დანგრეული გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დანგრეული გორა — არქეოლოგიური ძეგლი მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შულავერის მახლობლად. მდებარეობს შულავერის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთით.[1] მიეკუთვნება შულავერის ჯგუფის ძეგლებს.

ძეგლი განადგურებული იყო, რის გამოც მის ადგილზე გაკეთდა მხოლოდ ორი საკონტროლო თხრილი. მოხერხდა ადრესამიწათმოქმედო და მტკვარ-არაქსული კულტურის ფენების გამოყოფა. კულტურული ფენა თანამედროვე ველის დონიდან 1,2 მ სიღრმეზე ჩადიოდა. ძეგლზე საცხოვრებელი ნაგებობის კვალი არ გამოვლენილა. დაფიქსირდა მხოლოდ ერთი სამეურნეო ორმო, თუ მიწური (1,2X1,4 დიამეტრით), რომელიც ქვევით ფართოვდებოდა. ორმოს კედლები და ძირი თიხის ხსნარითაა შელესილი. აღსანიშნავია ორმოს ძირზე მცენარეთა თესლისა და ყურძნის წიბწის აღმოჩენა.[2] ამგვარი კულტურული ნაშთები ვრცელდებოდა ორივე თხრილში გათხრილ ფართობზე.

დანგრეული გორის ადგილზე აღმოჩენილ კერამიკულ მასალაში გვხვდება იმირის გორისათვის დამახასიათებელი სამივე ჯგუფის თიხის ნაწარმი. ყველა ჭურჭელი ხელითაა ნაძერწი. თიხაში გასამჭლევებლად შერეულია როგორც არაორგანული, ასევე ორგანული მინარევი. შემკულობა რელიეფურია, მხოლოდ ერთ ჭურჭელს აქვს პირი ირიბად დაჭდეული. აღსანიშნავია ერთი ნამჯანარევი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წითლად შეღებილი გაპრიალებული ზედაპირით და სარჩულით. იმირის გორის ჭურჭლების მსგავსად, აქაც გვხვდება ძირზე ჭილოფის სპირალური ანაბეჭდი და პირჩადრეკილი ჭურჭლის ფრაგმენტები. აქვე აღმოჩნდა ძვლისა და რქის იარაღები: სადგისები, საპრიალებლები, ორი სატარენახვრეტიანი თოხი და რელიეფური ორნამენტით შემკული კვერთხისთავი. დანგრეული გორის ნატკეცი ქვის კოლექციაში 18 ერთეულია: ერთი ამორფული ნუკლეუსი და ლამელაზე დამზადებული იარაღები. მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დანგრეული გორა“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 30 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1972 წელი. — გვ. 50-57
  • ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1971 წწ.), თბ., 1975

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]