ბოთლიხური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოთლიხური ენაიბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის დაღესტნურ ენების ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა ჯგუფის ანდიური ქვეჯგუფის ერთ-ერთი უმწერლობო ენა. გავრცელებულია ბოთლიხის რაიონის ორ აულში — ბოთლიხსა და მიარსუში.

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოთლიხური ენის ფონეტიკურ სისტემაში 5 მარტივი ხმოვნის გარდა არის ნაზალიზებული ხმოვნები. ყრუ სპირანტებსა და აფრკატებს შორის ფონოლოგიური დაპირისპირებაა: „სუსტი—ძლიერი“. დასტურდება ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები, სპეციფიური ყრუ ლატერალური თანხმოვნები. მახვილი სუსტი, დინამიკურია.

ბოთლიხური ენა აგლუტენაციურია, ანალიზური წყობის ტენდენცია აქვს (უპირატესად ზმნაში). ყველა მორფოლოგიური კატეგორია, გრამატიკული კლასის გარდა, გადმოცემულია სუფიქსებით. მხოლობით რიცხვში გარჩეულია 3 გრამატიკული კლასი, მრავლობითში 2 (ცოცხალთა და არაცოცხალთა). ბრუნება განვითარებულია: 4 ძირითადი ბრუნვის გარდა დასტურდება ორ ათეულამდე ლოკატიური ბრუნვა, რომელიც 6 სერიას ქმნის. ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და დრო-კილოთა მიხედვით. ძირითადი დროებია აწმყო, ნამყო და მყოფადი. ზმნაში რიცხვის გადმოცემა დაკავშირებულია გრამატიკული კლასის აღნიშვნასთან. ბრძანებითში გარჩეულია გარდამავლობა-გარდაუვალობა. სიტყვაწარმოება სუსტადაა განვითარებული. გარდამავალი ზმნა ერგატიულ კონსტრუქციას ქმნის. რთული წინადადების ასაგებად გამოიყენება მიმღეობიანი და აბსოლუტივიანი კონსტრუქციები.

ბოთლიხური ენაში ძირითადი ლექსიკური ფონდი კარგადაა დაცული, თუმცა ბევრია ნასესხები სიტყვაც. ბოთლიხისა და მიარსუს მეტყველებას შორის უმნიშვნელო სხვაობაა (ძირითადად ფონეტიკური ხასიათისა). ბოთლიხელები ორენოვანი ხალხია: დედაენის გარდა ყველამ იცის ახლომონათესავე ხუნძური, რომელიც მათთვის სალიტერატურო ენაა (ხუნძურ ენაზეა ადგილობრივი საქმისწარმოება, დაწყებითი სკოლა და ადგილობრივი გაზეთი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტ. გუდავა, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 454, თბ., 1997 წელი.
  • ტ. გუდავა, „ბოთლიხური ენა“, თბ., 1962
  • Гудава Т., „Ботлихский язык“, Языки народов СССР, т. 4, М., 1967
  • Дирр А., „Материалы для изучения языков и наречий андо-дидойской группы“, СМОМПК, 1909, в. 40