ატრეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ატრეზია — ორგანიზმის ბუნებრივი ხვრელის (მაგალითად, საყლაპავის, გულის სარქველების, უკანა ტანის, საშოს) უქონლობა ან შეზრდა.

სამკარიანი სარქვლის ატრეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამკარიანი სარქვლის ატრეზია გულის თანდაყოლილი მანკების 1-3%-ს შეადგენს. მას ფალოს ტეტრადისა და მაგისტრალური არტერიის ტრანსპოზიციის შემდეგ მესამე ადგილი უკავია ლურჯ (ციანოზურ) მანკებს შორის. ამ მანკის დროს მარჯვენა წინაგულსა და პარკუჭს შორის კავშირი არ არის. დაავადებას ყოველთვის ახლავს თან წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ზრდა, მარჯვენის დაპატარავება და განუვითარებლობა. მთელი ვენური სისხლის მარჯვენა წინაგულიდან ხვრელის საშუალებით გადადის მარცხენა წინაგულში. როდესაც წინაგულთაშუა ძგიდის ხვრელი არც ისე დიდია, მარჯვენა წინაგულში წნევა იზრდება, რის გამოც ის იწელება და დიდდება. სისხლი გროვდება მარჯვენა წინაგულში და დიდ ვენებში, რომლებსაც სისხლი სხეულის სხვა ნაწილებიდანაც მოაქვთ. ვითარდება ვენური შეგუბება. მარჯვენა წინაგულში ვენური და არტერიული სისხლი ერთმანეთს ერევა. ორგანიზმში ვრცელდება ჟანგბადით არასათანადოდ გამდიდრებული სისხლი, ამიტომ ავადმყოფებს ედებათ მოლურჯო ფერი. გულის ტუმბოს ფუნქციას ერთი მარცხენა პარკუჭი ასრულებს. მანკის გამოვლინება ფილტვის არტერიაში წნევაზეა დამოკიდებული.

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დეფექტის მქონე ახალშობილებს კანზე სილურჯე დაჰკრავთ. ყვირილის, ტირილისა და წოვის დროს ციანოზი ძლიერდება. ასაკნთან ერთად სილურჯე იმატებს. მოსალოდნელია გონის დაკარგვა, რასაც თან სდევს ტუჩებისა და ყურის ნიჟარების გალურჯება. ავადმყოფს აქვს დოლის ჯოხის ან საათის მინის მსგავსი თითები. სისხლში იზრდება ერითროციტებისა და სხვა უჯრედების რაოდენობა. ავადმყოფები ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით. ფიზიკური დატვირთვისას ეწყებათ ქოშინი. თანდათანობით ყალიბდება გულის უკმარისობა. ქირურგიული ჩარევის გარეშე ბევრი ბავშვი სიცოცხლის პირველსავე წელს იღუპება, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთ ავადმყოფს 30 ან 60 წლამდეც კი მიუღწევია.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს ოპერაცია. თუ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ოპერაცია გადაიდოს 6-12 თვით. ოპერაციული მკურნალობის დროს სიკვდილიანობა შეადგენს 2-20%-ს. ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია მანკის ანატომიურ თავისებურებებზე.

საყლაპავის ატრეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Atrezja.jpg

საყლაპავის ატრეზია ფორმირდება ემბრიოგენეზის ადრეულ სტადიებზე. იგი ახალშობილებში განვითარების მძიმე მანკია. არსებობს ატრეზიის სხვადასხვა ფორმა. ხშირია ატრეზია საყლაპავის ბრმა ზედა სეგმენტისა და ქვედა სეგმენტის წარმოქმნით, რომელიც ტრაქეას ფისტულით უერთდება.[1]

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყლაპავის ატრეზიის სიმპტომები დაბადებისთანავე ვლინდება. ესენია:

  • ციანოზი;
  • აპნოე;
  • ქაფიანი გამონადენი პირიდან;

კვების მცდელობა მდგომარეობას აუარესებს, კერძოდ, მატულობს სუნთქვის უკმარისობის მოვლენები, რაც განპირობებულია რძის ასპირაციით. ბავშვი მოუსვენრადაა, მატულობს ციანოზი, ქოშინი, ფილტვებში ისმინება დიდი რაოდენობით სველი ხიხინი. როგორც წესი, ვითარდება პნევმონია, რისი მიზეზიცაა რძისა და ნერწყვის ასპილაცია და ტრაქეაში სასულე-საყლაპავის ფისტულიდან კუჭის შიგთავსის გადასროლა.

აღნიშნული სიმპტომების არსებობისას უნდა მოხდეს საყლაპავის ზონდირება. ატრეზიის დროს კათეტერი საყლაპავის ბრმა ბოლოს ებჯინება, ამის გამო შეყვანისას ჰაერი ხმაურით გამოდის ბავშვის ცხვირიდან და პირიდან.

ატრეზიის დონის დასადგენად ტარდება რეტნგენოლოგიური გამოკვლევა საკონტრასტო ნივთიერებების გარეშე.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საყლაპავის ატრეზიის მკურნალობა ქირურგიულია. ოპერაციისათვის მზადება იწყება ჯერ კიდევ სამშობიაროში: პირიდან ლორწოს ამოქაჩვა, დატენიანებული ჟანგბადის მიცემა, პირიდან კვების გამორიცხვა. ტარდება პოლისინდრომული თერაპია. ოპერაციული მკურნალობის მეთოდი ატრეზიის ფორმაზეა დამოკიდებული.

საშოს ატრეზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშოს ატრეზია საშოს კედლების ერთმანეთთან შეზრდას ჰქვია.[2] ეს პათოლოგია ხშირად თანდაყოლილია, მაგრამ შეიძლება განვითარდეს საშოს ტრამვის ან მასზე ოპერაციული ჩარევის გართულების შედეგად. ატრეზია შეიძლება იყოს სრული და ნაწილობრივი (საშოს ზედა, ქვედა ან შუა მესამედში).

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშოს ატრეზიის მთავარი კლინიკური გამოვლინება მენსტრუაციული ციკლის უქონლობა ან დარღვევაა. გოგონებს ხშირად მხოლოდ ამ ნიშნის მიხედვით უდგინდებათ თანდაყოლილი ატრეზია. მენსტრუაციული სისხლის შეგუბებას ატრეზიის ადგილის ზემოთ ჰემატოკოლპს და ჰემატომეტრს (სიტყვასიტყვით - „სისხლიანი საშო“ და „სისხლიანი საშვილოსნო“) უწოდებენ. ექიმ-გინეკოლოგს სპეციალური გამოკვლევის გარეშეც შეუძლია ჰემატოკოლპის დანახვა (ეს ატრეზიის დონეზეა დამოკიდებული). მაგალითად, ატრეზიის ქვედა მესამედში ლოკალიზაციისას ჰემატოკოლპი ტომარასავით გამოიბურცება საშვილოსნოს ყელში. ატრეზიის დროს მენსტრუაციის უქონლობის პარალელურად აღინიშნება საშოს ტკივილი ან ქავილი. ხანგრძლივად მიმდინარე ატრეზის დროს შესაძლებელია ტემპერატურის მატება და ქრონიკული ცხელების აღმოცენება.

საშოს ატრეზიის დროს აღინიშნება ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის პერიოდში. ტკივილის ინტენსივობა ატრეზიის დონეზეა დამოკიდებული.

ატრეზიის დროს ორსულობა და ბავშვის გაჩენა შეუძლებელია, მაშინაც კი, თუ ატრეზია ორსულობის ფონზე განვითარდა.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დაავადების მკურნალობა ქირურგიულია. რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაცია, მით უკეთესი იქნება შედეგი. ოპერაციისას ხდება საშოს პლასტიკა, რომლის მიზანი მისი გამტანობის აღდგენაა. ოპერაციის წინ უნდა ჩატარდეს საშოს რენტგენოგრაფიული ან ენდოსკოპიური გამოკვლევა ატრეზიის დონისა და ხანგრძლივობის დასადგენად. გარდა ამისა, ექოსკოპიურად უნდა იქნეს გამოკვლეული მცირე მენჯის ღრუს ორგანოები, რათა დადგინდეს მათი მდებარეობა ატრეზიის ადგილის მიმართ (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატრეზიის ზემოთა მდებარეობისას) და თავიდან იქნეს აცილებული ოპერაციის დროს შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის კედლის ან საშვილოსნოს შემთხვევითი დაზიანება.

ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე აღინიშნება საშოდან სისხლიანი გამონადენი და ტკივილი. როდესაც გამონადენი გაქრება (ოპერაციიდან 4-5 დღის შემდეგ), ტარდება გინეკოლოგიური გამოკვლევა, რათა შემოწმდეს, ხელახლა ხომ არ შეეწება ერთმანეთს საშოს კედლები. ასეთი შემოწმება ოპერაციის შემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში რამდენიმეჯერ ტარდება. ავადმყოფი შინ 10-14 დღეში ეწერება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი I, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.143-145

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dugdale, David. Esophageal atresia. PubMed Health. წაკითხვის თარიღი: 11 September 2012.
  2. Vaginal Atresia :: Nationwide Children's Hospital en. წაკითხვის თარიღი: 2017-11-07