არედელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არედელიჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ბნელი ელფის, ეოლის ცოლი და მაეგლინის დედა. იგი დაიბადა უკვდავ მიწებზე, ხეების ეპოქის 1362 წელს. ასევე იყო ფინგოლფინისა და ანაირეს ასული. ჰყავდა ორი ძმა - ფინგონი და ტურგონი. ჰქონდა ნათელი ფერის კანი და ბნელი თმა, ატარებდა ვერცხლისა და თეთრი ფერის სამოსს. მას უწოდებდნენ არ-ფეინიელს, ნოლდორთა თეთრ დედოფალს. იყო მაღალი, ძლიერი და უშიშარი, უყვარდა ნადირობა და მოგზაურობა. ხშირად დაჰყვებოდა ფეანორის ვაჟებს, მაგრამ არც ერთი არ შეჰყვარებია.

1495 წელს ნოლდორთა დიდი ნაკადი გაემართა შუახმელეთისკენ, რათა მორგოთის მიერ მიტაცებული სილმარილები დაებრუნებინა. არედელი მიჰყვებოდა მამასა და ძმებს, მაგრამ მათი დედა შინ დარჩა. მას შემდეგ, რაც ნოლდორთა გადასაყვანად საკმარისი გემი არ მოიძებნა, ფინგოლფინის ოჯახი და სხვები ფეანორმა ნაპირზე დატოვა - მისივე თქმით, იმიტომ, რომ მათ არაერთგულ ხალხად თვლიდა. ფინგოლფინის მიმდევრები გადავიდნენ ყინულებზე და შუახმელეთში პირველ ეპოქაში შევიდნენ.

არედელი ძმა ტურგონთან ერთად ვინიამარის დარბაზებში, ნევრასტის ნაპირებთან დასახლდა. 53 წელს ტურგონმა იპოვა ტუმლადენის დამალული ველი და დაიწყო გონდოლინის, დამალული სამეფოს მშენებლობა, რომელიც დასრულებული იქნა 116 წელს. მოგვიანებით არედელი სწორედ აქ გადასახლდა.

მაგრამ 316 წელს, 200 წლის შემდეგ, არედელმა იგრძნო, რომ მთების გარემოცვაში აღარ შეეძლო ყოფნა, მას სურდა თავისუფლად გარე მიწებზე მოძრაობა. ტურგონი დათანხმდა მის ჰითლუმში, ძმა ფინგონთან სტუმრად გაშვებაზე და სამი ესკორტიც გააყოლა.

თუმცა არედელს სხვა გეგმები ჰქონდა. ბრითიახის ფონთან მან განაცხადა, რომ გადაწყვიტა აღმოსავლეთ ბელერიანდში გადასვლა და ფეანორის შვილების მონახულება. ამის გამო ესკორტიც უხალისოდ მიჰყვებოდა. დორიათის ჭაობთა მცველებმა ის არ გაატარეს, ვინაიდან მეფე თინგოლი არ ენდობოდა ნოლდორებს, განსაკუთრებით ფეანორის ძმების შვილებს.

ამრიგად, არედელი გაემართა აღმოსავლეთით, ნან დუნგორთების საშიში ველის გავლით, რომელიც დასახლებული იყო დიდი ობობებით. ესკორტი მას ჩამორჩა - მისი წევრები დაბრუნდნენ გონდოლინში და განაცხადეს, რომ არედელი დაიღუპა. ის კი სინამდვილეში ეულად, ჰიმლადით მოძრაობდა, სადაც შეხვდნენ სახლიდან შორს წასულები კელეგორმი და კურუფინი. მათ ხალხმა არედელი თბილად მიიღო და ისიც სიამოვნებით დარჩა მათ შორის.

მაგრამ გავიდა დრო და არედელი კვლავ მოუსვენრად იყო. იგი გადავიდა სამხრეთით, კელონში, ნან ელმოთის ბნელ ტყეში. ეოლმა, ბნელმა ელფმა, სწორედ იქ იხილა არედელი და ისურვა მასთან ყოფნა. თავისი ბნელი ხელოვნება მან გამოიყენა არედელის თავისთან მისაზიდად.

არედელი ნან ელმოთში დარჩა და ეოლთან იქორწინა. მიუხედავად იმისა, რომ ეოლი მას სრულად არ ზღუდავდა, იგი არც ბედნიერად გრძნობდა თავს. ბნელში ეოლთან ერთად ყველგან მოგზაურობდა, მაგრამ დღის სინათლეზე გასვლა ეკრძალებოდა. მან აგრეთვე აუკრძალა არედელს ფეანორის შვილებთან ან სხვა ნოლდორებთან ურთიერთობა, რომლებსაც აბრალებდა მორგოთის დაბრუნებას და შემდგომ ომებს.

320 წელს არედელს ეყოლა შვილი, რომელსაც ფარულად ლომიონი, ბინდის ძე უწოდა. ფარულად მან ეს სახელი იმიტომ შეარჩია, რომ იგი ქუენიურად ჟღერდა, ეოლი კი მას ამ ენის გამოყენებას უკრძალავდა. როდესაც ბიჭუნა 12 წლის გახდა, ეოლმა მას მაეგლინი შეარქვა (ელფთა ტრადიციის მიხედვით, მამა კიდევ ერთ სახელს ირჩევდა). ეოლმა, რომელიც თავად მჭედლობის დიდი ოსტატი იყო, შვილს თავისი ცოდნა გადასცა. არედელი შინ რჩებოდა, ხოლო ეოლი და მაეგლინი ხშირად მოგზაურობდნენ ჯუჯების ქალაქებში - ბელეგოსტსა და ნოგროდში, ვინაიდან ჯუჯებიც დიდი ხელოსნები იყვნენ.

თუმცა, მაეგლინი ასევე დიდი ინტერესით უსმენდა დედის ისტორიებს მათი ხალხის წარსულის შესახებ. იგი განსაკუთრებით დაინტერესდა იმით, რომ მის ბიძა ტურგონს არ ჰყავდა მემკვიდრე მამაკაცი. ამავე დროს არედელიც გონდოლინზე ფიქრობდა და ენატრებოდა ეს მხარე. მაეგლინმა დაარწმუნა დედა, რომ ღირდა ნან ელმოთიდან გაპარვა.

400 წლის ზაფხულის შუა დღეს, როდესაც ეოლი ნოგროდში ჯუჯებთან ერთად ღრეობაზე იმყოფებოდა, არედელმა და მაეგლინმა გადალახეს ნან დუნგორთები და მიადგნენ გონდოლინის ფარულ ბილიკს. ტურგონს გაუხარდა დის კვლავ ხილვა და თბილად მიიღო მისი ვაჟიც. მაგრამ ეოლი მათ კვალს დაადგა და გონდოლინის გზაც მოძებნა. არედელის თხოვნით ეოლი არ მოკლეს და ტურგონს მიჰგვარეს.

ტურგონის ბრძანებით ნებისმიერი, ვინც გონდოლინის გზას იპოვნიდა, სამუდამოდ უნდა დარჩენილიყო იქ. ეოლმა უარი თქვა ამაზე, თუმცა მეორე გზა იყო სიკვდილი. მაშინ მას უბრძანეს წასვლა და შვილის წაყვანაც. მან ზურგი შეაქცია ყველას, მაგრამ გასვლისას მაეგლინს შუბი ესროლა. არედელი მათ შორის დადგა და შუბი მას მოხვდა. მან სთხოვა ტურგონს ეოლის პატიება, მაგრამ ჭრილობა შხამიანი იყო და ღამით არედელი აღესრულა. ეოლის სიცოცხლე აღასრულეს სასიკვდილო განაჩენით მეორე დღეს. მაეგლინი დარჩა გონდოლინში, მაგრამ მოგვიანებით სწორედ მან ამცნო მორგოთს ქალაქის ადგილსამყოფელი - რასაც გონდოლინის დანგრევა მოჰყვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]