ბეთლემის მაცხოვრის შობის ქვედა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბეთლემის მაცხოვრის შობის ქვედა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′21″ ჩ. გ. 44°48′03″ ა. გ. / 41.6892306° ჩ. გ. 44.8010917° ა. გ. / 41.6892306; 44.8010917
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
დეტალები

ბეთლემის მაცხოვრის შობის ქვედა ეკლესიაეკლესია საქართველოში, თბილისში. მდებარეობს სოლოლაკის ქედის ჩრდილოეთ მხარეს, ზემო ბეთლემისგან დასავლეთით, დაახლოებით 50 მ-ის დაშორებით, მასზე ქვემოთ მდებარეობს. „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპის ეკლესია აგურითაა ნაშენი და ქვით მოპირკეთებული აგურის ციტადელზეა აღმართული. გუმბათი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. აფსიდა ნახევარწრიულადაა შვერილი. ფასადი დეკორატიული თაღებითა და მაღალი, სწორკუთხა შეღრმავებებითაა დანაწევრებული. გუმბათის სარკმლები თაღებშია ჩაწერილი. მათ ზემოთ კედლის სიბრტყეში მართკუთხა ჩაღრმავებები და ასევე აგურის წყობით გამოყვანილი წრეები გუმბათს სარტყელივით შემოუყვებიან. ტაძარში შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდანაა მოწყობილი. ჩრდილოეთის კარისკენ ქვის ფართო, ორმხრივი კიბე მიემართება. თაღოვან საპირეში მოქცეული რკინის კარის თავზე — ლუნეტში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფერწერული გამოსახულებაა. დასავლეთით ტაძარს საცხოვრებელი სახლი ებჯინება, რომელიც შესასვლელი კარის წინ აღმართულ მძლავრ ბოძებს ეყრდნობა, ხოლო ფასადის ზედა ნაწილს უშუალოდ ერწყმის კიდეც. აქ XVIII საუკუნეში მოციქულთა სწორის, პირველმოწამისა და მთავარდიაკვნის, წმინდა სტეფანეს სახელობის დედათა მონასტერი ააგეს. საბჭოთა პერიოდში ტაძარი დაიხურა და არ ფუნქციონირებდა. ტაძარი რესტავრირებულ იქნა XX საუკუნის 90-იან წლებში, ინტერიერი მოიხატა იესო ქრისტეს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტებით. ინტერიერის მოხატულობა 1991–97 წლებში მხატვრების დ. ხიდაშელისა და მ. ჩაკვეტაძის მიერაა შესრულებული. აკურთხეს მაცხოვრის შობის სახელზე და ამჟამად აქ მოქმედი ეკლესიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია. ტ. 1, 2015
  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985