დავითიანი (ნაწარმოები)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითიანი
Guramishvili 'Davitiani' MSS (2).jpg
ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი
ავტორი დავით გურამიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
თემა ფილოსოფია, ისტორია, რელიგია
ჟანრი ავტობიოგრაფია, ეპიკური პოეზია, პოემა
გამოცემის თარიღი გამოქვეყნებული 1787 წელს,გამოცემული 1894 წელს.
დაწერილია XVIII საუკუნეში.

დავითიანიდავით გურამიშვილის ერთადერთი შემორჩენილი ნაწარმოები. მასში აღწერილია მწერლის ცხოვრება. არის ასევე მრავალი დარიგება ახალგაზრდებისთვის (თავი–სწავლა მოსწავლეთა). ნახსენებია ასევე რუსეთ-პრუსიის ბრძოლაც.

სახელწოდება[რედაქტირება]

დავითიანი საქართველოს მწერლობაში დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელება იყო („თეიმურაზიანი“,„არჩილიანი“ ერქვა ქართველ მეფე–პოეტთა კრებულებს). დავით გურამიშვილი თავისი პოეტური შთაგონების წყაროდ მიიჩნევდა დავით წინასწარმეტყველს. პოეტი ბიბლიურ დავითს ბაძავს, მას ეხმიანება და მის დარად ადიდებს უფალს. ამდენად შესაძლებელია ვივარაუდოთ რომ დავითიანში გურამიშვილთან ერთად პოეტის სეხნიაც–ბიბლიური დავითიც იგულისხმება.[1]

წიგნში შემავალი ძირითადი ნაწარმოებები[რედაქტირება]

ნაწარმოებში შესულია მრავალი ლექსი და ორი ავტობიოგრაფიულ-ისტორიული ხასიათის პოემა - "მხიარული ზაფხული" და "ქართლის ჭირი".ნაწარმოები პროლოგის შემდეგ 4 წიგნად იყოფა. თითოეული წიგნი კი პოემებისა და ლექსებისაგან შედგება.[2]

  • ეს კაცი ასე ილოცავს
  • ამ წიგნთა გამლექსავის გვარისა და სახელის გამოცხადება
  • წიგნი ა
  • წიგნი ბ
  • წიგნი გ
  • წიგნი დ

სიუჟეტი და ძირითადი თემები[რედაქტირება]

დავით გურამიშვილის სახისმეტყველება[რედაქტირება]

დავითიანში“ ერთმანეთს ორგანულად ერწყმის პირუთვნელი მემატიანის მიერ ლექსად ნაამბობი ქართლის ისტორია და თავად პოეტის თავგადასავალი, დიდაქტიკური ლექსები. „ქაცვია მწყემისც“ კი ეს მეტად ეროტიკული პოემა ისევ და ისევ დიდაქტიკურია და ახალგაზრდების დამოძღვრას ემსახურება – როგორ შეიკავონ მოზღვავებული ვნება ჯვრისწერამდე…„… დავით გურამიშვილის დიდაქტიური პოეზია პირს არ შეირცხვენს თუნდა ლუკრეცის, ვერგილის და ჰორაციოს დიდაქტიურ პოეზიას დაუყენო პირისპირ და რომლის სარწმუნოებრივი ღაღადება დავიტ წინასწარმეტყველის ფსალმუნების სიმაღლემდეა ასული“ – წერდა ილია ჭავჭავაძე.სწორედ რელიგიური ლექსები განსაზვღვრავენ „დავითიანის“ რაობას და საერთოდ პოეტის სახისმეტყველებას. პოეტის ლირიკული ლექსები მეტწილად ლოცვითი ხასიათისაა და ფსალმუნურ-ჰიმნოგრაფიულ ტრადიციას უკავშირდება.მეტაფორებით, სიმბოლოებით, მხატვრული სახეებითაა დანაღმული მისი ყოველი სტრიქონი. მზის სახეში პოეტი სამების სიმბოლიკას ჭვრეტს – „მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსილია, აქ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე დაქსაქსულია“. უკიდურესად პოეტურია სამების მზედ, სხივად და ნათელად წარმოდგენა და ამავდროულად ფრიად თვალსაჩინოც – თუ როგორაა ყოვლადწმინდა სამება ერთი. ჯვარცმული მაცხოვრის ხატებას ვხედავთ „ზუბოვკაში“ – ჯერ მშვენიერი ქალი წარმოუდგება, რომელსაც მწველი ალის დანელებას შესთხოვს, ქალი არ თანაუგრძნობს უჩინარდება და მას ენაცვლება სულიერი საყვარელი, რომელსაც როგორც პოეტი ამბობს „ჩემის სიყვარულისთვის სცემეს ხელშეკრულსო, სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა…ასეთი უეცარი მონაცვლეობანი ერთობ კანონზომიერია დავით გურამიშვილის ლირიკაში…

გურამიშვილის გატაცება[რედაქტირება]

დიდგვაროვანი ზედგენიძეები მე-15 საუკუნის დამლევს გადმოსულან ქართლში სამცხე-ჯავახეთიდან, როცა იქ უკიდურესად გაძლიერებულა თურქთა ექსპანსია. გადმოსულან და რამდენიმე გვარად დაშლილან. მე-15 საუკუნის „მცხეთის გუჯარში“ იხსენიება გურამ ზედგენიძე, რომელიც სათავეს უდებს ახალ საგვარეულოს, მათი სამკვიდრო კი იწოდება საგურამოდ.სწორედ საგურამოში დაიბადება 1705 წელს დიდი პოეტი… სწორედ მის განაპირა, შემაღლებულ ადგილას გაშენებულ უბანში – გორისუბანში გაატარებს ბავშვობას… – „მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორისუბანსა“…22 წლის ასაკში კი გარაყანიძის ქალზე დაქორწინებული პოეტი, უკვე მოყვრებთან – ლამისყანაშია გახიზნული. სწორედ ლამისყანიდან, ქსნის ჭალიდან გაიტაცებენ მას ლეკები – გარაყანიძეები იმ დღეს პურს იმკიდნენ, მამითადის თადარიგი დავითს მიანდეს, ისიც დილაადრიან შესდგომია თადარიგს ქსნის ჭალაში, მუშახელის მომლოდინეს, იარაღი აუყრია, მუხის ძირს მიუყუდებია, ის იყო პირი უნდა დებანა წყაროზე, ბუჩქნარებში მიმალული კბილებამდე შეიარაღებული ლეკების რაზმი რომ დასხმია თავს და დაღესტნისკენ გაუტაცნიათ.ტყვეობიდან გაიპარება. დაიჭერეენ. „გავეპარე. დამიჭირეს, რად წახველო დამპაღურეს“. გაყიდვაც უცდიათ. რწმენის შეცვლაც მოუთხოვიათ.კიდე გაიპარება. მშიერი და განადგურების პირას მისული, მხოლოდ მეთორმეტე დღეს გააწევს თავს „ სარუსეთოს“

რატომ გაიტაცეს გურამიშვილი?[რედაქტირება]

გურამიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარები, საგურამოდან ლამისყანაში გახიზვნის მიზეზად რატომღაც, გახშირებულ ლეკიანობას ასახელებენ, არადა, ლამისყანაც რომ ისევე იყო „დაცული“ ლეკებისგან, როგორც საგურამო, ამას გურამიშვილის გატაცების ფაქტიც ცხადყოფს.თავად გურამიშვილი ძალზედ ძუნწად გვიხსნის ლამისყანაში გადახვეწის მიზეზს – „ქვეყნის წახდენის მიზეზით ვცხოვრობდი სხვის ქვეყანასა“.მეტს არას ეუბნება მამა – შვილობილ „დავითიანს“. ასეა, ხანდახან მამები კიდევ უფრო ძუნწად გვიხსნიან შვილებს, ხან საერთოდაც არ გვიმხელენ რატომ გადადგეს ოდესღაც ესა თუ ის ნაბიჯი…„ქვეყნის წახდენად“ მხოლოდ გახშირებული ლეკიანობის მიჩნევა, ქართლის ჭირის ერთობ ზედაპირული გააზრებაცაა და, მეტიც გაუგებარი ხდება, ნუთუ მხოლოდ ლეკთა თარეშის გამო ამბობდა პოეტი – მაჟრჟოლებს და ტანში მზარავსო? პოეტს ის ზარავდა რაც თავად ქართველბს სჭირდათ – რაც დამართეს ერთმანეთს მამლებივით წაკიდებულებმა…გასათვალისწინებელია ისიც რომ პოეტის გატაცებას წინ უძღვოდა ვაქხტანგ მეექვსის რუსეთში გადახვეწა, შემდეგ ცნობილი ბრძოლა ზედაველაზე, სადაც ტახტზე ასული იესე ოსმალების მეშვეობით ებრძოდა აჯანყებულ ქართველებს. ამ ბრძოლაში 19 წლის ჭაბუკი დავით გურამიშვილიც მონაწილეობდა, იბრძოდა ოსმალების და გამყიდველ იესეს წინააღდეგ.

„… არ იმართვოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით; მათ ჩვენმან ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით, მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევით“.

„მათ ჩვენმა ჯარმან“ – ამ სტრიქონით კარგად საცანურდება ბარიკადების რომელ მხარეს იდგა პოეტი – სულაც რომ არ ებრძოლა უშუალოდ ხმლით. სწორედ მოღალატე იესესთან დაპირისპირების გამო ხომ არ მოუწია მას და მისოჯახს გადამალვა და გახიზვნა ლამისყანაში? ერთმანეთზე ძვირის თქმა სხვა ხომ არაფერია თუ არა დასმენა? და სად დაასმენდნენ თუ არა იესესთან, რომელიც მაშინ ზეობდა? აკი ამბობდა კიდეც პოეტი „ჩემი ცოდვაც მისცემია, ჩემს ამომგდებს, ამამბზარავს“…

რატომ არ დაბრუნდა საქართველოში?[რედაქტირება]

პოეტის ავტოპორტრეტი

თუ ამ ფიქრთა ჯაჭვს გავყვებით უფრო გასაგები გახდება, რატომ არ დაბრუნდა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე სამშობლოს მეტრფე პოეტი სამშობლოში, როცა თავი დააღწია ლეკების ტყვებას? რატომ წავიდა მოსკოვს, ვახტანგ მეექვსის კარზე? როცა ბევრად ახლო იყო სამშობლო? განა არა ჰგავს ეს ყოველივე იმას რომ დიდი პოეტი სამშობლოდან პოლიტიკური ნიშნით იყო დევნილი? იმ ხანად ჯერ ისევ მისდამი მტრულად განწყობილი ძალები განაგებდნენ ქართლს და ამიტომ ვერ დაბრუნდა სამშობლოში და არა იმიტომ რომ მის სამშობლოში უბრალოდ ანარქია სუფევდა… მხოლოდ ანარქიას რომ გაჰქცეოდა პოეტი, რა განსხვავება იქნებოდა „დავითიანის“ მამასა და იმ ათიათასობით ქართველს შორის რომლებმაც ამ ბოლო წლებში მიატოვეს ქვეყანა? ამ ყველაფერზე დავითი დუმს „დავითიანში“. მხოლოდ ირიბად თუ ფანტავს მინიშნებებს აქა-იქ… არადა, ერთი შეხედვით გასაკვირია, ის ხომ თავის თავგადასავალს გვიამბობს და რატომ უნდა მალავდეს ამ ფაქტს? თუ დავაკვირდებით, მივხდებით რატომაც, ამით მისი თავგადასვალი იქნებიოდა ერთი კონკრეტული, კერძო შემთხვევა, და არა ტიპიური და განსაზოგადებლად ვარგისი. დავით გურამიშვილმა თავისი თავი პერსონაჟად გამოიყვანა იმისთვის რომ ეჩვენებინა, თუ რა გადახდებოდა ხოლმე ქართველ კაცს საზოგადოდ იმ ეპოქაში და არა იმისთვის რომ თავისი ბიოგრაფია მოეყოლა მხოლოდ და გადაეტვირთა კონკრეტული, მხოლოდ მისი ბიოგრაფიის კუთვნი დეტალებით… ლეკიანობა ლეკიანობად, მაგრამ იქნებ, პოეტის ლეკების მიერ გატაცებაც იესეს ბანაკის მხრიდან ანგარიშსწორების შედეგი იყო? თორემ, თუ ლეკებს მხოლოდ ჯიბის გასქელება სურდათ, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, რატომ არ ან ვერ მიჰყიდეს ყირიმიელ და ყუბანელ თათრებს? რა დაუწუნეს ყირიმელმა თარებმა დავით გურამიშვილს – ჯანღონე? გურამიშვილი ხომ შემდეგ ჰუსართა პოლკში ჩაირიცხა და იბრძოდა ხან თურქების, ხან შვდების და ხანაც პრუსიელთა წინააღდეგ? განა წარმატებული ჰუსარი და პენსიაში პორუჩიკის ჩინით გაშვებული გურამიშვილი მუშახელად მაინც არ ივარგებდა? ან რატომ სთხოვდნენ რწმენის შეცვლას, ქრისტეს სჯულზე უარის თქმას? აკი ამბობს კიდეც, ირიბად გვანიშნებს კიდეც „ავ კაცს კარგი ვით ვუძებნო, ორმოს ჩამსვა თავს დამარქო?“ – ის რომ უბრალოდ ლეკებს გაეტაცათ, განა ამხელა ამხელა მარაქაში გარევდა ლეკების ბრბოს? ისიც ხომ ცხადია, რომ პოეტი, თავის პოეტურ, „ქართლის ჭირად“ სახელდებულ ქართლის ცხოვრებაში პირუთვნელად აღგვიწერს იესეს როლს? განა რადიკალიზმს ასაკში მყოფი ჭაბუკი უფრო ხმამაღლა არ ამხელდა მას და განა მაშინ დამალავდა თავის პირუთვნელ პოზიციას, არ დასძრახავდა მის საძრახ საქციელს, როგორც პოემაში სძრახავს? ხომ ამბობს კიდეც, „სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა, ზე სიმართლით ავიბარგო, ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო“-ო, „მე თუ გინდა თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არა ჰგავს კახაბერსა მე ვერ ვიტყვი კახაბერად“-ო?! ხომ იცის მან რომ მძრახველს ძრახვა თვით რომ ავად მოუხდება, მაგრამ სიავის ფარვა რომ არ მოუხდება ქვეყანას? გურამიშვილს, თავის დროზე რომ კახაბერი დაერქმია ძეძვისმრგველ იესესთვის, იქნებ არც გაეტაცათ ლეკებს („ლეკებს გამოძახებით“…), იქნება შვილებშიც გაფუფუნებულიყო საგურამოში, მაგრამ ეხსომებოდა დღეს ვინმეს? ან მის „დავითიანს“ ექნებოდა ეს ფასი? ან დაწერდა კი საერთოდ იმ კომპრომისზე წამსვლელი ამ მართლაც შემზარავ და ტანში ჟრჟოილვის ამტეხ სტრიქონებს, ინებოდა კი მისი ჰიმნოგრაფია ასე რიგად განათებული ღვთიური მადლით და ნათელით?..

ვახტანგის კარიდან ისევ ტყვეობაში[რედაქტირება]

ვახტანგის კარზე დავითი დიდი პატივით მიიღეს, ჯაბადარბაშის საკმაოდ მაღალი თანამდებობა უბოძეს, იარაღის საწყობები ჩაბარარეს. აქ იგი პოეტურ შეჯიბრებებშიც იღებს მინაწილეობას და პოეტის სახელსაც იხვეჭს.ვახტანგი და მისი მრავალრიცხოვანი ამალა რუსეთის დახმარებით საქართველოში დაბრუნების და ტახტის დაბრუნების იმედს არ კარგავდა. მაგრამ ამაოდ, გეოპოლიტიკური ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა და ვახტანგი იმედგაცრულებული მიებარა ასტრახანის მიწას.რუსეთი არჩევანის წინაშე დააყენებს ვახტანგის ამალას – დაბრუნდნენ სამშობლოში, ან აღიარონ რუსეთის ქვეშევრდომობა და ჩადგნენ მეფის შეთავაზებულ სამსახურში. სანაცვლოდ მიწებს პირდებოდნენ სხვადასხვა გუბერნიებში. დავით გურამიშვილმა ქართველთა კოლონიის უმრავლესობის მსგავსად აღიარა რუსეთის ქვეშევრდომობა. თუმც კი ეს შემდეგ მწარედ ინანა:

„შევსცდი და მწყემსსა წაუველ, გაუდექ მრუდათ ძოვნასა“..

დავით გურამიშვილს მამულები ერგო უკრაინაში, მირგოროდსა და იქვე ზუბოვკაში, 30 კომლი ყმით. მაგრამ არც ამჯერად ეღირსა მშვიდი ცხოვრება, ჩაირიცხა ქართველ ჰუსარა პოლკში, პოლკში, რომელიც 1739 წლიდან მონაწილებდა ხანგრძლივ, დამქნცველ ყირიმის ომში, თურქეთის მრავალრიცხოვანი არმიის წინააღდეგ. ამ ომში რუსის ჯარმა შეუსვენებლივ ე.წ მარშბრასოკით გაიარა ათას კილომეტრამდე. ეს ომი დასრულდა რუსეთის გამარჯვებით. ამ ომში თავი ისახელეს ქართველმა ჰუსარებმა, მათ შორის დავით გურამიშვილმა. იგი ჯერ კაპრალად, შემდეგ კი ასეულის კვარტირმეისტრად დაუწინაურებიათ. 1740 წლიდან კი იგი უკვე ასეულის ვახტმისტრი გამხდარა. მალე ქართველები ჩრდილოეთში გადაისროლეს და პოეტი 1741-42 წლებში ფინეთში შვედების წინააღდეგ იბრძვის.მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება უკრაინაში, გაპატრახებული მამულის მოწესრიგებას დაიწყებს და ისევ ომში გაიწვიეს.

„ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა ვშჭამე ჭადი, მე მომითხრეს მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი. ძალ-უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი, ვამე ტკბილო სიცოცხლეო, შენ რომ ასე გამიმწარდი!“

ამჯერად პოეტი პრუსიელების წინააღდეგ იბრძვის. კისტრინის სახელგანთქმულ ბრძოლაში, რუსთა და ქართველთა კავალერიამ საშინელი სისწრაფით შეუტია მტერს, პრუსიელები შედრკნენ და უკუიქცნენ. მტერს დავითიც მისდევდა. მაგარმ მისი ცხენი ჭაობში ჩაიფლო, ცხენიდან ჩამოვარდა და… მხარდაშავებული, თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი პრუსიელებს ჩაუვარდა ხელში ტყვედ. წელიწადზე მეტხანს იყო სხვა ტყვეებთან ერთად მაგდებურგის ციხე-ბასტიონში.

უკრაინაში[რედაქტირება]

ტყვეობიდან დასნეულებული გამოვიდა, აღარც დაზიანებული მხარი აღუდგა და 54 წლის დავით გურამიშვილი, როგორც მძიმე ავადმყოფი სამხედრო სამსახურიდან პატივით და პორუჩიკის ჩინით გააცილეს პენსიაში.უკრაინაში დაბრუნებულ პოეტს მამული მთლიანად გაპარტახებული დახვდა, კვლავ მოიკრიბა ძალა და ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულთან ერთად მოაწესირგა გაჩანაგებული სახლ-კარი, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. სწორედ აქ და სწორედ ამ პერიოდში იღებს საბოლოო სახეს „დავითიანი“… 1787 წლს შეიტყობს, რომ უკრაინაში, პოტიომკინის კარზე იმყოფებოდა ქართველთა ელჩობა – ერეკლეს ვაჟის მირიან ბატონიშვილის მეთაურობით, მოაწსრიგებს, გადასწერს და სასოებით გადასცემს მას თავის პირმშოს – „დავითიანს“. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გამოიკვლევს „დავითიანი“ გზას საქართველოში… თავად მხცოვან პოეტს კი სულ რამდენიმე წელიწადში – 1792 წელს მიიბარებს უკრაინის მიწა…[3]

ხელნაწერები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დავითიანი (S-1598).

[4].1778 წელს დავით გურამიშვილმა საკუთარი ხელით გადაწერილი კრებული გადასცა მირიან ბატონიშვილს, ერეკლე II-ის ძეს, რომელიც რუსეთის იმპერატორთან იყო მივლინებული და გზად მირგოროდი გაიარა. სწორედ მან ჩამოიტანა საქართველოში "დავითიანი".[5]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია IX კლასი, გვ. 349.
  2. http://lit.ge/book/177-davitiani-davit-guramishvili/
  3. https://burusi.wordpress.com/2013/02/04/guramishvili/
  4. https://ka.wikipedia.org/wiki/დავითიანი_(S-1598)
  5. http://www.kvirispalitra.ge/public/20365-qdavithianiq-tsaikithkheth-ubralod-gonebith-ki-ara-aramed-gulith.html?add=1