ბერის კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მდინარე ვოლგა
მდინარე ირტიში

ბერის კანონი — დებულება, რომელიც ხსნის მდინარეების მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარჯვენა ნაპირის, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში მარცხენა ნაპირის გამორეცხვის მიზეზებს. ეს მოვლენა, რომელიც კარლ ბერმა დედამიწის ბრუნვის გავლენით ახსნა (1857), უფრო მკვეთრად არის გამოსახული მერიდიანული მიმართულების მდინარეებზე. ცნობილია, რომ მბრუნავ სისტემაში წინსვლითი მოძრაობის დროს სხეული კორიოლისის აჩქარებას განიცდის. დედამიწის ზედაპირის φ განედზე წყლისა და ჰაერის ნაკადის υ სიჩქარით მოძრაობისას ეს აჩქარება ტოლია 2w υ sin φ (სადაც w დედამიწის ბრუნვის კუთხური სიჩქარეა) და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ბრუნვის სიჩქარისადმი მიმართულია მარჯვნივ, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში — მარცხნივ.

კორიოლისის აჩქარება ეკვატორზე ნულის ტოლია, პოლუსებთან მაქსიმალურია. ამდენად ბერის კანონი საშუალო და მაღალ განედებზე უფრო მკვეთრად ვლინდება. ბერის კანონის ეფექტი მოძრავი წყლის მასის პირდაპირპროპორციულია და მხოლოდ დიდი მდინარეების კალაპოტებში ჩანს კარგად. ნაპირის გამორეცხვა დამოკიდებულია აგრეთვე ადგილის დახრილობაზე, კალაპოტის გეოლოგიურ აგებულებასა და სხვა ფაქტორებზე. ბერის კანონის დამადასტურებელი მაგალითებია მდინარეების დნეპრის, დონის, ვოლგის, ობის, ირტიშის, ლენის ნაპირების ხასიათი. მათ აქვთ მაღალი მარჯვენა და დაბალი მარცხენა ნაპირი. სამხრეთ ნახევარსფეროში ციცაბო მარცხენანაპირიან მდინარეებს ვხვდებით სამხრეთ ამერიკასა და ახალ ზელანდიაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]