ანტალკიდას ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტალკიდას ზავი, ს ა მ ე ფ ო ზ ა ვ ი — დაიდო ძვ. წ. 387 ან 386 წელს სპარსეთის ქალაქ სარდში კორინთის ომის შემდეგ, რომელიც ძვ. წ. 395–387 წლებში მიმდინარეობდა სპარტასა და ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა კოალიციას (ათენი, თებე, კორინთი, არგოსი...) შორის. სპარსეთის ზეგავლენით მოკავშირეები იძულებულნი გახდნენ სპარტელი მხედართმთავრისა და დიპლომატის ანტალკიდას პირობები მიეღოთ. ზავის პირობების შესრულებისათვის თვალყურის დევნება დაევალა სპარტას, რამაც საგრძნობლად გააძლიერა მისი ჰეგემონია საბერძნეთში. ამ ზავით ბერძნები ფაქტობრივად კარგავდნენ ყველა მონაპოვარს, რაც ბერძენ-სპარსელთა ომით მოიპოვეს. მცირე აზიისა და კვიპროსის ბერძნული ქალაქები კვლავ სპარსეთს დაემორჩილნენ. დანარჩენებმა დამოუკიდებლობა მიიღეს, თუმცა კავშირებში გაერთიანება მაინც ეკრძალებოდათ. არსებობა შეინარჩუნა მხოლოდ პელოპონესის კავშირმა. სპარსეთის ფლოტს გზა გაეხსნა ეგეოსის ზღვაში, რაც ათენის საზღვაო ძლიერებას ემუქრებოდა. ანტალკიდას ზავი საბერძნეთის დაქუცმაცებულობის აღიარებას ნიშნავდა. ანტალკიდას ზავის ტექსტს გვამცნობს ქსენოფონტი „საბერძნეთის ისტორიაში“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 474.
  • წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბ., 1966