გრანულომეტრიული შედგენილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრანულომეტრიული შედგენილობა, გრანულომეტრიული შემადგენლობაქანებში, ნიადაგსა და ხელოვნურ პროდუქტებში არსებული სხვადასხვა ზომის მარცვლები. გრანულომეტრიული შედგენილობა ბუნებრივი და ხელოვნური მასალების ფიზიკური თვისებებისა და სტრუქტურის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. გეოლოგიაში, გრუნტმცოდნეობაში, ნიადაგთმცოდნეობაში, ზღვის გეოლოგიასა და ტექნიკაში გამოიყოფა გრანულომეტრიული ფრაქციის საკუთარი კლასიფიკაცია და სახელწოდება. ასე მაგალითად, დანალექ ქანებში განასხვავებენ: მსხვილ (დაახლოებით 500 მმ), საშუალო (500-250 მმ) და წვრილ (250-100 მმ) კაჭარს; მსხვილ (10-5 მმ), და წვრილ (5-2 მმ) კენჭს; აგრეთვე არსებობს: უხეში ქვიშა — 2-1 მმ, მსხვილი ქვიშა — 1-0,5 მმ, საშუალო ქვიშა 0,5-0,25 მმ, წვრილი ქვიშა — 0,25-0,10 მმ, ალევრიტი 0,10-0,05 მმ, მტვერი 0,05-0,005 მმ, თიხა — 0,005 მმ-ზე ნაკლები. გრანულომეტრიული შედგენილობა დგინდება გრანულომეტრიული ანალიზის შედეგად. გრანულომეტრია ეწოდება ქანის ან ნიადაგის კომპონენტების ზომის განსაზღვრას და მათი რაოდენობის გამოსახვას პროცენტებით. გამოიყოფა ფსეფიტური, ფსამიტური, ალევრიტული და პელიტური ფრაქციები.

გრანულომეტრიული შედგენილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ანტიდეფლაციურ სიმტკიცეზე, არამედ ქარისმიერი ეროზიის ხასიათზეც. ნიადაგის გრანულომეტრიული შედგენილობა (ნიადაგის მექანიკური შემადგენლობა) შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ მათი სტრუქტურული თავისებურება. ქანებსა და ნიადაგებში არსებული ნაწილაკების დიამეტრი უდრის 0,001 მმ-ს, ან უფრო მეტს. დაწვრილებითი ანალიზისათვის დიაპაზონის ზომებს ყოფენ ფრაქციებათ. ნაწილაკების ერთიანი კლასიფიკაცია არ არსებობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • W C Krumbein & L L Sloss, Stratigraphy and Sedimentation, 2nd edition (Freeman, San Francisco, 1963).