შინაარსზე გადასვლა

ალექსი არაქჩეევი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არაქჩეევი, ალექსი)
ალექსი არაქჩეევი

ალექსი ანდრის ძე არაქჩეევი (რუს. Алексей Андреевич Аракчеев, მეცნ. Aleksej Andreevič Arakčeev) (დ. 4 ოქტომბერი [ ძვ. სტ. 23 სექტემბერი], 1769, ნოვგოროდის გუბერნია ― გ. 3 მაისი [ ძვ. სტ. 21 აპრილი], 1834, სოფ. გრუზინო, ნოვგოროდის გუბერნია), რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, არტილერიის გენერალი, პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის მედროვე კარისკაცი, რომლის სახელთან დაკავშირებულია სახელმწიფო მმართველობაში რეაქციული პოლიციის და სამხედრო სისტემის (ე. წ. არაქჩეევშინა) დამყარება.

დაიბადა ხელმოკლე მემამულის ოჯახში. დაწინაურდა პავლეს გამეფების შემდეგ. 1796 წელს დანიშნეს პეტერბურგის კომენდანტად. ხელმძღვანელობდა რეაქციული რეფორმების გატარებას არმიაში. მიუხედავად უდიდესი გავლენისა, პავლე I-მა ორჯერ შერისხა (1798, 1799–1801) და ბოლოს დედაქალაქში ცხოვრებაც აუკრძალა. ალექსანდრე I-ის გამეფების შემდეგ არაქჩეევი კვლავ დაწინაურდა. 1808-1810 სამხედრო მინისტრი იყო, 1810 წლიდან სახელმწიფო საბჭოს სამხედრო დეპარტამენტის თავმჯდომარე. 1815-იდან ფაქტობრივად ხელთ იგდო სახელმწიფო საბჭოს, მინისტრთა კომიტეტისა და იმპერატორის პირადი კანცელარიის ხელმძღვანელობა.

1817 წლიდან სამხედრო დაბების მოწყობა და უფროსობა დაევალა. არაქჩეევმა თანამედროვეთა საერთო სიძულვილი დაიმსახურა. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ არაქჩეევმა გავლენა დაკარგა, მაგრამ ნიკოლოზ I მის მეთოდებს მაინც ფართოდ იყენებდა საშინაო პოლიტიკაში.

  • სურგულაძე ა., რუსეთი XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1963;
  • История СССР. С древнейших времён до наших дней, т. 4, М., 1967, с. 168-173;