დაწყებითი განათლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაწყებითი განათლება — სასკოლო განათლების საწყისი საფეხური. მისი ამოცანაა საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, საბაზისო უნარების — წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა, სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.[1]

სასკოლო განათლების საწყისი საფეხური სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი, მაგ., პირველდაწყებითი განათლება დიდ ბრიტანეთსა (ინგლ. primary education) და საფრანგეთში (ფრანგ. école primaire); ამერიკის შეერთებული შტატებში ტერმინი primary education აღნიშნავს პირველდაწყებითი განათლების (ამერ. ინგლ. elementary education) მხოლოდ საწყისი საფეხურს — საბავშვო ბაღსა და სკოლის 1-3 კლასებს (ინგლ. grade).

საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლების ადრეულ მაგალითებს საქართველოში წარმოადგენს ქართული საეკლესიო-სამრევლო სკოლები (სიონის, ქაშვეთის, მეტეხის, ანჩისხატისა და სხვ.). 1778 წელს, გაიოზ რექტორის ხელმძღვანელობით, თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა, რომელმაც იარსება აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევამდე 1795 წელს.

რუსეთის იმპერიის მმართველობის ადრეულ ეტაპზე, 1801-1840 წლებში თბილისის გუბერნიაში მხოლოდ 4 დაწყებითი სკოლა გაიხსნა. საწარმოო ურთიერთობათა შემდგომმა ზრდამ იმპერიის განაპირა მხარეებში დაწყებითი სკოლების რიცხვის მატება განაპირობა. 1900 წელს დაწყებითი სკოლები უკვე ორი რიგისა იყო: დაბალი და მაღალი ტიპის.

საბჭოთა პერიოდში, 1921 წლის შემდეგ სახალხო განათლების სისტემის გარდაქმნის შედეგად საქალაქო დაწყებითი სკოლა გამოიყო სწავლების ცალკე საფეხურად — ოთხწლედად და განისაზღვრა მისი შინაარსი, ამოცანები, საყოველთაო-სავალდებულო ხასიათი. დაწყებითი სკოლა, როგორც სახალხო განათლების დამოუკიდებელი საფეხური, 1958 წელს გაუქმდა და დარჩა განათლების დაწყებით კონცენტრად (სწავლების ვადა — 4 წელი).

თანამედროვე საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით განათლებას განიხილავს როგორც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურს; სწავლების ვადაა 6 წელი (I-VI კლასები). განათლების კლასიფიცირების საერთაშორისო სტანდარტის (ISCED) ტერმინოლოგიაში მისი შესაბამისია Primary education (ISCED level 1). მისი მომდევნო საფეხურებია საბაზისო (VII-IX კლასები; Lower secondary education, ISCED level 2) და საშუალო (X-XII კლასები; Upper secondary education, ISCED level 3) განათლება.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ეროვნული სასწავლო გეგმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.