გორდუენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გორდუენე — (ანტ. წყაროებში — გორდიენე და გორდიეა; ძვ. სომხ. კორდუქი) — მთაგორიანი ქვეყანა ახლანდელი ქურთისტანის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში. გორდუენეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა მდ. კენტრიტი (ახლანდელი ბოტან-ჩაი), დასავლეთით — მდ. ტიგროსი, ხოლო სამხრეთით — კარდუხების , იგივე გორდიების მთები (ე. ი. ამ მიმართულებით საზღვარი თანამედროვე ქ. ჯიზრეს მიდამოებამდე აღწევდა). გორდუენეს ეტიმოლოგიაზე სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი ვარაუდობენ, რომ ასურულ წყაროებში გორდუენე მოხსენიებულია „კატმუხის“ ან „კუტმუხის“ ფორმით. სხვათა თვალსაზრისით, ტოპონიმი გორდუენე დაკავშირებულია ქართველთა თვითსახელწოდებასთან „ქართველი“. ასეთი კავშირი აიხსნება მუშქი-მესხების ქართველური ტომების ინფილტრაციით აღნიშნულ რეგიონში ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს. ძვ. წ. VI-V საუკუნეების გორდუენე სპარსული იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. ძვ. წ. V საუკუნის მიწურულს კი — დამოუკიდებელი ქვეყანა. სპარსელთა ცდა, კვლავ შეეერთებინათ გამდგარი ქვეყანა, მარცხით დამთავრდა. ძვ. წ. I საუკუნეში გორდუენე დაიპყრო დიდი სომხეთის მეფე ტიგრან II-მ (ძვ. წ. 95–56), მოგვიანებით კი — რომაელთა სარდალმა პომპეუსმა. გამარჯვებულმა რომაელებმა თავდაპირველად გორდუენე სოფენესთან ერთად სამმართველოდ გადასცეს ტიგრან II-ის ვაჟს ტიგრანს, ხოლო შემდეგ — კაპადოკიის მეფე არიობარზანეს (ძვ. წ. 95-63). ძვ. წ. I საუკუნის 50-იან წლებში გორდუენესა და სოფენეს კვლავ დიდი არმენიის მეფეები დაეუფლნენ. ამის შემდეგ გორდუენე სომხეთის ორგანულ ნაწილად იქცა. გორდუენეს დასახლებულ პუნქტთა შორის ცნობილია შემდეგი ქალაქები: სარისა, სატალკა, პინაკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]