ბალჯილი (იუსუფელის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბალჯილი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი იუსუფელი
კოორდინატები 41°05′00″ ჩ. გ. 41°26′00″ ა. გ. / 41.08333° ჩ. გ. 41.43333° ა. გ. / 41.08333; 41.43333
ადრეული სახელები ბალხი
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 08820
ბალჯილი (იუსუფელის რაიონი) — თურქეთი
ბალჯილი (იუსუფელის რაიონი)

ბალჯილი (თურქ. Balcılı; სიტყვასიტყვით: „მეთაფლე“[1]) — სოფელი იუსუფელის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 131 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ იუსუფელიდან 26 კილომეტრში[2]. 2021 წლის მონაცემებით სოფელში 101 ადამიანი ცხოვრობს[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ბალხი.[4][5] იუსუფელის რაიონში არის ერთ-ერთი სოფელი, სადაც დღესაც ქართულად ლაპარაკობენ. ადგილობრივ ტოპონიმებში გვხვდება ბევრი ქართული სახელი, კერძოდ: Abazianni (აბაზიანნი), Balhibari (ბალხიბარი), Balhibari Tke (ბალხიბარი ტყე), Gağmi Kanebi (გაღმი ყანები), Didaho (დიდახო).[1]

სოფელში არის X საუკუნის არხი, რომელიც ადგილობრივთა გადმოცემით, თამარ მეფეს გაუყვანია. ეს არხი გამოდის სოფელ ქოლიქთან ახლოს მდებარე ე. წ. „თამარის აუზიდან“.[1][6] არხის გაყვანის პერიოდში სოფელიც და მიმდებარე ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. XI საუკუნეში სოფელი დროებით სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა თუმცა 1121 წელს დიდგორის ბრძოლის შემდეგ კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია და შედის სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში. ოსმალები ამ ტერიტორიაზე XVI საუკუნეში გამოჩდნენ და სოფელიც მათ ხელში გადავიდა. სოფელი ჯერ ლივანეს სანჯაყის ნაწილი გახდა, შემდეგ კი ჩილდირის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა. ბალჰში, რომელიც 1835 წელს ლივანე-ი-ულიას სანჯაყის კავკასიის ქვეუბნის სოფელად იყო რეგისტრირებული, იმ დროისთვის 65 კომლი და 230 მამაკაცი ცხოვრობდა. ოსმალეთის ადმინისტრაციამ აღწერა მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობა. ამიტომ სოფლის მთლიანი მოსახლეობის მიახლოებითი რიცხვის დასადგენად საჭიროა იმდენი ქალის დამატება, რამდენიც მამაკაცია. შედეგად გამოდის, რომ სოფელში 460 ადამიანი ცხოვრობს და ერთ კომლზე საშუალოდ 7 კაცია.[6]

ბალხი 1876 წლისათვის ლაზისტანის სანჯაყში შედიოდა და ამ დროისათვის სოფელში ცხოვრობდა 61 ოჯახი და 192 მამაკაცი. აქაც ასევე მხოლოდ მამრობითი მოსახლეობაა აღწერილი. წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობა შემცირებულია. სოფლის მეურნეობით დაკავებულებს ჰყავდა 30 ხარი, 30 ძროხა, 3 ცხენი, 400 თხა და 395 ცხვარი.[7] რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შედეგად სოფელი კვლავ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ რჩება.

1928 წლისათვის სოფელს ბალჰი (بالح) ეწოდება და შედის ართვინის პროვინციის იუსუფელის რაიონში.[8] 1935 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელი ერზრუმის პროვინციის ნაწილია. ამ პერიოდში სოფლის მოსახლეობა 475 ადამიანისაგან შედგებოდა.[9] სოფელს სახელი შეეცვალა 1959 წელს ტოპონიმის „უცხო წარმომავლობის“ გამო და ეწოდა ბალჯილი,[10] თუმცა ოფიციალურ ჩანაწერებში გამოიყენებოდა ორივე ფორმა Balcılı (Balh).[11]

სოფელში მდებარეობს 1828 წელს აშენებული ერთსართულიანი, ერთმინარეთიანი მეჩეთი.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ნერიმან ალბაირაქი,იუსუფელის მხარის ჰიდრონიმია და ტოპონიმია, თბ., 2018, გვ. 85-86.
  2. Balcılı Köy (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Ağustos 2016. ციტირების თარიღი: 28 Nisan 2020.
  3. Artvin Yusufeli Balcılı Köy Nüfusu (თურქული). ციტირების თარიღი: 6 Şubat 2022.
  4. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2017, გვ. 98 ISBN 978-9941-9470-8-7
  5. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 358, ISBN 9789157871117.
  6. 6.0 6.1 6.2 Taner Artvinli, Yusufeli Külliyâtı, İstanbul, 2013, 2 cilt, I. cilt, s. 319, ISBN 9786058624818.
  7. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 359, ISBN 9789157871117
  8. Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 82.
  9. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 38.
  10. Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 615.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-23. ციტირების თარიღი: 2022-02-11.
  11. 1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.