ბოსელთას (შატბერდის) ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოსელთას (შატბერდის) ციხე — მდებარეობს ართვინის ვილაიეთის ართვინის ილჩეს განაპირა სოფელ ოქუმუშლარის სამხრეთ-დასავლეთით, არსიანის მაღალი მთებით გარშმორტყმულ ნაყოფიერ და ტყიან ხეობაში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს შაბერთას.


შესწავლის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წელს სამხრეთ საქართველოში ექსპედიციის დროს დიმიტრი ბაქრაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ „შატბერდად უნდა იგულისხმებოდეს თვით ლოდის-ყანა, თუმცა ახლა, როგორც მე ადგილობრივ დავრწმუნდი, ეს სახელი დაკარგულია“. ვახტანგ ჯობაძე შატბერდის მდებარეობის დადგენას რთულ საკითხად მიიჩნევდა. ბოსელთას ციხის შედარებით სრული აღწერილობა ეკუთვნის ბათუმის უნივერსიტეტის საექსპედიციო ჯგუფის წევრს შოთა მამულაძეს. [1] ბოსელთას ციხის შესახებ წერილობითი თუ ნივთიერი წყაროები მწირად არის შემორჩენილი. შატბერდის შესახებ პირველი ცნობა გვხვდება გიორგი მერჩულეს თხზულებაში.


ისტორიული გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხემდე მისასვლელ მარშრუტებს დაწვრილებით აღწერს შოთა მამულაძე. იგი აღნიშნავს, რომ შარბიეთის ციხეც საიმედოდ კეტავდა და იცავდა არტანუჯისაკენ სამხრეთ დასავლეთიდან მომავალ გზებს. ივანე ჯავახიშვილი ვახუშტიზე დაყრდნობით ახასიათებდა კლარჯეთს ბუნებას, როგორც უაღრესად მთიანი, ტყიანი და მცირე ველოვანი. შატბერდში არსებული ტიპიური კლარჯული ბუნებისგან განსხვავებული გარემო არის ერთ-ერთი არგუმენტი ბოსელთას იდენტიფიცირებისთვის შატბერდის მონასტერთან.


ტოპონიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოპონიმი ბოსელთა უნდა მიანიშნებდეს ხეობის ნაყოფიერებას, სასოფლო-სამეურნეო ფუნქციას. ნიკო მარი კლარჯეთში მოგზაურობის დღიურში ორგზის იხსენიებს ტოპონიმ ბოსელთას. ბოსელთას ძველი სახელწოდება „აგარა“ იყო. ხეობის ტოპონიმიკა (შაბერთა, ბოსელთა, აგარა) ადასტურებს აქ შატბერდის მონასტრის და მისი „მცველი ციხის“ არსებობას.


ციხის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოსელთას (შატბერდის) ციხე გაშნებულია N-E/S-W წაგრძელების მაღალი კლდოვანი ქედის დასასრულ, ნახევარ პერიმეტრზე. ციხე მონასტრის ნანგრევებს დაჰყურებს ზემოდან. ბოსელთას ციხე გამორჩეულად დაცული და ძნელად მისადგომია, ვინაიდან სამი მხრიდან მიუვალია. აქვს ერთადერთი ძალზე ვიწრო, რთული რელიეფის მქონე მისადგომი კლდოვანი ქედის თხემზე გამავალი ბილიკის სახით. ციხის მთავარი კარიბჭიდან 10 მეტრში, ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით არის დიდი ზომის ლოდი, რომელზეც ამოკვეთილია ორნაწილიანი წყალშმკრები თავისი რეზერვუარით. შოთა მამულაძე მას საწნახელად მიჩნევს. შატბერდის ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრიგელში შემორჩენილია დიდი რეზერვუარი. სავარაუდოდ განკუთვნილი მარცვლეულის და სურსათის შესანახად. შოთა მამულაძე მას მარნად მიიჩნევს, რის საფუძველს ოქროსმაძიებელთა მიერ ნათხარ ფენაში აღმოჩენილი კერამიკის ნაშთები აძლევს. წყალშმკრებიდან 6 მ.-ის მანძილზეა ციხესიმაგრის მთავარი კოშკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
  1. შოთა მამულაძე. შარბეთის ციხე. კრებ.: თბ. 2009. გვ. 56-57.