ასალის ქსოვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასალის ქსოვილი — ცხენის ზურგსა და გავაზე გადასაფარებელი ხალიჩურად ნაქსოვი ანდა აპლიკაციებით გაწყობილი ქსოვილი. ყოფაში გაიგივებული იყო ყაჯართანაც, რომელსაც მხოლოდ უნაგირზე გადასაფარებლად ხმარობდნენ. ლიტერატურაში ასალის მნიშვნელობით გვხვდება „ორთუქი“ (ცხენის გავაზე გადასაფერებელი) და „შატროვანი“. ფეოდალურ საქართველოში გავრცელებული იყო ოქრომკერდით ნაქარგი და ოქროს ან ვერცხლის კილიტებით, კოპლებით, ბურთულებით, ზოგჯერ კი ძვირფასი თვლებით შემკული ასალი.

გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ასეთი მდიდრული ნახელავი ასალები ქართული ოქრომკერდის ნაქარგობის სხვა ნიმუშებთან ერთად თურქეთსა და ირანში გაჰქონდათ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემონახულია ნაქსოვი ასალი, რომელსაც საპატარძლოები უქსოვდნენ საქმროს ნათესავ მამაკაცებს. ქართული, კავკასიური, ნაწილობრივ აღმოსავლური ასალის საინტერესო კოლექციებია დაცული სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო და სხვა მუზეუმების ფონდებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]