გომურნის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გომურნის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომურნში.

მდებარეობს სოფლის დასაწყისში მდებარე საცხოვრებელ სახლებს შორის. კოშკი ნაგებია მოზრდილი ზომის, უხეშად დამუშავებული ქვის ლოდებისაგან მშრალი წყობით. შემორჩენილია პირველი, ყრუ სართულის დონეზე. შემორჩენილი კედლის მაქსიმალური სიმაღლე მერყეობს 4-5 მეტრამდე. ზურგიანი კოშკი მიმართულია ჩრდილო-სამხრეთ ღერძე. ზურგის მხარე ჩრდილოეთით „ხადის კარისკენ“ და ხადის ხეობის ზემო წელისკენაა მიქცეული, ხოლო სწორი — შუბლის მხარე კი სამხრეთით სოფელ სვიანა-როსტიანისკენ იმზირება. ზურგის მხარე თითქმის მთლიანად მიწაშია ჩადგმული და მიწითაა დაფარული. სამხრეთიდან და დასავლეთიდან თანამედროვე საცხოვრებელი და სათავსი ნაგებობები აქვს მიდგმული, დასავლეთიდან ის ნაწილობრივ სათავს ნაგებობაშია მოქცეული. კოშკის დასავლეთ კედელი სათავსი ნაგებობის კედლადაა გამოყენებული. კოშკის კედლის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს, რომელიც სათავსი ნაგებობის გადახურვის ღია კონსტრუქციის ქვეშაა მოქცეული. აღმოსავლეთით ფიქსირდება სავარაუდოდ კოშკის თანადროული სწორკუთხა გეგმის სათავსი ნაგებობების კედლის ნაშთები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36123