გიჩინ ფუნაკოში
გიჩინ ფუნაკოში | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 ნოემბერი, 1868 შური, იაპონია |
გარდაცვალების თარიღი |
26 აპრილი, 1957 ტოკიო, იაპონია |
ეროვნება | იაპონელი |
გიჩინ ფუნაკოში (იაპონ. 船越 義珍; დ. 10 ნოემბერი, 1868 — გ. 26 აპრილი, 1957) — თანამედროვე კარატეს ფუძემდებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გიჩინ ფუნაკოში ოკინავის სატახტო ქალაქ შურიში დაიბადა. მისი ოჯახი სიძუკუს (მცირეწლოვან აზნაურთა) კლასს მიეკუთვნებოდა. პატარა გიჩინი ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო. მისი აღზრდა ბებია-ბაბუამ ითავა. მისი ბაბუა, სახელგანთქმული სწავლული კონფუციონისტი, ოდესღაც სამეფო კარზე მასწავლებლად მოღვაწეობდა. ბებია გიჩინს ჩინურ კლასიკურ ლიტერატურაში ამზადებდა.
ფუნაკოშიმ კარატეს შესწავლა 11 წლის ასაკიდან დაიწყო მისი თანაკლასელის, იასუცუნე აძატოს ვაჟის, ხელმძღვანელობით. ოცი წლისამ ვარჯიში განაგრძო ტაიჩეი კინძესთან, რომელსაც მეტსახელად „რკინის მუშტი“ შეარქვეს. თუმცა გიჩინი მასწავლებლის საძაგელი ხასიათის გამო მასთან დიდხანს არ გაჩერებულა. რამდენიმე თვის შემდეგ ვარჯიში განაგრძო აძატოსთან, რომელსაც დიდ პატივს სცემდა. იმ დროისათვის ოკინავაზე ორთაბრძოლების სწავლება იკრძალებოდა, ამიტომ ვარჯიში ღამ-ღამობით საკუთარ ეზოში უწევდათ. მასწავლებელი დიდ დროს უთმობდა კარატეს ფსიქოლოგიურ ასპექტებზე საუბარს. იგი ფიქრობდა, რომ ჭეშმარიტი რაინდისათვის მაღალი ტექნიკის დაუფლებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ღირსეული ქცევებისა და მანერების ჩამოყალიბებას. აძატოს აზრით, გამარჯვების საიდუმლო მდგომარეობს გულმოდგინე დაკვირვებების შედეგად საკუთარი თავისა და მოწინააღმდეგის ამოცნობაში.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფუნაკოში სოკონ მაცუმურასთა და კიდევ სხვა ზოგიერთ ცნობილ ოკინაველ ოსტატთან ვარჯიშობდა. ის საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა, სხეულს იკაჟებდა, დღეში 10-15 კმ-ს დადიოდა. დღისით სკოლაში მუშაობდა, საღამოს კი კარატეში ვარჯიშობდა. მასთან ერთად ვარჯიშობდა მისივი მეუღლეც , რომელმაც ოსტატობის მაღალ დონეს მიაღწია და ზოგჯერ მოწაფეების მეცადინეობის დროს ქმრის ადგილსაც იკავებდა.
დროთა განმავლობაში კარატე ოკინავაზე ოფიციალურად იქნა დაშვებული და უფრო მეტიც, 1901 წელს იგი ფიზიკური მომზადების პროგრამაში შეიტანეს. 1917 წელს გიჩინ ფუნაკოშიმ მოაწყო პირველი საჩვენებელი გამოსვლა ოკინავას ფარგლებს გარეთ ქალაქ კიოტოში. მან დატოვა სასწავლებელი, სადაც იაპონურ ენას ასწავლიდა და ძირითადი ყურადღება კარატეს, მის განვითარებასა და პოპულარიზაციას დაუთმო.
გიჩინ ფუნაკოშის ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი კარატეს საბრძოლო ხელოვნების ისტორიისა და მეთოდიკის შესახებ. იაპონიის იმპერატორმა მის პირველ წიგნს - „რიუკიუ კემპო: კარატეს“ მაღალი შეფასება მისცა. ტოკიოში გადასვლის შემდეგ დიდოსტატმა გამოსცა წიგნი თანამედროვე კარატეს შესახებ - „მუშტის გამოყენების ხელოვნება“. ფუნაკოშიმ სხვადასხვა ოკინაველ ოსტატებთან ერთად სხვადასხვა უნივერსიტეტში დააარსა ჯგუფები და სექციები. 1924 წელს მან გახსნა პირველი კლუბი მეისეიჯუკუში, უნივერსიტეტ კეიოს საერთო საცხოვრებელში, სადაც ოკინაველი სტუდენტები ცხოვრობდნენ. 1935 წელს გამოვიდა მისი წიგნი „კარატეს გზა: მოძღვრება“. კარატე აღარ იყო მხოლოდ ხელოვნება. ის იქცა გზად (დო). დო-ს ფენომენის და მასთან დაკავშირებული სულიერი ასპექტის დამკვიდრება კარატეში სწორედ გიჩინ ფუნაკოშის დამსახურებაა. დიდოსტატმა ცვლილება შეიტანა სიტყვა კარა-ტეს იეროგლიფურ დამწერლობაში. სიტყვა კარა-ტე ფუნაკოშიმ განსაზღვრა არა როგორც „ჩინური ხელი“ (რაც მანამდე იყო მიღებული), არამედ როგორც „ცარიელი ხელი“.
1936 წელს ფუნაკოშიმ დააარსა საკუთარი სკოლა-ცენტრი შოტოკანის სახელწოდებით, გახსნა ამავე სკოლის პირველი დარბაზი - დოჯო. აქედან მომდინარეობს შოტოკან-რიუ - ტრადიციული კარატეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სტილი. შოტოკანის პრაქტიკულ განვითარებაში და საერთოდ, კარატეს სპორტულ სახეობად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის დიდოსტატის ვაჟს იოშიტაკა ფუნაკოშის.
1945 წელს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტოკიოს დაბომბვისას შოტოკანის დოჯო ნანგრევებად იქცა. მაგრამ ფუნაკოშიმ იგი კვლავ აღადგინა. 1949 წელს დაარსდა იაპონიის კარატეს ასოციაცია (JKA), რომლის მთავარ მრჩევლად გიჩინ ფუნაკოში აირჩიეს. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა კარატეს განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1953 წელს ფუნაკოში კარატეს წამყვან ოსტატებთან ერთად მიწვეულ იქნა აშშ-ში კარატეს დემონსტრირებისა და სწავლებისათვის. ამ დროს დიდოსტატი უკვე მხცოვანი იყო, მაგრამ ამისდა მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე მაინც ვარჯიშობდა და თავის ეფექტიანი ილეთებით ადამიანებს კვლავაც განაცვიფრებდა. ამ პერიოდში შეიქმნა მისი ცნობილი წიგნი „კარატე-დო - ჩემი ცხოვრების გზა“.
გიჩინ ფუნაკოშიმ 90 წელიწადს იცოცხლა. ამას იგი მიაწერდა კარატეს ვარჯიშებს - წამლებს შორის ყველაზე საუკეთესოს.
გიჩინ ფუნაკოშის ოცი პრინციპი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კარატეში ყველაფერი რიტუალით იწყება და რიტუალითვე მთავრდება.
- კარატეში არ არის პირველი შეტევა.
- კარატე სამართლიანობის საწინდარია.
- ჯერ საკუთარი თავი შეიცან, შემდეგ სხვები.
- ხელით ოსტატობაზე მნიშვნელოვანი გულით ოსტატობაა.
- აუცილებელია, თავისუფლება მისცე გულისთქმას.
- კარატეზე ნუ იფიქრებ მხოლოდ დოჯოში.
- წარუმატებლობა სიზარმაცეს მოაქვს.
- მთელი ცხოვრება კარატეს მიუძღვენი.
- ყველაფერი კარატეს დაუმორჩილე.
- კარატე ცხელ წყალს წააგავს: თუ მისი გათბობა შეწყვიტე, ის გაცივდება.
- ნუ იფიქრებ გამარჯვებაზე; იფიქრე, რომ არ დამარცხდე.
- გამარჯვება დამოკიდებულია უნარზე, განასხვავო სუსტი მხარე ძლიერისაგან.
- ორთაბრძოლა წარმართე ბუნებრივი სტრატეგიის შესაბამისად.
- საკუთარი ხელები და ფეხები აღიქვი, როგორც ხმლები.
- სახლიდან გამოსვლისას წარმოიდგინე, რომ გარეთ ათი ათასი მტერი გელის.
- დამწყებთათვის გამოიყენება დაბალი დგომები, წინწაწეულთათვის - ბუნებრივი.
- კატა და ნამდვილი ბრძოლა ორი სხვადასხვა ცნებაა.
- გახსოვდეს, რომ არსებობს სიმაგრე და სირბილე, დაძაბვა და მოდუნება, სისწრაფე და ნელი მოძრაობა.
- მუდამ ეძიე სიახლე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟურნალი კარატე-დო, მთავარი რედაქტორი: კახა ბასილია, სარედაქციო ჯგუფი: ნანა კობახიძე, გოჩა სარკიაშვილი. თბილისი, 2006.
- Thomas Heinze: Die Meister des Karate und Kobudo. Teil 1: Vor 1900. Books on Demand, Norderstedt 2009, ISBN 3-8391-1785-2