ბიზანტიური კალენდარი
ბიზანტიური კალენდარი — ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული, იულიანური წლის წყობაზე დაფუძნებული, დღეების ორგანიზების კალენდარული სისტემა, რომლის დროსაც წელი იწყებოდა 1 სექტემბერს[1].
იულიანური წლისაგან განსხვავება მხოლოდ თვების დასახელებაში იყო, რომელიც ლათინურის ბერძნულ თარგმანს წარმოადგენდა. ნაკიანი წელიწადი, დღეების ოდენობით იულიანური კალენდრის ტოლი იყო. 24 თებერვლის გაორმაგებით აწარმოებდნენ 366-ე დღეს, ხოლო 29 თებერვალის გამოყენება დაიწყეს მხოლოდ გვიან შუასაუკუნეებში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, რომის იმპერიაში ყოველ 15 წელიწადში მიმდინარეობდა ქონების აღწერა, რათა დაედგინათ გადასახადების სიდიდე. აღნიშნულ 15 წლიან ციკლის თითოეული წლის რიგით ნომერს ინდიქტიონი ეწოდა. 312 წელს იმპერატორ კონსტანტინე I დიდის დროს, დროის ინდიქტიონებად დაყოფა ოფიციალურად იქნა მიღებული, რომელიც იწყებოდა 23 სექტემბერს. 462 წელს ბიზანტიაში, პრაქტიკული მოსაზრებიდან გამომდინარე, წლის დასაწყისად აღებულ იქნა 1 სექტემბერი, მაგრამ ოფიციალურად დამტკიცდა 537 წელს.
მიუხედავად ამისა ზოგიერთი ბიზანტიელი ჟამთააღმწერელი (მაქსიმე აღმსარებელი, თეოფანე აღმსარებელი და გიორგი სინკელი) წლებს ითვლიდნენ ალექსანდრიული კალენდრით, რომელიც 25 მარტიდან იწყებოდა.