შინაარსზე გადასვლა

ბაბილონური ასტროლოგია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბილონური ასტროლოგიაბაბილონურ კულტურაში (შუამდინარეთში) ოფიციალური კულტი, რომელიც ღმერთების ნებისა და მიზნების ამოცნობის ქურუმთა (ე. წ. ინსპექტორთა) ხელთ არსებული ორი ძირითადი საშუალებიდან ერთ-ერთი იყო. მეორე საშუალება მხვერპლად შეწირული ცხოველის ღვიძლის შემოწმება (ინსპექცია) იყო.

მდინარე ტიგროსს და ევფრატს შორის მოქცეულ ტერიტორიას - შუამდინარეთს ანუ ნოყიერ ნახევარმთვარეს - ხშირად ასტროლოგიის სამშობლოს უწოდებენ. მხოლოდ ერთი დაზუსტებაა საჭირო: შუამდინარეთში (მესოპოტამიაში) წარმოქმნილი ასტროლოგიური კონცეფციები გვიანდელი ანტიკურობის ასტროლოგიური ტექნიკის საფუძვლად იქცენ, რომელიც ეგვიპტეში, ინდოეთსა და ირანში გავრცელდა, მოგვიანებით კი მემკვიდრეობით მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს ასტროლოგებს ერგოთ. ამგვარად, შუამდინარეთი მართლაც დასავლური ასტროლოგიის ტრადიციების წყაროა, მაგრამ არა ერთადერთი ცენტრი, სადაც ასტროლოგიური მსოფლშეგრძნება აღმოცენდა.

ძველი შუამდინარეთის ისტორია მრავალი ერის მიგრაციის, აღზევებისა და დაცემის და მათი ურთიერთქმედების ისტორიაა. ეს ტერიტორია საოცრად ბევრი სახელმწიფოს წარსულს მოიცავს, რომლებიც რიგ-რიგობით აღწევდნენ ერთმანეთზე ბატონობასა და კონტროლს. ყოველივე ამის მიუხედავად, ამ რეგიონში ასტროლოგიის განვითარების ერთიანი ხაზისთვის თვალის მიდევნება მაინც შესაძლებელია. ბაბილონური ასტროლოგიის განვითარება შეიძლება, პირობითად, ხუთ პერიოდად დაიყოს:

შუმერული და აქადური პერიოდი (დაახ. ძვ. წ. 3200-2000 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. V-IV ათასწლეულების მიჯნაზე, სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ შუმერები, რომელთა სახელს და საქმიანობას უძველესი სამყაროს ცივილიზაციის და სახელმწიფოებრიობის დასაბამს უკავშირებენ. ცაზე სისტემატიური დაკვირვება შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარში დაიწყეს. ძვ. წ. I ათასწლეულისთვის კი ბაბილონელებმა უკვე ხუთი პლანეტა იცოდნენ. მაგრამ მათი საერთო დასახელება "ბიბუ" ("ვაცები", რომლებიც უძველესი დროიდან ცხვრის ფარებს უძღვოდნენ წინ) იმაზე მიუთითებს, რომ ამ პლანეტების სახელდება უფრო ადრეულ ხანაში იმ ტომებს უკავშირდება, რომლებიც მეცხოველეობას მისდევდნენ. შვიდი მოძრავი მნათობისგან განსხვავებით, დანარჩენ ციურ ვარსკვლავებს ისინი ცხვრის ფარას ადარებდნენ.

უხეშად რომ ვთქვათ, არ არსებობს არც ერთი ასტროლოგიური ან ასტრონომიული ტექსტი, რომელიც შუმერული პერიოდითაა დათარიღებული; თუმცა, დღეს ცნობილია რამდენიმე ტექსტი, სადაც ნახსენებია ზოგიერთი ვარსკვლავი და პლანეტა. გარდა ამისა, შუმერული პანთეონის რამდენიმე მთავარი ღმერთი ცასთან და ციურ ობიექტებთან იყო დაკავშირებული. ესენია: ანი - ცის ღმერთი; ნანა - მთვარის ღმერთი; უტუ - მზის ღმერთი და ინანა - პლანეტა ვენერას მფარველი ქალღმერთი. ამ რამდენიმე ტექსტიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ შუმერულ პერიოდში იქმნებოდა და სრულდებოდა ჰიმნები, რომლებიც ციურ ღმერთებს ეძღვნებოდათ. ზემოთ მოტანილი ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ შუმერულ პერიოდში არსებობდა ვარსკვლავების კულტი (ასტროლატრია), მაგრამ ეს არაა საკმარისი საბუთი ასტროლოგიის არსებობისთვის. ასტროლოგია ციური სხეულების მოძრაობის შესახებ გარკვეული დონის ცოდნას და სისტემატიური დაკვირვებების ჩატარებას გულისხმობს. ღმერთების პანთეონის საერთო სტრუქტურა, რომლის ჩამოყალიბებაც ჯერ კიდევ ურის III დინასტიას უკავშირდება, მთელი ადრეული ეპოქის მანძილზე, ძირითადად უცვლელი რჩება. სამყაროს სათავეში ღმერთების სამეული დგას - ანუ, ენლილი და ეია. ისინი გარშემორტყმული არიან შვიდი ან თორმეტი "დიადი ღმერთით", რომლებიც ამქვეყნად ყველაფერს თავის "წილს" (შიმათუ) მიაგებენ, რაშიც შეგვიძლია ასტროლოგიური მოტივები დავინახოთ.

ძველბაბილონური პერიოდი (დაახ. ძვ. წ. 2000-1530 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაფები, რომლებზეც ლურსმული დამწერლობით მთვარის ფაზებია აღნიშნული.

უძველესი ასტრონომიული და ასტროლოგიური ტექსტები, რომლებიც კაცობრიობას დღეს გააჩნია, ძველბაბილონურ პერიოდს ეკუთვნის. ამ პერიოდს უკავშირდება ტექსტი ევფრატის სათავეში განლაგებულ ქალაქ მარუდან, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ასტროლოგიურ ტექსტად ჩაითვალოს. ამ ტექსტში ქურუმი ასკუდუმი მეფე ზიმრილიმს ატყობინებს, რომ იგი მთვარის დაბნელებას აკვირდებოდა, რაც ცუდი ნიშანი იყო მეფისთვის და მისი ხალხისთვის. ამ ტექსტში არ ყოფილა არანაირი ცოდნა მზის და მთვარის ციკლების შესახებ - დაბნელებებს აკვირდებოდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ წინასწარმეტყველებდნენ. პროგნოზები ეყრდნობოდა მთვარის გადაადგილებას და ცის მდგომარეობას იმ დღეს, როცა ახალი წლის დასაწყისში ნახევარმთვარე ჩნდება:

თუ ცა მუქია, წელიწადი ცუდი იქნება. თუ ახალი მთვარის გამოჩენისას ცის სახე ღიაა და თუ მას სიხარულით ხვდებიან, წელიწადი კარგი იქნება. თუ ცის კაბადონზე ახალმთვარობის წინ ჩრდილოეთის ქარი იქნება, ბევრი პური მოვა. (ტექსტი დაფიდან, რომელიც ქ. ბაბილონში იპოვეს)

ეს წინასწარმეტყველებები, საბოლოო ჯამში, საკმაოდ პრიმიტიულია. მთვარეს და ცას ახალი წლის ღამეს აკვირდებიან და წელიწადის ავ-კარგიანობა მსგავსი დაკვირვებების შედეგად განისაზღვრება.

ძველბაბილური ასტროლოგია არ იყო დაინტერესებული, ან ყოველ შემთხვევაში, პირველ ადგილზე არ აყენებდა პიროვნების ბედს. მისი მთავარი ინტერესი ქვეყნის კეთილდღეობით შემოიფარგლებოდა. წინასწარმეტყველებები იყო ამინდზე და მოსავალზე, მშვიდობაზე და ომზე და რა თქმა უნდა, მეფეების ბედის შესახებ. ციური სხეულების საშუალებით წინასწარმეტყველებების ამ სახეს, რომელსაც მოსწავების ასტროლოგიას უწოდებენ, მესოპოტამიაში ორი ათასწლეულის მანძილზე იყენებდნენ. მართალია, ძვ. წ. II ათასწლეულიდან ჩვენდამდე მხოლოდ რამდენიმე წინასწარმეტყველება შემორჩა, რომლებიც ცალკეული ადამიანების დაბადების დღეებს უკავშირდება. მაგალითად:

თუ ბავშვი მეთორმეტე თვეს დაიბადა, იგი იცოცხლებს დიდხანს დაა ბევრი შვილი ეყოლება.

ამ პერიოდსვე ეკუთვნის დაფები, რომლებიც პლანეტა ვენერაზე დაკვირვების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. ისინი მეფე ამი-ცადუკას (ძვ. წ. 1646-1626) მმართველობის პერიოდში დაიწერა. ტექსტში შესულია 21 წლის მანძილზე ვენერას ჰელიაკურ ამოსვლასა და ჩასვლაზე დაკვირვებები. დაკვირვებებს თან ახლდა მოსწავებები, როგოროც ზემოთაა აღწერილი. ძველბაბილონურ პერიოდში ასევე გვხვდება ძალზე საინტერესო ტექსტი, რომელსაც ჰქვია "ლოცვა ღამით ჰარუსპიციების ჩატარებისას" (ჰარუსპიცია - მსხვერპლად შეწირული ცხოველების შიგნეულობით მკითხაობაა). იგი აშკარად გვიჩვენებს, რომ მთვარე, მზე, ვენერა და ზოგიერთი თანავარსკვლავედი ღმერთებს უკავშირდებოდა; ისევე, როგორც შუმერულ პერიოდში.

ხასიდური პერიოდი (ძვ. წ. 1530-1160 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. XVI საუკუნეში ბაბილონი ხასიდებმა დაიპყრეს. მიუხედავად ამისა, იქაური ასტროლოგიის ტრადიციები არ შემწყდარა. მეტიც, სწორედ რომ ხასიდების მმართველობის ქვეშ მყოფ შუამდინარეთში მოხდა შემდეგი მნიშვნელოვანი ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენები:

ნაკლები განსაზღვრულობით ამ პერიოდს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • ვენერას მოვლენების ძალიან პრიმიტიული წარმოდგენა არითმეტიკული მიმდევრობის საშუალებით;
  • დღის და ღამის ხანგრძლივობის წინასწარი გამოთვლა ზრდადი და კლებადი არითმეტიკული პროგრესიის საშუალებით, რომელიც უკიდურესი სიდიდეების არაზუსტ მიმართებას - 2:1 ეფუძნებოდა;
  • მთვარის ამოსვლის და ჩასვლის გამოთვლა ზრდადი და კლებადი არითმეტიკული პროგრესიის საშუალებით;
  • უძრავ ვარსკვლავებს შორის მანძილის განსაზღვრის მცდელობები;

ამ პერიოდიდან ჩვენამდე ასევე შემორჩა სასაზღვრო ქვები (კუდურუ), რომლებზეც ღმერთების სიმბოლოები იყო გამოსახული. მათი დანიშნულება სასაზღვრო ქვის ხელმყოფელზე ან მიწის მფლობელის უფლებების სხვა რაიმე გზით დამღრვევზე რისხვის თავზე დატეხვა იყო. ზოგიერთი სიმბოლო ერთმნიშვნელოვნად ვარსკვლავებთანაა გაიგივებული.

გვიანდელი პერიოდის ასურეთი (დაახ. ძვ. წ. 1000-612 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდის ყველაზე საინტერესო წყაროა - ლურსმული სერია "მულ აპინი" (mulAPIN), რომელიც დაახლ. ძვ. წ. 700 წლისთვის შეადგინეს. ამ სერიის ტექსტებში არსებითი წინსვლა ვლინდება:

  • საუკეთესო მიმართება 3:2 ყველაზე დიდ დღესა და ყველაზე მოკლე ღამეს შორის;
  • ვერტიკალური ღეროს (გნომონის) ჩრდილის სიგრძის პრიმიტიული გამოთვლა;
  • ზოდიაქოს ნიშნების შემოტანის პირველი ნიშნები: მთვარისთან თანავარსკვლავედი და ასტრონომიული სეზონები. ძვ. წ. VII საუკუნის დასაწყისში ბაბილონელებმა ცაზე აღმოაჩინეს დაახლოებით 30 გრადუსის რადიუსის წრიული ზონა, რომლის ფარგლებშიც მთვარე, მზე და პლანეტები გადაადგილდებოდნენ (თავდაპირველად ეს ზონა ციურ ეკვატორთან ახლოს იყო, ვინაიდან მნათობთა დღიური მოძრაობა "უფრო აშკარა" იყო). ამ წრეში აღმოაჩინეს 18 თანავარსკვლავედი (იხ. ქვემოთ);
  • სხვადასხვა ვარსკვლავის კულმინაციებს შორის დროითი ინტერვალის განსაზღვრა.

ძვ. წ. VIII საუკუნის შუახანებში ბაბილონური ასტროლოგია და ასტრონომია, როგორც ჩანს, ახალ საფეხურზე ადის, რასაც ადასტურებს:

ახალბაბილონური, სპარსული და სელევკიდური პერიოდები (ძვ. წ. 539-100 წწ)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]