აფთრისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აფთარი

ხალებიანი აფთარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  აფთრისებრნი
ლათინური სახელი
Hyaenidae
სახეობები

აფთრისებრნი (ლათ. Hyaenidae) — ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი მტაცებელთა რიგისა. აქვთ მკვრივკუნთოვანი სხეული, ოდნავ წაგრძელებული და მასიური თავი, გრძელი ყურები, სქელი კისერი, მსხვილი და მასიური კბილები, მოკლე, ბანჯგვლიანი კუდი, ფეხებზე გრძელი, ბლაგვი ბრჭყალებით დაბოლოვებული ოთხ-ოთხი თითი, წინა კიდურები უკანაზე გრძელი აქვთ. სხეული შემოსილია უხეში ჯაგრისებრი ბალნით. ზოგ სახეობას ზურგზე 20 სმ-მდე სიმაღლის ფაფარი ეზრდება. საერთო შეფერილობა მოყვითალო-რუხი ან მურაა, დაყვება მუქი ზოლები ან ხალები. აფთართა მაკეობა გრძელდება 3 თვემდე. შობენ 2-5 ლეკვს. იკვებებიან მძორით. ასევე შესანიშნავი მონადირეები არიან. ნადირობის მეთოდი დამოკიდებულია მსხვერპლის ზომაზე. ზომით მათზე დიდ ნადირზე ჯგუფურად ნადირობენ. სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით, აფთრები მსხვერპლს ღლიან და როდესაც თავდაცვის უნარს კარგავს, ცოცხლად ჭამენ. მცირე ზომის ცხოველებზე ინდივიდუალურად ნადირობენ. იშვიათად ესხმიან თავს შინაურ ცხოველებს, ზოგჯერ ადამიანებს, ძირითადად ბავშვებს. სანადიროდ გამოდიან ღამით.

აფთარი გავრცელებულია თითქმის მთელ აფრიკაში, წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ცნობილია აფთრის ოთხი სახეობა. ხალებიანი აფთარი (Crocuta crocuta) - ყველაზე დიდია აფთართა შორის, გავრცელებულია აფრიკის დიდ ნაწილში, საჰარის სამხრეთით. სხეულის სიგრძე 128-166 სმ, სხეული მოხატულია აქვს შავი ხალებით. ზოლებიანი აფთარი (Hyena hyaena) - გვხვდება ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, წინა, მცირე და შუა აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. საქართველოში გვხვდება შირაქიის, ელდარის, ალაზნის, მარნეულისა და გარდაბნის ველებზე. წარსულში თბილისამდე აღწევდა. ამჟამად ყველგან დიდი იშვიათობაა. სხეულის სიგრძე 1 მეტრამდეა; რუხი ფერისაა, გასდევს განივი მუქი ზოლები. მენაპირე აფთარი (Hyaena brunnea) - ცხოვრობს სამხრეთ აფრიკაში, ზღვის სანაპიროსთან. მუქი-მურა ფერისაა, განივი ზოლები მხოლოდ ფეხებზე ემჩნევა. მიწის მგელი (Proteles criastus) - გვხვდება სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ტრამალებში. აფთართა შორის ყველაზე მცირე ზომისაა. იკვებება ჭიანჭველებითა და ტერმიტებით.

დედამიწაზე აფთრები წარმოიშვნენ მიოცენური ერის დასასრულს (254-255 მილიონი წლის წინათ). მათი წინაპრები იყვნენ ვივერისებრთა (Viverridae) ოჯახის წარმომადგენლები. პირველი აფთარი გარეგნულად ძალიან ჰგავდა ციბეტას.

პლეისტოცენურ ერაში დედამიწაზე არსებობდა ცხოველი, რომელსაც გამოქვაბულის აფთარს ეძახდნენ და იგი ორჯერ დიდი იყო დღევანდელ აფთარზე.

აფთრების ყველა სახეობას წინა კიდურები უკანა კიდურებზე გრძელი აქვთ. გადაადგილებისას წინა და უკანა კიდურების წყვილები ერთად მოძრაობენ და არა დიაგონალურად, ამიტომ აფთრები ხტუნვა-ხტუნვით დარბიან. ხალებიან აფთრებს მომრგვალებული ყურები აქვთ, ხოლო ზოლებიანსა და მენაპირე აფთრებს — წაწვეტებული.

ცხოვრების სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფთრები ღამის ცხოველები არიან. მართალია ისინი დღის განმავლობაშიც ჩანან, თუმცა სანადიროდ ბინდისას ან სრულ სიბნელეში გამოდიან. დღის საათებში აფთარი ისვენებს ბუნაგში ან ბუნაგთან ახლოს. ბუნაგს აფთარი სხვა ცხოველების სოროებში, ბუჩქებსა და კლდოვან ადგილებში იკეთებს.

აფთრები განსაკუთრებით იცავენ, როგორც საკუთარი ბუნაგის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე მათ სანადირო ადგილებსაც. ეს ტერიტორიები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდიდარია ესა თუ ის რეგიონი საკვებით.

აფთრებისაკუთარი ტერიტორიის საზღვრებს ნიშნავენ ანალური და ე.წ. მუშკის ჯირკვლების გამონადენით, ასევე შარდითა და ფეკალური მასებით. მურა ანუ მენაპირე აფთარს ყველაზე კარგად აქვს განვითარებული ასეთი ჯირკვლები და ორი სახის სეკრეცია ახასიათებთ: პირველი მოთეთრო წებოვანი გამონადენია, ხოლო მეორე — შავი ფერისაა და ძირითადად ბალახზე შეინიშნება.

ხალებიანი აფთარი თავის მხრივ ყველაზე სოციალურია და ცხოვრობს დიდ ჯგუფებად, ანუ ხროვებად, რომელიც ზოგჯერ 80-მდე ინდივიდს აერთიანებს. ჩვეულებრივ კი მათი ხროვა 15-მდე აფთრისაგან შედგება. როგორც სხვა მტაცებლებში მდედრები მამრებზე დიდები არიან და ბატონობენ ხროვაში.

ორივე სქესისა და ასაკის აფთრებს განსაკუთრებული მისალმების ცერემონიალი აქვთ: თითოეული მათგანი წევს ერთ კიდურს ისე, რომ მეორეს შესაძლებლობა ჰქონდეს დაყნოსოს მისი გენიტალიები. ისინი ასევე ურთიერთობენ განსაკუთრებული ბგერებითა და ხმებით. თითოეულ აფთარს აქვს დამახასიათებელი ხმა, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე კილომეტრზეც ისმის. ხალებიანი აფთარის ხმა ხითხითს მგაგონებს, ამის გამო ამ სახეობას მოცინარ აფთარსაც კი უწოდებენ.

მურა ანუ მენაპირე აფთარი უფრო განდეგილია, ვიდრე სხვა სახეობები. კუთვნილ ტერიტორიაზე ოთხ ან ექვს ნათესავთან ერთად ბინადრობს. სხვა აფთრებთან შეხვედრისას ისიც ყნოსვით ეგებება მათ, ამ მომენტში მისი ფაფარი ყალყზე დგება. მენაპირე აფთრის მიერ გამოცემული ხმებია არ არის ისეთივე მრავალფეროვანი, როგორც ხალებიანი აფთრის.

დაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სახეობის აფთარი, გარკვეულწილად, მონადირეების მსხვერპლი გახდა, რითაც მათ არსებობას საფრთხე შეექმნა. აფთრებზე ნადირობას ხშირად სპორტული ინტერესი აქვს, თუმცა, უმეტესწილად აფთრებს ხოცავენ იმის გამო, რომ ისინი შინაური ცხოველებისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი ნელ-ნელა გააძევეს სამხრეთ აფრიკის უკიდურესი სამხრეთი ტერიტორიებიდან.

ხალებიანი აფთრების გუნდურმა ნადირობამ და საკვების განაწილების წესმა მათ გადარჩენის მეტი შანსი მისცა, ვიდრე დანარჩენ ორ სახეობას.

ზოგიერთ რეგიონში მენაპირე და ზოლებიან აფთრებს დიდი საფრთხე ემუქრებათ. ეს, ისევ და ისევ, ადამიანის მიერ დევნის შედეგია. მათი გადაშენების ერთ-ერთი იზეზია, აგრეთვე, მათი საცხოვრებელი ადგილის განადგურება, ან მათი ტერიტორიების დაკავება მეტად წარმატებული ხალებიანი აფთრების მიერ.

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფთრისებრნი (Hyaenidae), სამ გვარში გაერთიანებულია ოთხი სახეობა
    • ხალებიანი აფთარი (Crocuta crocuta)
      • სიგრძე: 120-160 სმ
      • კუდის სიგრძე: 25-35 სმ
      • სიმაღლე: 70-90 სმ
      • წონა: 50-88 კგ
      • სიცოცხლის ხანგრძლივობა: ბუნებაში 25 წელი, ტყვეობაში 40 წელამდე
    • ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena)
      • სიგრძე: 95-120 სმ
      • კუდის სიგრძე: 26-45 სმ
      • სიმაღლე: 60-85 სმ
      • წონა: 25-45 კგ
      • სიცოცხლის ხანგრძლივობა: ტყვეობაში 13 წელამდე
    • მენაპირე აფთარი (Hyaena brunnea)
      • სიგრძე: 100-135 სმ
      • კუდის სიგრძე: 18-25 სმ
      • სიმაღლე: 65-88 სმ
      • წონა: 37-50 კგ
      • სიცოცხლის ხანგრძლივობა: ბუნებაში 24 წელი, ტყვეობაში 13 წელამდე
    • მიწის მგელი (Proteles criastus)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]