ბეთლემის გამოქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბეთლემი (გამოქვაბული))
Jump to navigation Jump to search
ბეთლემის გამოქვაბული

ბეთლემის გამოქვაბული — გამოქვაბული საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, მწვერვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განშტოებულ ბეთლემის ქედზე (გერგეტისა და აბანოს მყინვარების აუზთა გამყოფი). ზღვის დონიდან დაახლოებით 4100 მ. ბეთლემი გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ სიმაღლეზე). ბეთლემი მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.

1947 წლის ნოემბერში ცნობილმა ალპინისტმა, ლევან სუჯაშვილმა პირველმა შეამჩნია მყინვარწვერის ციცაბო ფერდობზე ბეთლემის გამოქვაბულიდან ჩამოშვებული ჯაჭვი. თავად ლევან სუჯაშვილის სიტყვებით:

ვიკიციტატა
„1947 წლის ნოემბრის თვის პირველ რიცხვებში მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ აღმოსავლეთით სალ კლდეში დავინახე ხელოვნურად ნაშენები გამოქვაბულის წინა ხედი, სადაც გარკვეულად შევამჩნიე რკინის კარები და სალ კლდეზე დაშვებული რკინის ჯაჭვი. მაშინვე გამახსენდა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“. აი, სწორედ ეს ის ჯაჭვია, რომელზედაც „განდეგილის“ ავტორი მოგვითხრობს.“

(ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ყაზბეგის მხარეთმცოდნების მუზეუმის ფონდში დაცული ლევან სუჯაშვილის დღიურიდან.)

1948 წელს ბეთლემი გამოიკვლია ქართველ მთამსვლელთა ჯგუფმა ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. გამოქვაბულში ასასვლელად კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 სიგრძის რკინის ჯაჭვი. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბეთლემის კარი, სპილენძის შანდალი, საეკლესიო ინვენტარი, მონეტები ბეთლემის კედელზე ამოკვეთილი წარწერის ფრაგმენტები პალეოგრაფიულად X-XI საუკუნით თარიღდება. ბეთლემის შესახებ ხალხში შემონახული თქმულება საფუძვლად დაედო ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 268, თბ., 1977 წელი.
  • Джапаридзе А. В., Тайник пещеры Бетлеми, კრ.:: Побежденные вершины, М., 1948.