აშოტ IV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აშოტ IV
სომხეთის მეფე
მმართ. წლები: 1021-1040
წინამორბედი: გაგიკ I
მემკვიდრე: გაგიკ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1040
შვილები: გაგიკ II, სომხეთის მეფე
დინასტია: ბაგრატუნები
მამა: გაგიკ I, სომხეთის მეფე
დედა: კატრანიდე
რელიგია: სომხეთის სამოციქულო ეკლესია

აშოტ IV მამაცი (სომხ. Աշոտ Դ; გ. 1040) — ბაგრატუნების დინასტიის წარმომადგენელი. მეფე გაგიკ I-ისა და დედოფალ კატრანიდეს ძე. მეფე გაგიკ II-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშოტის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო ბაგრატუნების სომხეთის მეფე გაგიკ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კატრანიდეს შუათანა ძე. ცნობილია, რომ დედამისი სიუნიქის მხარის მმართველის ქალიშვილი და ერთ-ერთი ძლევამოსი სომეხი დიდებული იყო. მას ერთი უფროსი ძმა ჰყავდა უფლისწულ ჰოვრან-სმბატის სახით და მის გარდა, ასევე ჰყავდა ერთი უმცროსი დაც, პრინცესა ხუშუში, რომელიც შემდეგში ვასპურაკანის მეფეს მიათხოვეს.

ბაგრატუნების სომხეთი

1020 წელს გაგიკ I გარდაიცვალა და ტახტი აშოტის უფროსმა ძმამ, როგორც ბაგრატუნების კანონიერმა მემკვიდრემ, მეფე სმბატ III-მ დაიკავა. აქედან იწყება ორ ძმას შორის ცნობილი დიდი დაპირისპირება. ძმის გამეფებით ერთობ უკმაყოფილო დარჩა აშოტი, ამიტომაც სომეხი დიდებულების ნაწილი მიიმხრო და მოახერხა, რომ ასევე სომხეთის მეფე გამხდარიყო აშოტ IV-ის სახელით. საქმე ისაა, რომ მისი ძალაუფლება ანისსა და მის მიდამოებს არ სცილდებოდა, ამიტომაც ხანდახან მას ანისის მეფის სახელითაც მოიხსენიებენ. ერთობ ამბიციურ აშოტს, რომელსაც მთელ სომხეთში გაბატონება სურდა, მხოლოდ ანისის მართვა არ აკმაყოფილებდა, ამიტომაც თავის მომხრეებთან ერთად კვლავ შეკრიბა დიდი ლაშქარი და ძმის სატახტო ქალაქს მიადგა. აშოტმა მოახერხა ქალაქის აღება, ტახტის უზურპირება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება საკუთარი ძმის დამხობის ხარჯზე.

ვინაიდან კანონი სმბატის მხარეს იყო, აშოტი ხვდებოდა, რომ მთელი სომხეთის მეფე მაინც ვერ გახდებოდა, ამიტომაც ორ მოქიშპე ძმას შორის საბოლოოდ კომპრომისული შეთანხმება იქნა მიღწეული. ანისი, დვინი და სხვა მთავარი ქალაქები მათი მიმდებარე ტერიტორიებით მთლიანად სმბატს რჩებოდა, აშოტი კი სპარსეთისა და საქართველოს მეზობლად მდებარე პროვინციების ტახტსა და მეფობას იღებდა. ამრიგად დამყარდა სომხეთში ორი ძმის ორმეფობა: სმბატ III (1020-1040) და აშოტ IV (1021-1040).

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული კომპრომისული შეთანხმებისა, ორ ძმას შორის არსებული დაპირისპირება არ ჩამცხრალა. იგი პერიოდულად წამოყოფდა ხოლმე თავს და ზოგჯერ სამხედრო კონფლიქტშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ცხადია, რომ მსგავსმა მოქიშპეობამ საგრძნობლად დაასუსტა სომხეთი და შეარყია თავად ბაგრატუნების დინასტიის ძლიერებაც.

სმბატ III-ს შვილები არ ჰყოლია, განსხვავებით აშოტისაგან, რომელსაც ჯანმრთელი მემკვიდრე ჰყავდა უფლისწულ გაგიკის სახით, ამიტომაც იგი იმედოვნებდა, რომ ძმის შემდეგ მთელი სამეფო მას დარჩებოდა, თუმცა სმბატი და აშოტი თითქმის ერთდროულად, 1039/40 წლებში გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ სომხეთის ერთიანი ტახტი აშოტის ძეს, გაგიკ II-ს დარჩა, რომელიც ბაგრატუნების დინასტიის უკანასკნელი მეფე გახდა სომხეთისათვის. მისი გამეფებიდან მალევე, 1045 წელს სომხეთის დასუსტებით ისარგებლა მეზობელმა ბიზანტიის იმპერიამ და იგი მთლიანად დაიპყრო, რითაც დასრულდა ბაგრატუნების მმართველობაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • René Grousset, L'Empire du Levant : Histoire de la Question d'Orient, Paris, Payot, coll. « Bibliothèque historique », 1949 (réimpr. 1979), 648 p. (ISBN 978-2-228-12530-7), p. 152-156.
  • René Grousset, Histoire de l’Arménie des origines à 1071, Paris, Payot, 1947 (réimpr. 1973, 1984, 1995, 2008), 644 p., p. 541-568.
  • Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au xixe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990, p. 122-123.