გორის ადმინისტრაციული შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორის ადმინისტრაციული შენობაგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობა. აშენებულია 1952 წელს, სტალინის გამზირისა და ი. ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ ცენტრალურ მოედანზე. არქიტექტორები — მიხეილ შავიშვილი, ზ. ცქიტიშვილი. მისამართი — სტალინის გამზირი №16. კლასიკური სტილის შენობაა, აქვს 3 სართული და სარდაფი. ფასადის მხარეზე გამოწეულია ფლიგელები და დაგვირგვინებულია მინის გუმბათით. მთავარ კორპუსს ფასადის ცენტრში გასდევს პორტიკი. სართულშუა სარტყელი პორტიკს ყოფს ორ იარუსად: I სართულის ცენტრალური შესასვლელი გადაწყვეტილია პარადული კიბეებისა და არკადის სახით, II სართული ტერასითა და 8-სვეტიანი კოლონადით შენობის მთელ სიმაღლემდე. სვეტები დანაწევრებულია კანელურებით და დაგვირგვინებულია ბეტონის კაპიტელებით. შენობას მთელ სიგრძეზე გასდევს რელიეფური ლავგარდანი. ფასადის მხარეს განთავსებულია აივნები. ფანჯრის ღიობები მორთულია ორნამენტებით. კედლები ტუფისაა, მოპირკეთებულია ეკლარის ქვით. 2008 წლის 3 აპრილს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.[1] შენობის წინ იდგა იოსებ სტალინის ძეგლი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ადმინისტრაციული შენობა. memkvidreoba.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-09. ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2020.