შინაარსზე გადასვლა

ასტრონომიული ობსერვატორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასტრონომიული ობსერვატორია — სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის დანიშნულებაა ციური სხეულებისა და მოვლენების აგრეთვე ხელოვნური კოსმოსური ობიექტების მრავალნაირი სისტემით დამზერა, დამზერითი მასალის შეგროვება-დაცვა, სათანადო დამუშავება და მისი ანალიზის საფუძველზე ასტრონომიული კვლევა.

ასტრონომიული ობსერვატორია აღჭურვილია სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების ტელესკოპებით, ასტროგრაფებით და სხვა დასამზერი იარაღით აგრეთვეე ასტროფოტოგრაფიული მასალის დასამუშავებელი ხელსაწყოებით: კოორდინატთმზომით, მიკროფოტომეტრული, სპექტრული, სათვლელი და სხვა აპარატებით. ასტრონომიული ობსერვატორიას ეკუთვნის ფოტოგრაფიული, სპექტრული, დროის სამსახურის, რადიოელექტრონიკისა და სხვა ლაბორატორიები, ოპტიკური და მექანიკური სახელოსნოები, გამოთვლითი ბიურო, ასტრონეგატივებზის საცავი, ბიბლიოთეკა.

ტელესკოპები მოთავსებულია მბრუნავი სფერული გუმბათებით გადახურულ განცალკევებულ მრგვალ კოშკებში ან მოძრავი სახურავებით გადახურულ პავილიონებში. გუმბათებზე გამართულია საგდულები, რომელთაც მაშინ აღებენ, როცა ცას აკვირდებიან ეს თავისებურ სახეს აძლევს ობსერვატორიის არქირექტურას. ბოლო დროს გახშირდა სპეციალიზებული ასტროფიზიკური, სამზეო, საგანედო და სხვა ასტრონომიული ობსერვატორია. ამასთანავე, ბევრგან დაიდგა რადიოტელესკოპები, ზოგან მოეწყო საკუთრივ რადიოასტრონომიული ობსერვატორია. ბევრი ობსერვატორია მრავალპროფილიანია, მაგრამ სამეცნიერო თემატიკით, აღჭურვილობით, გამოყენებული მეთოდებით მათ ყოველთვის ინდივიდუალური მიმართულება აქვთ. თანამედროვე ასტრონომიული ობსერვატორიიდან უძველესია პარიზის (1667) გრინვიჩის (ინგლისი, 1675), პულკოვოს (სანკტ-პეტერბურგის მახლობლად, 1839) ობსერვატორიები. ჩვენს დროში ასტრონომიული ობსერვატორიებს აგებენ ქალაქგარეთ ელექტრული განათების, მტვრისა და ქარხნის ბოლისაგან მოშორებით. ხშირად მაღალ მთებში, სადაც ჰაერი განსაკუთრებით გამჭვირვალეა და ატმოსფერული ტურბულენტური მოძრაობა მცირე — ამ პირობების დაცვა აუცილებელია ასტრონომიულ დამზერათა თანამედროვე ფიზიკური მეთოდების გამოყენებისას. ამ მოთხოვნათა გათვალისწინებით მოეწყო ასტრონომიული ობსერვატორია აბასთუმანში, ალმა-ათაში, ყირიმში და სხვაგან.

ყველაზე ცნობილია პულკოვოს ასტრონომიული ობსერვატორია, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია (1932), ბიურაკანის ასტროფიზიკური ობსერვატორია (1948), ყირიმის ასტროფიზიკური ობსერვატორია (1950). კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, (ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში) 2000 მ სიმაღლეზე აშენდა სპეციალური ასტროფიზიკური ობსერვატორია, სადაც დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი რეფლექტორი 6-მეტრიანი სარკით. დასამზერი ტელესკოპების სიმძლავრით ან კარგი კლიმატური პირობებით ყველაზე ცნობილია აშშ-ს მაუნტ-უილსონის ობსერვატორია, მაუნტ-პალომარის ობსერვატორია, ჰამილტონის ობსერვატორია, ლიკის ობსერვატორია და კიტ-პიკის ობერვატორია, გერმანიაში პოტსდამის ობსერვატორია, საფრანგეთში პიკ-დიუმიდის ობსერვატორია, ავსტრალიაში — მაუნტ-სტრომლოს ობსერვატორია და სხვები. მძლავრი ტელესკოპებით აღიჭურვა ჩეხოსლოვაკიაში ონდრჟეიოვის ასტრონომიული ინსტიტუტი და გერმანიაში ახლად მოწყობილი ტაუტენბურგის ობსერვატორია. დღეს ობსერვატორიები მოწყობილია კოსმოსურ ხომალდებზეც.

ჩვ. წ.-მდე დაახლოებით 3000 წ. გაჩნდა ასტრონომიული დაკვირვებათა პირველი ჩანაწერი ჩინეთში, ეგვიპტეში და ბაბილონში.

ჩვ. წ.-მდე IV ს. ჩინელმა ასტრონომმა ში შენმა შექმნა 800 ვარსკვლავის პირველი კატალოგი (ერთგვაროვანი საგნების გარკვეული წესით შედგენილი სია).

ასტრონომიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ასტრონომიის შესახებ.