზიელი ბერის, ვინმე ჯოაკიმე ჩიანის მოთხოვნით, რომელმაც მოუთხრო იმ ტანჯვის შესახებ, რაც საიქიოში ელოდა თუ ურჯულო თხზულების დაწერას არ მოინანიებდა. ბოკაჩო მზად იყო, გაენადგურებინა საკუთარი თხზულებები, ხელი აეღო მწერლობაზე და გაეყიდა ბიბლიოთეკა. ამ ქმედების ჩადენა მას პეტრარკამ გადაათქმევინა.

1497 წელს სავონაროლამ საჯაროდ დაწვა ის. კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალულ წიგნთა ინდექსში შეიტანა. შემდგომში, რაკი ნაწარმოების სრული აკრძალვა შეუძლებელი გახდა, მისი შესწორება მოინდომეს, მაგრამ პირვანდელი შეურყვნელი ტექსტი ჯერ კიდევ XIV საუკუნეში გასცდა იტალიის საზღვარს და მალე მთელი კულტურული კაციობრიობის საკუთრებად იქცა.

ქართული თარგმანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დეკამერონი“ ქართულად თარგმნა და ორ წიგნად გამოსცა თედო სახოკიამ 1928 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ჯოვანი ბოკაჩო, „დეკამერონი“ — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1970 წ.