ბესარიონ ერისტოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბესარიონ ერისტოვი (დ. 24 იანვარი, 1905, თბილისი — გ. 11 ნოემბერი, 1975, მოსკოვი) — ქართველი ჰიდროტექნიკოსი, მშენებელი, პროფესორი (1963), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), რსფსრ-ის დამსახურებული მშენებელი (1970).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1928 წელს დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი წყალთა მეურნეობის ინჟინრის სპეციალობით. 1929-30 წლებში მუშაობდა დნეპრომშენის ლენინგრადის საპროექტო ბიუროში ინჟინრად; 1930-34 წლებში მონაწილეობდა რიონჰესის მშენებლობაში, ჯერ უფროსი ინჟინრის, შემდეგ კი საპროექტო განყოფილების უფროსის თანამდებობებზე; 1935 წელს კვლავ ლენინგრადშია.

1936 წელს ბესარიონ ერისტოვი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა ინსტიტუტ „ჰიდროენერგოპროექტის“ თბილისის განყოფილების ხრამჰეს I-ის ბიუროს უფროსად; 1938 წელს იგი ტრესტ „ხრამჰესმშენის“ მთავარი ინჟინერი და ტექნიკური განყოფილების უფროსი იყო. 1941-43 წლებში ბესარიონ ერისტოვი მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, როგორც პოლკოვნიკ-ინჟინერი. 1944 წლიდან ისევ ხრამჰეს I-ის მშენებლობაზეა. 1947 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. 1948-49 წწ. იგი ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის“ მთავარი ინჟნრის მოადგილეა. უშუალო მონაწილეობას იღებდა სოხუმისა და სამგორის ჰესების მშნებლობებში. 1951 წელს, ხრამჰეს I-ის მშენებლობის წარმატებით დამთავრებასთან დაკავშირებით, მიენიჭა „სტალინური პრემიის ლაურეატის“ წოდება. ბესარიონ ერისტოვს მთავარი ინჟინრის პოსტი ეკავა დნეპრჰესი I-ის, ნოვოსიბირსკის ჰესის, დნეპრჰესი 2-ისა და თურქმენეთის (ყარაყუმის) მთავარი არხის მშენებლობებში. 1956-1962 წწ. იგი იყო სსრკ ელექტროსადგურების მშენებლობის სამინისტროს „მთავარენერგოს“ უფროსის მოადგილე, ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერი, შემდეგ კი უფროსი. 1957 წელს ბესარიონ ერისტოვი აირჩიეს სსრკ-ის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური და სპეციალური მშენებლობის ფაკულტეტის მიწისქვეშა მშენებლობისა და ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა კათედრის გამგე. 1963 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1968 წელს დაიცვა დისერტაცია და გახდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო, 1970 წელს რსფსრ-ის დამსახურებული მშენებელი.

1960-70-იან წლებში არაერთხელ ჩამოვიდა საქართველოში. თანამშრომლობდა "თბილჰიდროპროექტთან", "საქჰიდროენერგომშემთან" და ნაგებობებისა და ჰიდროტექნიკური დანადგარების საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან. მონაწილეობა აქვს მიღებული ენგურჰესის მშენებლობაშიც. ის გახლდათ ენგურჰესის სადაწნეო-დერივაციული გვირაბის მოკეთების კონსტრუქციის ერთ-ერთი ავტორი.

გამოქვეყნებული აქვს 90 სამეცნიერო-ტექნიკური სტატია. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა 6 სახელმძღვანელო ჰიდროტექნიკური მშენებლობის დარგში, დაცული იქნა 16 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. 1961-63 წწ. ის იყო საკავშირო ჟურნალ „ჰიდროტექნიკური მშენებლობის“ მთავარი რედაქტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]