იოსებ ასლანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასლანიშვილი, იოსებ)
Jump to navigation Jump to search

იოსებ ანტონის ძე ასლანიშვილი (დ. 27 იანვარი, 1891, ქუთაისი ― გ. 11 ნოემბერი, 1955, თბილისი) ― ქართველი ექიმი-ენდოკრინოლოგი, მთამსვლელი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს დამსახურებული ექიმი (1946), მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1936), დოცენტი (1941). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1946), ენდემური ჩიყვის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთამსვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, მთა რაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია თბილისში (1932) და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. 1923 წელს მონაწილეობდა ალ.დიდებულიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში მყინვარწვერზე, რომელმაც გიორგი ნიკოლაძის ექსპედიციასთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართული ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936), საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გამგეობის წევრი, იყო ჟურნალების „შევარდენი“ (1920, 1922), „თეატრი და მუსიკა“ (1919), „ხელოვნება“ (1919–1921), „თანამედროვე მედიცინა“ (1924–1933) და სხვების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე. ტრაგიკულად გარდაიცვალა 1955 წელს, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია გ., ჯავრიშვილი კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 636-637, თბ., 1975 წელი.