შინაარსზე გადასვლა

გაიბოტენის საცხოვრებელი კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიბოტენის საცხოვრებელი კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს შუა სოფელში. შედგება კოშკის, საცხოვრებელი სახლისა და სამეურნეო სათავსებისაგან. თარიღდება შუა საუკუნეებით. საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო სათავსეები აგებულია XIX-XX საუკუნის მიჯნაზე. ყველა ნაგებობა ნაშენია ნატეხი ქვით.

კოშკი (4,8x7,15 მეტრი) ზურგიანია. გადმოცემით იგი ოთხსართულიანი ყოფილა. შემორჩენილია 6 მეტრ სიმაღლეზე და ამოვსებულია მიწითა და ქვებით. კოშკზე დასავლეთიდან მიშენებულია გეგმით სწორკუთხა (5,5x15,5 მეტრის) საცხოვრებელი სახლი, რომლის გადახურვა ჩანგრეულია. სახლის სამხრეთ კედელში სწორკუთხა შემოსასვლელია. შესასვლელის ორივე მხარეს, სიმეტრიულად ორ-ორი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. დანარჩენი კედლები ყრუა. შენობის ბოლოში, დასავლეთით ყრუკედლებიანი სამეურნეო სათავსია (4x5,2 მეტრი), რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. კოშკზე სამხრეთიდან მიდგმული, გეგმით სწორკუთხა (4,2x2,5 მეტრი) სამეურნეო ნაგებობისგან კედლების მხოლოდ მცირე ნაწილებია შემორჩენილი.