გეოგრაფიული განათლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გეოგრაფიული განათლება — სწავლებისა და აღზრდის სისტემა, რომლის მიზანია მოსახლეობაში გეოგრაფიული ცოდნის ფორმირება. მოიცავს სასკოლო და უმაღლეს გეოგრაფიულ განათლებას. მისი განსაკუთრებული ფორმაა — თვითგანათლება, რომელსაც ხელს უწყობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გეოგრაფიული საზოგადოებების სალექციო-პროპაგანდისტული საქმიანობა. გეოგრაფიული განათლებას ძირითადი ამოცანაა ინფორმაციის გადაცემა და ცოდნის ფორმირება ბუნების, მოსახლეობისა და მთლიანად დედამიწის მეურნეობის, განსხვავებული ქვეყნებისა და რაიონების ძირითად გეოგრაფიულ კანონზომიერებათა შესახებ.[1]

ზოგად გეოგრაფიულ განათლებას იძლევა საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. პირველი ქართულენოვანი გეოგრაფიული სახელმძღვანელოები შეიქმნა XVII საუკუნეში. 1710 წელს რუსეთში ჰოლანდიურიდან ითარგმნა გეოგრაფიული სახელმძღვანელო, რომელიც 1727 წელს გაბრიელ გელოვანმა მოსკოვში ქართულად თარგმნა სახელწოდებით „ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმგურგვლისათვის აღწერა...“.[2]

1752 წელს ვახუშტი ბატონიშვილმა ქართულ ენაზე თარგმნა მსოფლიოს მცირე ატლასი და მის უკეთ მოსახმარად დაწერილი სახელმძღვანელო „მოკლედ ქცეულების ღეოღრაფია...“, რომელსაც დაუმატა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის, სპარსეთისა და ოსმალეთის გეოგრაფიული დახასიათება. მოსწავლე ახალგაზრდობაში გეოგრაფიული ცოდნის ელემენტების შეტანას დიდად შეუწყო ხელი იაკობ გოგებაშვილის შრომებმა და სასკოლო სახელმძღვანელოებმა.[2]

საქართველოში გეოგრაფიულ განათლებას დიდი ამაგო დასდო ალექსანდრე ჯავახიშვილმა, რომლის თაოსნობითაც 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა გეოგრაფიული და ანთროპოლოგიური კათედრა, 1934 წლის ოქტომბერში შეიქმნა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (სწავლების ვადა 5 წელი).[2]

უმაღლეს და საჯარო სკოლებში გეოგრაფიული სწავლებისათვის შექმნილია სახელმძღვანელოები, გეოგრაფიული რუკები, გლობუსები და სხვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014, გვ. 64–65.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 გ. დონდუა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 588.