დაო დე ძინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაო დე ძინი
Mawangdui LaoTsu Ms2.JPG
შემორჩენილი ფრაგმენტი
ავტორი ლაო-ძი
ენა ჩინური

დაო დე ძინი (ჩინ. გამარტივებული ჩინური: 道德经; ტრადიციული ჩინური: 道德經) — კლასიკური ჩინური ხელნაწერი, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 400 წლისთვის დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ მის ავტორობას ტრადიციულად ძველ ჩინელ მოაზროვნესა და ფილოსოფოსს, ლაო ძის, მიაწერენ,[1][2] ნაშრომის ავტორის ვინაობა და მისი შექმნის თარიღი დღემდე მკვლევართა დებატის საგანს წარმოადგენს.[3] ტექსტის უძველესი ფრაგმენტი დათარიღებულია ძვ.წ. IV საუკუნით,[4] თუმცა სხვა დანარჩენ ნაწილებზე ჩატარებული კვლევების მიხედვით მიიჩნევენ, რომ იგი შეიკრა სხვა ჩინური კრებულის, ჟუანძის შედგენამდე გაცილებით ადრე.[5]

დაო დე ძინი, ჟუანძისთან ერთად, დაოსიზმის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობის მთავარ ქვაკუთხედადაა აღიარებული. მან ასევე დიდი გავლენა იქონია ჩინურ ფილოსოფიასა და სხვა რელიგიურ სკოლებზეც, მათგან გამოსარჩევია ლეგალიზმი, კონფუციანელობა და ჩინური ბუდიზმი, რომელიც ძირითადად, ინტერპრეტირებული იყო დაოისტური სიტყვებისა და ცნებების გამოყენებით. დაო დე ძინი - ეს 81 ქვეთავად დაყოფილი 5000-იეროგლიფიანი ნაშრომი - არაერთხელ ქცეულა არა მხოლოდ მწერალთა, არამედ მუსიკოსთა, მხატვართა თუ სხვა ხელოვნების დარგში მოღვაწეთა შთაგონების წყაროდ. მისი გავლენა თანამედროვეობაშიც არ იკლებს და დღესდღეობით იგი ერთ-ერთი ყველაზე თარგმნადი წიგნია მსოფლიო ლიტერატურაში.[4]

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაო - ჩინური სიტყვის იეროგლიფური შესაბამისობა, რაც ნიშნავს გზას.

სათაურს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია აქვს. სხვადასხვა ვერსიით, მისი სათაური ითარგმნება როგორც „გზა და მისი ძალა“,[6] „წიგნი გზასა და მის ძალაზე“,[7] „წიგნი გზისა და ღირსების შესახებ“[8][9].

ძველ ჩინეთში წიგნებს მიაწერდნენ ნამდვილ ან სავარაუდო ავტორის ვინაობას, კონკრეტულ შემთხვევაში „მოხუცი ოსტატის“, ლაო ძის სახელს. აქვე უნდა ითქვას, რომ ნაწარმოებს ხშრიად თავად ავტორის სახელით - ლაო ძითაც - მოიხსენიებენ ხოლმე.

სახელწოდება დაო დე ძინი პირველად გამოიყენეს იმპერატორ ძინ ხანის (ძვ.წ. 157 – 141) მმართველობის პერიოდში.

ენა და თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაო დე ძინის ენა გარკვეულწილად განსხვავდება სხვა იმდროინდელი კლასიკური ენებისგან, მასში ხშირად წავაწყდებით სიტყვათა გამოტოვებებს, გადაბმებს, რაც რიგითი მკითხველისთვის რთულად გასარჩევია და ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. წიგნის ასობით კომენტარი დღემდე გამოიყენება სხვადასხვა დაოსისტურ სკოლაში.

ნაწარმოების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს ის ეზოთერული კომენტარები, რომელშიც შევხვდებით ინსტრუქციებს შინაგანი ალქიმიისა და უკვდავების მოპოვების შესახებ. დაო დე ძინის ყველაზე ცნობილი და გამორჩეული განმარტება მესამე საუკუნეში მოღვაწე ვან ბის ეკუთვნის, ხოლო უძველესი მათგანი — ჰეშან გონგს.

დაო დე ძინის ყველაზე ცნობილი თარგმანი შესრულდა სანსკრიტზე, VII საუკუნეში. 1788 წელს ნაშრომი ლათინურად ითარგმნა, რის შემდეგაც იგი მთელ ევროპასა და დასავლურ სამყაროში გავრცელდა. იგი მსოფლიოს 2300-ზე მეტ ენასა თუ დიალექტზე ითარგმნა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად თარგმნადი წიგნია.[4]

ავტორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, ტექსტის ავტორად მიჩნეულია ლაო ძი, რომელიც ძვ.წ. VI – V საუკუნეებში მოღვაწეობდა. მიუხედავად ლაო ძის შესახებ არსებული მწირი ინფორმაციისა, საუკუნეების შემდეგ, დაახლოებით ჩვ.წ. I საუკუნეში, მკითხველებმა დაიწყეს ლაო ძის გაღმერთება და მისი ყოვლისშემძლედ შერაცხვა.

ისტორიკოსი სიმა ციანი ვარაუდობდა და ნაშრომის ავტორთა კანდიდატურაში ასევე აყენებდა კონფუცის თანამედროვეს - ლაო ლაი ძის და ჯოუს ეპოქაში მოღვაწე დანის, რომელიც კონფუცის გარდაცვალებიდან 129 წლის შემდეგ მოღვაწეობდა.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დაო დე ძინის დღევანდელი ტექსტი ლაო ძის მოღვაწეობის ეპოქაზე უფრო გვიანდელი პერიოდის ანაბეჭდებს ატარებს. განიხილება ვერსია, რომ წიგნი დაიწერა ჟან გუოს ეპოქაში და არაფერი საერთო აქვს ლაო ძისთან. ზოგიერთი მკვლევარი კი, ლაო ძის ცხოვრების პერიოდსა და წიგნის გამოცემას შორის დროის უფსკრულის უარსაყოფად, ამტკიცებს, რომ ეს არის ლაო ძის სწავლებების ზეპირსიტყვიერი პრეზენტაცია, რომელიც მისმა მიმდევრებმა წიგნად აქციეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ellwood, Robert S. (2008). The Encyclopedia of World Religions. Infobase Publishing, გვ. 262. ISBN 978-1-4381-1038-7. 
  2. The Tao Te Ching by Laozi: ancient wisdom for modern times en (27 December 2013). ციტირების თარიღი: 28 January 2022
  3. Cao, Feng (20 October 2017). Daoism in Early China: Huang-Lao Thought in Light of Excavated Texts (en). Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-55094-1. 
  4. 4.0 4.1 4.2 თარგი:Harvp.
  5. Creel 1970, What is Taoism? 75
  6. Waley, Arthur
  7. Kohn & al. (1998), p. 1.
  8. Julien (1842).
  9. Giles & al. (1905), Introduction.