დაძმობილება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაძმობილება — ძმად გაფიცვა, ორ მეგობარს შორის ძმური კავშირის განმტკიცება ხელოვნური ნათესაობის დამყარებით. გავრცელებული იყო სხვადასხვა ქვეყნის ხალხებში. გვხვდებოდა ძველ საქართველოშიც, განსაკუთრებით მთაში. არსებობდა დაძმობილების სხვადასხვა წესი:

  • საკლავით დაძმობილება — ძმად გაფიცვის მსურველები რომელიმე დღეობაზე ხატში (სალოცავში) გავიდოდნენ ნათესავთან ერთად, ხევისბერი მათ დალოცავდა და საკლავის სისხლს ორივეს აპკურებდა;
  • სისხლის გაზიარებით დაძმობილება — შინ ან რომელიმე დღეობაზე თითებს გადაიჭრიდნენ და ერთმანეთზე მიადებდნენ;
  • ფიცვერცხლის ჭამით დაძმობილება — არაყით ან ღვინით სავსე თასებში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და გამოცლიდნენ;
  • ტყვიების გაცვლით დაძმობილება — ერთმანეთში ტყვიებს გაცვლიდნენ.


დაძმობილების ყველა ამ წესის შესრულებისას აუცილებელი იყო ერთგულების ფიცის დადება. აღნიშნული წესები ასახულია მხატვრულ ლიტერატურაშიც (ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა). ქალ-ვაჟს შორის და-ძმად გაფიცვაც სათანადო რიტუალის შესრულებით აღინიშნებოდა. რძით სავსე თასებში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, თასებს გაცვლიდნენ და შესვამდნენ. და-ძმად უფრო ხშირად დედისერთა ქალები და ვაჟები იფიცებოდნენ. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დაძმობილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ითონიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 413.
  • ბარდაველიძე ვ., მთისა და ბარის მოსახლეობის ურთიერთობის ისტორიიდან საქართველოში (მოძმეობის ინსტიტუტი), «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია» , 1971, № 3;
  • ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960;
  • მაკალათია ს., თუშეთი, ტფ., 1933