გედსამანიის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გედსამანიის („ტბეთის“) წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფელ გედსამანიიდან 2 კმ-ის მანძილზე, მაღალი მთის წვერზე, გაშლილ მინდორზე.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხარაგაულელი ავტორის, იზა ვეფხვაძის წიგნის „ხარაგაულის“ მიხედვით მეცხრამეტე საუკუნის პრესის მასალებით ეკლესიას "ტბეთი" ეწოდება შავშეთში მდებარე ტბეთის ეკლესიის პატივსაცემად. ამავე მასალების მიხედვით არსებულა ხალხური გადმოცემა, რომ ეკლესია თამარ მეფეს აუგია. რადგან ადგილი მიუვალი იყო, ხალხი ჩამწკრივებულა მდინარიდან მთის წვერამდე და თოთოეული ქვის ხელი-ხელ გადაწოდებით აუზიდავთ საშენი მასალა მთის წვერზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ირგვლივ ასწლოვანი, უზარმაზარი ცაცხვის ხეები აქვს შემოჯარული. ინტერიერი - აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, ცენტრში თაღოვანი სარკმლით, რომელშიც თუნუქია ჩასმული. აბსიდის სამხრეთ კედელში დატანებულია ოთკუთხა ნიშა, ხოლო ჩრდილო კედელში - თაღოვანი. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ჩატანებულია ქვევრები. საკურთხეველში, ზედ აღმოსავლეთის კედელთან მიდგმულია ტრაპეზის მაღალი, ოთკუთხა ქვა. საკურთხევლის კედლები სანთლის დასანთებ სიმაღლეზე ძალზედ შემურულია. ყველგან შერჩენილია სანთლის ნაღვენეთები. საკურთხეველში, ნიშებში და კედლებზე განლაგებულია თანამედროვე ხატები და ჯვრები. რატომღაც, საკურთხეველშია ჩამოკიდებული თანამედროვე ზარი, ასევე დგას თვითნაკეთი კუსტარულად დამზადებული სასანთლეები. ეკლესიის ინტერიერი, გარდა საკურთხევლისა და კონქისა, შელესილია. სამხრეთის კედელში გაჭრილია თაღოვანი კარი და მომცრო ზომის თაღოვანი სარკმელი. დასავლეთის კედელს გადაუყვება თაღი. ეკლესია აშენებულია სხვადასხვა ზომის ქვებით. ეკლესიის ფასადები შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, სახურავის ქვემოთ, ამოკვეთილია წრეში ჩასმული ჯვარი. სახურავს შემოყვება კარნიზი. კარნიზის ქვები ბევრგან ჩამოცვენილია და სამხრეთის კედელთანაა დალაგებული. არის საშიშროება კარნიზის ქვების ჩამოცვენისა. ეკლესიის შესასვლელ კართან ორსაფეხურიანი ქვის კიბეა. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით. ამჯერად გადახურულია გოფრირებული თუნუქით (ადგილობრივი მოსახლეობის ძალებით). დასავლეთის ფასადიდან დაახ. 1მ-ის დაშორებით დგას ახლად აგებული ნაგებობა, რომელიც გადახურულია ეკლესიის ძველი, შემორჩენილი კრამიტით. სავარაუდოდ, ეს ნაგებობა „ტბეთობის“ დღესასწაულზე ამოსულ მოსახლეობის, ღამისმთევლებისა და სუფრის გასაშლელად უნდა იყოს განკუთვნილი (შენობაში განლაგებულია მაგიდები და სკამები). ეკლესია არ არის მოქმედი. აქ , გიორგობის თვის პირველ ნახევარში, ორშაბათ დღეს, იმართება „ტბეთობის“ დღესასწაული, რომელშიც ახლომახლო სოფლების მოსახლეობა იღებს მონაწილეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8684