გალობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გალობა — ვოკალური ხელოვნება, ძირითადად სასულიერო ხასიათის, მიმართული ღმერთის ან წმინდანებისადმი. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: „გალობა არს ჴმა-ავაჯიანი, შეწყობით აღტევებული თჳნიერ ორღანოსა, გინა ორღანოთა და მწყობრითა“.

საქართველოში გალობის ორი სახეობაა ცნობილი — საერო და სასულიერო. საერო შეიცავდა სალხინო სუფრისა და სხვა წესთან დაკავშირებულ საგალობლებს, სასულიერო — წმინდანების განდიდებასა და შესხმასთან დაკავშირებულ ჰიმნებსა და საგალობლებს.

ქართული სასულიერო საგალობლის ტიპებია: კანონიკური და თვითავაჯიანი. კანონიკური გალობა 9 კანონისაგან შედგება (უგალობდეთ, მოიხილე, განძლიერდა, უფალო მესმას, ღამითგან, ღაღადჰყავ, კურთხეულ არს, აკურთხევდით, ადიდებდეთ). გალობის სახელწოდებები მომდინარეობს ბიბლიურ გალობათა საწყისი სიტყვებიდან. კანონის გალობა აგებულია ძლისპირებისა და დასდებელთა თანამიმდევრობაზე, სადაც ძლისპირი არის რიტმულ-მელოდიური მოდელი მომდევნო დასდებლებისათვის. თვითავაჯიან საგალობლებს ძლისპირები არ გააჩნიათ. მათ ასრულებენ ტექსტის თანხმლები ნევმური ნიშნების მიხედვით.

ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას 2021 წლის 2 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • როსებაშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]