ანისულის ხე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანისულის ხე, სამკურნალო სასაფრასი (Sassafras officinale), მერქნიანი მცენარე დაფნისებრთა ოჯახისა. 12-15, იშვიათად 24-27 მ სიმაღლის ხე, ზოგჯერ ბუჩქი. მორიგეობით განლაგებული ფოთლები წაგრძელებული ან უკუკვერცხისებრი აქვს, ყვავილი - მოყვითალო-მწვანე, ნაყოფი - კენკრა. მისი სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა. ფოთოლმცვივანია. ხის გამძლე და სურნელოვანი მერქნისაგან ამზადებენ ავეჯს, ნავებს, რკინიგზის შპალებს, ბოძებს, კასრებსა და სხვა. მერქნისაგან მიიღება შარდსადენი საშუალებაც, ხოლო ფესვები შეიცავს 9%-მდე ეთეროვან ზეთსა და 58%-მდე მთრიმლავ ნივთიერებას, რომლებსაც მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ. ანისულის ხე დეკორატიული მცენარეა, გაშენებულია სოხუმის ბაღებში, თუმცა ზამთარგამძლეობის გამო შესაძლებელია მისი კულტივირება საქართველოს სხვა რაიონებშიც. ზოგჯერ მარადმწვანე ბადიანსაც ანისულის ხეს უწოდებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 1, გვ. 466, თბ., 1975