ალი მანსური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი მანსური
ალი მანსური
სპარს. علی منصور
ირანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივნისი 1940  – 27 აგვისტო 1941
წინამორბედიაჰმად მათინ დაფთარი
მემკვიდრეჰაჯ ალი რაზმარა

დაბადებული1895
თეირანი, ირანი
გარდაცვლილი8 დეკემბერი 1974 ( 87 ან 88 წლის)
თეირანი, ირანი
პოლიტიკური პარტიააღორძინება
შვილებიჰასან ალი მანსური

ალი მანსური (სპარს. علی منصور‎ დ. 1895, თეირანი, ირანი — გ. 8 დეკემბერი, 1974, თეირანი, ირანი) — ირანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. ორჯერ ეკავა ირანის პრემიერ-მინისტრის პოსტი შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის დროს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი მანსური დაიბადა 1895 წელს ირანის ქალაქ თეირანში გავლენიან ოჯახში. 1916 წელს იგი დაინიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერ მინისტრ ვოსუღ ოდ-დოვლას კაბინეტში სულთან აჰმედ შაჰ ყაჯარის მმართველობის დროს, შემდეგ კი მუშაობდა ირანის აზერბაიჯანის გუბერნატორად.

შაჰ რეზა ფეჰლევის დროს პრემიერ-მინისტრ მაჰმუდ ჯემის კაბინეტში ეკავა საზოგადოებრივი სამსახურის მინისტრის თანამდებობა. 1936 წელს ალი მანსური დაადანაშაულეს ფინანსურ თაღლითობაში ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს. პარლამენტმა ალი მანსურს იმუნიტეტი მოუხსნა და გამოძიება დაიწყო, რის შედეგადაც ის უდანაშაულოდ ცნეს. მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია  და განაგრძო მუშაობა საჯარო სამსახურში მრეწველობის მინისტრად. 1940 წლის ივნისში ალი მანსურმა დაიკავა  პრემიერ-მინისტრის პოსტი. 1941 წლის 25 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის და საბჭოთა კავშირის ჯარებმა დაიკავეს ირანი. ალი მანსური იძულებული გახდა გადამდგარიყო. რეზა ფეჰლევი ეჭვობდა, რომ მანსური ფარულად თანამშრომლობდა  ბრიტანელებთან.[2][3]

ერთი წლის შემდეგ ალი მანსურმა მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, რამაც ირანში კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები ამ ქვეყანასთან მის კავშირზე.

1942 წლის თებერვალში ალი მანსური გახდა ხორასანის გუბერნატორი. ირანი ეკონომიკური გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრი მოჰამედ საედი დაუკავშირდა აშშ-ს ელჩს და სთხოვა ფინანსური მხარდაჭერა ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე გზებისა და აეროპორტების მშენებლობისთვის. 1949 წლის 27 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ალამ კიდევ ერთხელ მიმართა აშშ-ს მთავრობას ფინანსური დახმარებისთვის. საუბარი იყო 500 მილიონი დოლარის სესხზე, მაგრამ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა. 1950 წლის 26 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ალამ კიდევ ერთხელ სცადა ამერიკის შეერთებული შტატებისგან სესხის აღება, მაგრამ კვლავ უარი მიიღო. 1950 წლის მარტში მოჰამედ საედი გადადგა და ალი მანსური კვლავ პრემიერ მინისტრი  გახდა.

1950 წლის 23 მარტს ალი მანსური მეორედ გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ბრიტანეთის იმპერიასთან კარგი პოლიტიკური კავშირების წყალობით მას სჯეროდა, რომ ამ ქვეყნიდან შეძლებდა ირანისთვის ეკონომიკური დახმარების მიღებას. თუმცა ბრიტანელები ალი მანსურს აღარ თვლიდნენ თავიანთ მოკავშირედ და უარს ამბობდნენ ირანის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებაზე.  1950 წლის 26 ივნისს მანსური  პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჰაჯ ალი რაზმარამ შეცვალა. კარიერის ბოლო წლებში ალი მანსური მუშაობდა ირანის ელჩად ვატიკანსა და თურქეთში. ის იყო დაქორწინებული და ჰყავდა ვაჟი, ჰასან ალი მანსური, რომელიც ასევე გახდა ირანის პრემიერ მინისტრი 1963 წელს (1965 წლამდე). [4]

ალი მანსური გარდაიცვალა თეირანში 1974 წლის 8 დეკემბერს.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Abbas Milani: Eminent Persians. Syracuse University Press, 2008, S. 230
  2. Kristen Blake: The U.S.-Soviet confrontation in Iran, 1945—1962. University Press of America, 2009, S. 52.
  3. Kristen Blake: The U.S.-Soviet confrontation in Iran, 1945—1962. University Press of America, 2009, S. 53.
  4. Abbas Milani: Eminent Persians. Syracuse University Press, 2008, S. 231.
  5. "Ali Khan Mansour, Ex-Premier of Iran". The New York Times. 9 December 1974. ISSN 0362-4331. Retrieved 4 August 2020.