გდუს წმინდა გიორგის ეკლესია
გდუს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გდუში, „საფერეშეთის“ ხეობა. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
მდ. ალეურას ხეობაში მდებარე დარბაზული ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია.
ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით დიდი ზომის თითო ნიშაა, რომელთაც გეგმაში ნახევარწრიული ფორმა აქვთ. სფერული კონქი გადაყვანილია შირიმის ქვის რადიალური რიგებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა.
გრძივი კედლები ფართე პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრებს ეყრდნობა შეისრული კამარის საბრჯენი თაღი, დასავლეთი თაღი კი კუთხის პილასტრს ებჯინება. დარბაზი განათებულია სამხრეთით ორი, დასავლეთით ერთი, ხოლო ჩრდილოეთით - ორი სწორკუთხა სარკმლით. აქედან ჩრდილოეთის და სამხრეთის თითო სარკმელი ამოშენებულია.
დასავლეთ კედელში მოწყობილი შესასვლელი შიგნით არქიტრავული, გარეთ კი თაღოვანია.
ეკლესიის დასავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ წყობაში ჩაძირული ჯვრის გამოსახულებაა. კარნიზი მარტივპროფილიანია.
ძეგლის სახურავი აყრილია, სარკმლები დაზიანებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 36-37