ანეტა გიგიბედაშვილი-კაპანაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანეტა გიგიბედაშვილი-კაპანაძე (დ. 1880, სოფელ ზემო ხანდაკი — გ. 1945) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანეტამ სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გორის პროგიმნაზიაში განაგრძო. თუმცა სამწუხაროდ მართლაც, რომ მძიმე ოჯახური პირობების გამო, მისი დასრულება ვერ შესძლო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, იძულებული შეიქმნა, თექვსმეტი წლის ასაკში, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში პეტრე გრუზინსკის მოურავ იოსებ კაპანაძეზე გათხოვილიყო.

თავისი მოღვაწეობის პერიოდში ანეტა კაპანაძე აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან („ნაკადული“, „თანამედროვე აზრი“, „თემი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ბრძოლა“, „კლდე“ და სხვ.). მან ჯერ კიდევ 1902 წელს ლექსების პირველი წიგნი გამოსცა. აქტიურად იღებდა მონაწილეობას 1905 წლის რევოლუციაში. მენშევიკურმა მთავრობამ იგი რამდენჯერმეც კი დააპატიმრა. ანეტა ქალთა უფლებების დამცველი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. სწორედ მისი ინიციატივით, სოფელ ახალქალაქში დაარსდა სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა, ასევე სახალხო თეატრი. იგი ხშირად თეატრალურ წარმოდგენებში თავადაც მონაწილეობდა. 1911 წელს ანეტა კაპანაძე საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრად დაუსწრებლად აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოებისათვის ის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ნივთებს აგროვებდა. ასევე ფოლკლორისტულ საკითხებზეც მუშაობდა. ანეტა აქტიურად იწერდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს სოფელ-სოფელ აგროვებდა და შემდეგ ჟურნალ-გაზეთებში ბეჭდავდა. 1921 წელს იგი საქართველოს უპარტიო ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად აირჩიეს.

„რუსეთის იმპერიაში ამ ცხრა-ათი წლის წინათ ქალი, ქალის ვექილათ რომ წარსდგა მსაჯულთა წინ, სასამართლო დაჰხურეს, ქალს დამცველობის უფლება არა აქვს-ო; კავკასიაში ერთ პოეტის იუბილეზე განურჩევლათ ეროვნებისა გლეხების მიერ გამოგზავნილ ქალს მისივე ერის ინტელიგენტი კაცები უკრძალავდნენ იუბილიართან მისვლას, ქალის საპატიო პირად ამორჩევა მამა კაცების შეურაცყობათ მიიღეს. რკინის გზებზე უარჰყოფდნენ ქალების სამსახურს, ქალს ცუღლუტობა არშიყობის მეტი რა ძალუძსო... რასაკვირველია ეს გონიერების დამამხობელი სიბეცე წარსულ ისტორიას ეკუთვნის, მაგრამ დღესაც ნაკლებ სულის კვეთებას არ განიცდის ქალი, როდესაც ცხოვრების ღერძის ბრუნვა ძირ-ფესვიანათ გადატრიალდა; დამონავებული ძლიერს ამოუყენა მხარში, გლეხი თავადს გაუთანასწორა... აი რა ფრიად მწუხარებით აღსანიშნავია მასთან განსაცვიფრებელი, რომ ახალმა სიოს ძალუმმა ქროლვამ ჯერ ვერ წარიტაცა მამაკაცის ძარღვებში გამჯდარი დედაკაცისადმი მონობის შთაბეჭდილება. მაგრამ დრო გაივლის, გონზე მოსული მამაკაცი ქალის პიროვნების წინ მოიხრის ქედს. მაშინ ახალი ადამიანი, ახალ ცხოვრებას, ახალ მრავალჟამიერს უგალობებს და ჟამსა დასასრულ სიცოცხლისას, ნეტარების ღიმილით განისვენებს ახალ სამარის ნათლოვან ჯურღმულთა შინა“. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ანეტა კაპანაძისა. „როგორ სდევნიდნენ წინათ ქალს და როგორ სდევნიან დღესაც“. გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ #9, 8 ივნისი, 1917 .