გურგენის აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გურგენის აჯანყება (523).

გურგენის აჯანყება — ქართლის აჯანყება ირანის წინააღმდეგ გურგენის წინამძღოლობით. გაიმართა VI საუკუნის 70-იანი წლებში. გურგენი მოხსენიებული ჰყავს ბიზანტიელ ჟამთააღმწერელს თეოფანეს (არის მოსაზრება, რომ გურგენი იგივე გუარამი უნდა იყოს). აჯანყება დაიწყო 571 წელს სომხეთში. მალე მას ქართველებიც შეუერთდნენ. აჯანყების მეთაურებმა მფარველობა სთხოვეს კეისარ იუსტინე II-ს (565-578). კეისრის თანხმობის შემდეგ სომხებმა ქ. დვინში გაანადგურეს ირანის დამსჯელი ლაშქარი და მოკლეს მისი მეთაური მარზჰანი სურენი: ქართველებმა დაამარცხეს ირანელთა სარდალი გოლონ-მიჰრანი. აჯანყება ბიზანტია-ირანის ომში გადაიზარდა და ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა. 579 ირანის შაჰმა ჰორმიზდ IV-მ თავის მხარეზე გადაიბირა აჯანყების მეთაურები. მან გურგენი ირანზე დაკიდებულ ქართლის მთავრად ცნო. მართალია, იმხანად ქართლი ირანის მორჩილებისაგან ვერ გათავისუფლდა, მაგრამ აჯანყების პერიოდში წარმოიშვა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება, რაც ადრინდელი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს შექმნას ნიშნავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 212.
  • ბოგვერაძე ა., ადრეფეოდალური ქართული სახელმწიფოები VI-VIII საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თ., 2, თბ., 1973